Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ორგანიზაციები ჯერჯერობით ცხინვალში ვერ შევლენ


ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის წარმომადგენლები სტამბოლში

ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის წარმომადგენლები სტამბოლში

საერთაშორისო ორგანიზაციები ცხინვალში შესვლას ისევ ვერ ახერხებენ. დე ფაქტო რესპუბლიკაში მხოლოდ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი მუშაობს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილზე არყოფნა მათ განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას აფერხებს, მაგრამ პოლიტიკური ნებაა იმისთვის საჭირო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცხინვალში საქმიანობა დაიწყონ. ჯერ კოკოითის, შემდეგ კი თიბილოვის ხელისუფლება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოითხოვდა, რომ ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესულიყვნენ. რამდენიმე ორგანიზაციამ ეს გზაც უშედეგოდ სცადა. სტამბოლში კი, სამოქალაქო დიალოგის ფორმატში, ოსური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალი მექანიზმების მოფიქრება შესთავაზეს. მათი აზრით, ის ორგანიზაციები, რომლებსაც ცხინვალში მუშაობა უნდათ, იქ ყოფნის გარეშეც გამოძებნიან საშუალებას, რომ კონკრეტული პროექტები განახორციელონ. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ამბობს, რომ ამის წინაპირობად საქართველომ, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უნდა გააუქმოს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ არც ფინანსურ და არც ორგანიზაციულ სტაბილურობაზე. ერთი მხრივ, ამას ხელს უწყობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული და, მეორე მხრივ, ამას ხელს უშლის ოსური მხრიდან დაკეტილი გზები. აუცილებელია მოიძებნოს ურთიერთქმედების სხვა ფორმატები იმისთვის, რომ ჩაერთონ ოსური არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესში. საქართველომ მხოლოდ ცვლილებები კი არ უნდა შეიტანოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არამედ მთლიანად უარი უნდა თქვას მასზე, იმიტომ რომ თვითონ ტერმინოლოგიაც კი კონფლიქტურია. ჩვენ საკუთარ თავს ოკუპირებულ ტერიტორიად არ მივიჩნევთ“, – აცხადებს დინა ალბოროვა.

საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობაა, ეს ოსური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც კარგად ესმით და ივანიშვილის მთავრობისგან პირველ ნაბიჯებს ელიან. კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერს დრო და ახალი ხელისუფლების კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა გადაწყვეტს. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ოსურ მხარეს სპეკულაციის შესაძლებლობა უნდა მოუსპოს.

„არ უნდა იყოს შეცდომა დაშვებული, არ უნდა ველოდეთ სწრაფ შედეგებს. ჩვენ უნდა გადავაგდოთ იქით მხარეს ბურთი და არ ველოდოთ უახლოეს მომავალში საპასუხო ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, როგორც მორალური, ისე სხვა თვალსაზრისითაც ადრე თუ გვიან პასუხები იქითა მხრიდანაც იქნება და ეს გაუხსნის ხელს საერთაშორისო თანამეგობრობასაც, თავის მხრივ, იმ ოსებსაც და აფხაზებსაც, ვინც უფრო მეტს ფიქრობს და ეიმედება საქართველოსთან რაღაცა ტიპის ურთიერთობების აწყობა. შიდა წნეხი ამ ტიპის ადამიანებზე ნაკლები იქნება, როდესაც საქართველო მოსპობს ყველანაირი სპეკულაციების საშუალებას.“ – ამბობს გიორგი კანაშვილი.

სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციები რამდენიმე წელია უკვე საქმიანობენ და კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ. ქართველი პოლიტოლოგების აზრით, ოსურ ხელისუფლებას თვითიზოლაციის გზა ჰქონდა არჩეული, რადგან საქართველოს წინა ხელისუფლებას არ ენდობოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროქართულ ორგანიზაციებად მიიჩნევდა. ახლა, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრეს და პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა გაჩნდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG