Accessibility links

logo-print

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში: დაიტბორა ქუჩების ნაწილი ზუგდიდში, ფოთსა და ხობში; დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგია ამ დრომდე 3 500 აბონენტს არ მიეწოდება. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ იუწყება, რომ ეს 12:00 საათის მონაცემია და დენის მიწოდებას დღის განმავლობაში თანდათნ აღადგენენ. განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, სადაც ათამდე ადგილობრივ ოჯახს დაეტბორა სახლი, ეზო და ყანები. ჭალადიდის საჭოჭუოს უბნის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყლის ნაკადმა მათი შინაური ცხოველები დაახრჩო და მოსავალი გაანადგურა:

„თითქმის 80 სანტიმეტრი წყალი იყო, თითქმის საერთოდ გააფუჭა სავარგულები, ბაღჩა იყო თუ რამე იყო, ყველაფერი აბსოლუტურად გაფუჭებულია, განადგურებულია“.

„სახლებშიც არის შესული, ყანაში. ზოგს ცხოველები დაუხრჩო. მე პირადად არა, მაგრამ არიან ისეთებიც, სახლებშიც შევიდა წყალი“, - გვითხრა ზოია თევზაძემ და ამირან ბოხაშვილმა. მათ და სტიქიით დაზარალებულ დანარჩენ მოქალაქეებს დღესხობის გამგებელი გაესაუბრა. გოჩა ქაჯაიამ სტიქიის ზონა შესაბამის სამსახურებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა:

წყალდიდობა ჭალადიდში

წყალდიდობა ჭალადიდში

„გაკეთდა შვიდი სატუმბი სადგური. მიუხედავად ამისა, არხები არ არის ამოწმენდილი. მელიორაციიდან გვაქვს დაპირება, რომ ეს არხები ამოიწმინდება, აქ გაგრძელდება მელიორაციული სამუშაოები, რომელიც უკვე მიმდინარეობს ხობის რაიონში“.

ხობის მსგავსად, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სასწრაფო წესით გეგმავენ ქალაქ ფოთში, სადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქალაქ ფოთის მერის მოადგილის ნიკოლოზ გრიგოლიას თქმით, ფოთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სანიაღვრე არხებისადა სატუმბი სადგურების მოწყობას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელსაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა:

„სანიაღვრე არხების მოწყობა დაწყებულია და ის მომავალ წელსაც გაგრძელდება. მიმდინარე წელს დაპროექტდა ერთი ახალი სატუმბი სადგური, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2016 წელს დასრულდება“, - განაცხადა ფოთის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ.

წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ზუგდიდში დევნილთა ახალჩასახლებასაც შეუქმნა პრობლემები. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე 9 ახლად აშენებული კორპუსიდან რამდენიმეს წვიმის წყალი ჩაუვიდა და ბოლო, მეოთხე სართულის მცხოვრებთა ოთახებში ჭერი დააზიანა. კორპუსის მობინადრე ელგუჯა კვარაცხელიასა და მზევინარ არქანიას თქმით, მშენებლობისას დაშვებული ხარვეზები ოთხი თვის წინ, აქ გადმოსვლის დღესვე, შენიშნეს, შეატყობინეს ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა:

„ყოველი წვიმის დროს ტაშტებით დავრბივართ ოთახებში და ზევით, სხვენზე. როგორც ამ ოთახშია, ისეა ყველგან სხვენზე ეს ტაშტები დადგმული. ჩვენ გვინდა, რომ მოვიდეს კომისია და ნახოს, აქ რა ხდება, მაგრამ მოვიდეს მაშინ, როცა ეს სველია და არა მაშინ, როცა ეს გაშრება“.

„საშინელი მდგომარეობაა, კედლები სველია, იატაკი აყრილი და იქნებ რამეფრად გვიშველონ“.

კომპანია „დაგი“ არ არის ვალდებული სხვისი გაფუჭებული შეაკეთოს, მაგრამ იღებს ვალდებულებას, რომ ერთი წლის ვადაში ეს გააკეთოს. ყველა ხარვეზი იქნება აღმოფხვრილი...

დასახლებაში არსებული პრობლემების შესწავლა უკვე დაიწყო კომპანია „დაგიმ“. სწორედ ის ახორციელებდა ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, სამშენებლო სამუშაოებს:

„სახურავებზე იმდენი ანტენებია დამონტაჟებული და ხალხია ნასიარულები, რომ იქ არის დაზიანებები. კომპანია „დაგი“ არ არის ვალდებული სხვისი გაფუჭებული შეაკეთოს, მაგრამ იღებს ვალდებულებას, რომ ერთი წლის ვადაში ეს გააკეთოს. ყველა ხარვეზი იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ბესიკ ჩემიამ.

ცნობისთვის: დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ბინების გაცემა 31 მარტს დაიწყო. სამეგრელოში 2 დღეა წვიმს, თუმცა დღეს დილიდან რეგიონის უმეტეს ნაწილში უკვე გამოიდარა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG