Accessibility links

logo-print

რეკონსტრუქციით დაზარალებულები


დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები წყალტუბოში

დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები წყალტუბოში

ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ყოფილი ბაღის შენობაში შესახლებულ დევნილ 8 ოჯახს. იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი ორსართულიანი შენობის კაპიტალურ რემონტს, საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, სამშენებლო კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს. დევნილები ამბობენ, რომ კომპანია სარეკონსტრუქციო სამუშაოებს არათანმიმდევრულად ასრულებს: ზაფხულში შენობის ფასადი გარემონტდა, სახურავი კი მიმდინარე თვეში გადახადეს ახლით შეცვლის მიზნით. ბერულავების ოჯახი ერთ-ერთია, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიან და წვიმის დროს ოთახებშიც წვიმს.

შენობაში მცხოვრებ დევნილებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები პოლიეთილენის პარკებით აქვთ შეფუთული, თუმცა წყალმა ნივთები მაინც დააზიანა და ოჯახები დახმარებასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

სარემონტო სამუშაოების დროულად დასრულებასა და დაზიანებების აღმოფხვრაში ოჯახებს დახმარებას ჰპირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე.

სააქციო საზოგადოება „ტრანსმშენის“ პროექტის ხელმძღვანელის მიხეილ გვარამაძის განცხადებით, კომპანია პასუხისმგებლობას აიღებს და 8 დევნილ ოჯახს ზარალს აუნაზღაურებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები ვარციხეში, ყოფილი ბაღის შენობაში, უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება.

XS
SM
MD
LG