Accessibility links

წყალმომარაგების პრობლემა საქართველოს რეგიონებში


კახეთის რეგიონი

კახეთის რეგიონი

ავტორი: ირინა გურული

სულ ერთი თვეა დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებებშიც პირველი ცვლილებები განხორციელდა. ახალი ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე პირველი გამოწვევაც უკვე 2014 წლის გვალვიან ზაფხულში დადგა, როცა მოსახლეობის ნაწილს გვალვამ მოსავალი თუ თევზი გაუნადგურა. პარალელურად კიდევ უფრო მწვავედ იჩინა თავი ისეთმა პრობლემამ, როგორიცაა წყლით მომარაგების საკითხი ქვეყანაში.

მაგალითად, კახეთის რვავე რაიონს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აქვს. ბოლო პერიოდში რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მოთხოვნით მოსახლეობამ საპროტესტო აქციებიც გამართა. უკვე მერამდენე თვეა უპრეცედენტო გრაფიკი მოქმედებს ქალაქ დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში. არსებობს პირობა, რომ ახალი ჭაბურღილები გაიჭრება, რაც დებეტს გაზრდის. შერჩეულია ადგილებიც, თუმცა საჭირო თანხები მოძიებული არ არის, რის გამოც პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

კახეთის გუბერნატორის დავალებით, რეგიონში ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების ძირითადი ნაწილის გადასროლა სწორედ წყალმომარაგების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე გადაწყდა, თუმცა, ცხადია, ამ ტიპის სამუშაოებს სახსრების გარდა დროც სჭირდება.

2014-მა წელმა ისიც აჩვენა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში წყლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ შეიძლება დადგეს, რადგან თუ დასავლეთ საქართველოში წყლის ისეთი გარე რესურსები, როგორიცაა ჭა თუ წყარო, არ შეწყვეტილა, აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის წყაროები და ჭები დაშრა.

არა მხოლოდ კახეთში, არამედ, ზოგადად, საქართველოს რეგიონებში, წყლის მომარაგების თვალსაზრისით, არცთუ მარტივი მდგომარეობაა. ამას მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელიც რეგიონალურ კონტექსტში შინამეურნეობების ინფრასტუქტურის მდგომარეობას აჩვენებს :

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მასშტაბით, ბინაში შეყვანილი წყლის სისტემა სულ, დაახლოებით, 52 პროცენტს აქვს; ამ თვალსაზრისით, თბილისის შემდეგ 2013 წელს უპირატესობა ჰქონდა ქვემო ქართლის რეგიონს - 47 პროცენტით; იმერეთის მაჩვენებელი, ამ თვალსაზრისით, 32 პროცენტია, თუმცა იგივე იმერეთი ერთ-ერთი პირველია იმ რეგიონებს შორის, სადაც ბუნებრივ წყაროებზე არიან დამოკიდებული ეზოსა თუ უბანში. კახეთში სახლში შეყვანილი წყალი 2013 წელს 27,5 პროცენტს ჰქონდა, 20,8 პროცენტს - სამეგრელოში; დანარჩენი რეგიონების მაჩვენებლები 43,8 პროცენტის ფარგლებშია, თუმცა ამ რეგიონების მოსახლეობის დაახლოებით 16 პროცენტი კვლავ ეზოსა და უბანში არსებულ ბუნებრივ წყაროებზეა დამოკიდებული.

მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ, 2013 წელს ორგანიზაცია „სიდას“ მიერ ჩატარებული სოფლის საჭიროებების კვლევის თანახმად, სოფლის მოსახლეობის გამოკითხულთა 82,6 პროცენტი ამბობს, რომ წყლით უზრუნველყოფილია. როგორც ვხედავთ, მოსახლეობის მიერ წყალმომარაგების მდგომარეობის აღქმა ბევრად ოპტიმისტურია, ვიდრე ის 52-პროცენტიანი მონაცემი, რომელიც საქართველოში სახლებში შეყვანილი წყალმომარაგების სისტემის მდგომარეობას აჩვენებს. როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, თუ ეზოში ჭაა, ან უბანში წყაროა, მოსახლეობის ნაწილი წყლით უზრუნველყოფის პრობლემას მეტ-ნაკლებად მოგვარებულად მიიჩნევს. სხვათა შორის, წყლის პრობლემას პირველი ადგილი არ უკავია არც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საიტზე არსებულ გამოკითხვაში, სადაც კითხვაზე, რომელი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებას ისურვებდით თქვენს მუნიციპალიტეტში/სოფელში, გამოკითხულთა მხოლოდ 23 პროცენტი ამბობს, რომ აუცილებელია წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება, 8 პროცენტი ხაზს უსვამს საკანალიზაციო და საირიგაციო სისტემების მოწესრიგების აუცილებლობას.

შესაბამისად, 21-ე საუკუნის საქართველოში, რომელიც წყლის რესურსით საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა, რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურა კვლავ განუვითარებელია. ამ პრობლემის გადაჭრა, სავარაუდოდ, ახალი თვითმმართველობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავსატეხი იქნება.

XS
SM
MD
LG