Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაითხოვენ თუ არა დე ფაქტო პარლამენტს?


ცხინვალი
ცხინვალი
ოსი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახლო მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დაითხოვონ. ლეონიდ თიბილოვის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მას ოპოზიცია მოუწოდებდა პარლამენტი ვადაზე ადრე დაეთხოვა და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა. დღეს ცხინვალში სხვა აზრიც ვრცელდება და ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ პარლამენტის დაშლის ინიციატორი ექს–პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გახდება. როგორც ცნობილია, იგი ამ დრომდე პარლამენტის უმრავლესობას აკონტროლებს. სახალხო პარტიისა და „ედინსტვოს“ დეპუტატები მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. შესაბამისად, ამ დეპუტატების გამოწვევით ამ მოწვევის პარლამენტი არსებობას შეწყვეტს.

პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი მიიჩნევს, რომ დღეს კოკოითის პარლამენტის გაშვება ხელს არ უნდა აძლევდეს. მისი აზრით, გამორიცხული არ არის პარლამენტი მართლაც დაითხოვონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის ინიციატორი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი იქნება. ძუგაევის აზრით, ეს ყველაფერი შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისში განხორციელდეს. ძუგაევი მიიჩნევს, რომ კოკოითი ოსურ პოლიტიკაში საკუთარ გავლენას ინარჩუნებს და კარგი იქნება, თუ იგი ახალ პრეზიდენტთან საერთო ენას გამონახავს.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტასოევი კი მიიჩნევს, რომ კოკოითი წარსულის პოლიტიკოსია და აღარაფერი ესაქმება სამხრეთ ოსეთის დღევანდელ პოლიტიკაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი არ უარყოფს, რომ კოკოითი დეპუტატების ნაწილს აკონტროლებს, მაგრამ, მისი აზრით, პარლამენტის დათხოვნა დეპუტატების ინტერესებში არ შედის.

ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა რუსეთისგან დამოუკიდებელ თამაშს ვერ წამოიწყებს, ამიტომ ყველაფერი კრემლის სცენარით წარიმართება. ბენდიანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ვადაზე ადრე პარლამენტის დათხოვნა სწორედ რუსეთის ინტერესებში შედიოდეს, რათა მომავალ პარლამენტში მორჩილი უმრავლესობით წინ წამოსწიოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების საკითხი.

ადგილობრივი პოლიტიკური პარტიები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან, დაჩქარებული წესით იქმნება ახალი პოლიტიკური ძალები. ალა ჯიოევამ და ანატოლი ბიბილოვმა საკუთარი პარტიები უკვე დაარეგისტრირეს. სწორედ ეს სიჩქარე აძლევს ბევრ ანალიტიკოსს იმის თქმის საფუძველს, რომ პარლამენტი შესაძლოა მალე დაითხოვონ და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადონ.
XS
SM
MD
LG