Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი რუსეთთან შეერთებას ცდილობს


ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი

საქართველოში რუსეთის „მცოცავი აგრესიის“ გაგრძელებად აღიქვამენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ინიციატივასრუსეთთან შეერთების თაობაზე. ლეონიდ თიბილოვი მოითხოვს, რომ რუსეთთან შერწყმის ნაბიჯი რეფერენდუმის საფუძველზე გადაიდგას. რა რეაქცია აქვს მოსკოვს ცხინვალის მოთხოვნასთან დაკავშირებით და რა შეიძლება იდგეს ამ ინიციატივის უკან?

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივას უკვე დაუჭირეს მხარი ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიებმა. მაგალითად, „ნოვაია ოსეტიასთვის“ («Новая Осетия») ეს არის „პასუხისმგებლობით აღსავსე“, „პრაგმატული ნაბიჯი“, რაც ისტორიულ არჩევანს უკავშირდება და, შესაბამისად, სამომავლოდეს რუსეთის დასტურის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ცოტა ხნით ადრე რუსეთთან შერწყმის პერსპექტივას „ნიხასმაც“(«Ныхас») მხურვალედ დაუჭირა მხარი. ეს პოლიტიკური პარტია თვლის, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი განადგურებისგან იხსნა, ამ სიკეთის დავიწყება შეუძლებელია, სამომავლო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გამოსავალი იქნება „სამუდამო კავშირი მოძმე რუსეთთან“ და რომ ამისათვის საფუძველი სწორედ რეფერენდუმმა უნდა შექმნას.

ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა ცხინვალის ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „რეს“–მა 19 ოქტომბერს, საღამოს, სასწრაფოდ გასავრცელებელი ინფორმაციის სახით გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმის იდეა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის დროს გაახმაურა. ამავე წყაროს ცნობით, თიბილოვმა რუსეთთან შეერთებას ოსი ხალხის „საუკუნოვანი ოცნება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იდეა საუკუნეების მანძილზე უპირისპირდებოდა საქართველოს „შოვინიზმსა და ფაშიზმს“. ტექსტში ვკითხულობთ, რომ თიბილოვისთვის ასეთი ინიციატივა უალტერნატივოა:

„დღევანდელი პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნოდ უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და კეთილდღეობა“.

რუსეთთან შეერთების საკითხის გარშემო რეფერენდუმის ჩატარების თემა უცხო არ არის სამხრეთ ოსეთისთვის, სადაც ასეთი ღონისძიება უკვე ორჯერ გაიმართა: პირველი - 1992 წელს, ხოლო მეორე - 2006 წელს. რუსეთთან მიერთების სურვილით ე. წ. სამხრეთ ოსეთში კიდევ ერთი, რიგითმესამე, რეფერენდუმის ჩატარებაზე ლაპარაკი 2014 წლის დასაწყისში პოლიტიკური პარტია ”ედინაია ოსეტიას” თაოსნობით დაიწყო და, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ლაპარაკმა გარკვეული აქტუალურობა, მართლაც, შეიძინა, თუმცა მაშინ ამას მოსკოვის მხრიდან აქტიური შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

დღეს, როდესაც რუსეთი იმაზე ფიქრობს, როგორ გამოძვრეს უკრაინის პრობლემიდან, რაღაც პატარა ცხინვალის გამო, ალბათ, ახალ ყულფში არ შეყოფს თავს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს იყოს რუსეთის ინიციატივა... უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პერიოდულად თიბილოვი ცდილობს მოსინჯოს ნიადაგი იმისათვის, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი მიუერთოს რუსეთს...
ირაკლი ცქიტიშვილი

მოსკოვი აქტიურ პოზიციას არც ამჯერად გამოხატავს. როგორც 20 ოქტომბერს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, უშუალოდ თიბილოვისა და სურკოვის შეხვედრის დროს არ ყოფილა ლაპარაკი რეფერენდუმის თემაზე. ამასთან. როგორც რუსეთის მედია იტყობინება, პუტინის პრესმდივნის თქმით, სამხრეთ ოსეთს მოსკოვში რუსეთის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. პესკოვს უფრო დეტალური განმარტება აღარ გაუკეთებია.

რუსეთთან შეერთების საკითხის კვლავ წამოწევა არ უკვირთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ განაცხადა 20 ოქტომბერს, ეს არის რუსეთის პროვიკაციული სვლებისა და მიზანმიმართული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება და ეს აუცილებლად უნდა იცოდეს საერთაშორისო თანამეგობრობამ:

„ჩვენ, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ ჩავაყენებთ საქმის კურსში ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას ევროპაში და ასევე – მთელ მსოფლიოში... ეს არის რუსეთის მცოცავი ანექსიის გაგრძელება, ანუ ეს არის ცალსახად რუსეთის იმავე პოლიტიკის გაგრძელება საქართველოში, რასაც ის ბოლო წლებია ახორციელებს“.

რუსეთთან შეერთების მოტივით გასამართი რეფერენდუმის თემის წამოწევას ლეონიდ თიბილოვის (მოსკოვთან შეუთანხმებელ) „შემოქმედებად“ მიიჩნევსპოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ თემაზე ლაპარაკი ამჯერადაც მხოლოდ ლაპარაკად დარჩება:

„დღეს, როდესაც რუსეთი იმაზე ფიქრობს, როგორ გამოძვრეს უკრაინის პრობლემიდან, რაღაც პატარა ცხინვალის გამო, ალბათ, ახალ ყულფში არ შეყოფს თავს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს იყოს რუსეთის ინიციატივა... უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პერიოდულად თიბილოვი ცდილობს მოსინჯოს ნიადაგი იმისათვის, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი მიუერთოს რუსეთს. პრინციპში, თიბილოვის დანიშვნა ამ თანამდებობაზე თავიდანვე განპირობებული იყო იმ მიმართულებით, რომ ცხინვალში უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი და მიერთებოდა რუსეთს, მაგრამ რაც ის დაინიშნა, იმის მერე მხოლოდ საუბარი ისმის ამ თემაზე... ამიტომ არა მგონია, რომ ამას რაიმე გაგრძელება მოჰყვეს“.

განსხვავებული მოსაზრება აქვს კახა გოგოლაშვილს, რომელიც თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ლეონიდ თიბილოვი ასეთი სახის განცხადებებს არ გააკეთებდა. პოლიტოლოგის აზრით, თუკი ჯერჯერობით არ არსებობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების კონკრეტული გეგმა, უნდა ვივარაუდოთ, რომ, ნებისმიერ სიტუაციაში, ეს სვლა მიზნად ისახავს „საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შანტაჟს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG