Accessibility links

წითელუბანში გუშინ მწყემსების დაკავების შემდეგ ეს სოფელი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. რუსეთის მესაზღვრეებმა გივი ქისიევი და კახა ბეღელური იმ დროს დააკავეს, როცა საქონელს წითელუბნის მინდვრებში აძოვებდნენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათ "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენა. დაკავებულთა ნათესავები და თანასოფლელები კი აცხადებენ, რომ ქისიევსა და ბეღელურს სოფლის ტერიტორია არ დაუტოვებიათ. წითელუბნელების განცხადებით, საქონელს ყოველთვის ამ მინდვრებში აძოვებდნენ და გაუგებარია, როდის გახდა ეს ტერიტორია ოკუპირებული.

3 თვის წინ სოფლის სიღრმეში რუსეთის მესაზღვრეებმა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები დადგეს, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების პროტესტი მოჰყვა. წითელუბანთან ახლოს რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯა და გადააგდო, მოგვიანებით კი დე,ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ბანერი ისევ დააბრუნეს. მავთულხლართები არ გაუბამთ, ამიტომ სოფლის მოსახლეობამ დღემდე არ იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი. მას შემდეგ წითელუბნიდან ადამიანების დაკავების ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მცხოვრებლებმა დაკარგეს სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები. წითელუბნელი დარეჯან მახარაძე ამბობს, რომ სოფელი შიშის ქვეშ ცხოვრობს.

3 თვის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში ჩადიოდნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოციალური პროექტების განხორციელებას ჰპირდებოდნენ, თუმცა ამის შემდეგ წითელუბანი აღარავის გახსენებია. ავდრის შემთხვევაში სოფლის ატალახებული გზები, ფაქტობრივად, გაუვალია. ერთადერთი, რაც დასრულდა, ეს სოფლის გაზიფიცირებაა.

წითელუბნელები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, სამართალდამცავებს კი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ადამიანთა გახშირებული დაკავებები სოფელს პანიკაში აგდებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG