Accessibility links

logo-print
ოსურ დელეგაციას, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, იმედი გაუჩნდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ხელს მოაწერს იურიდიულ დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. თუმცა ოსი პოლიტოლოგების და ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი კიდევ გაჭიანურდება. 2008 წლის ომის შემდეგ ოსური მხარე ჟენევის დისკუსიის ფორმატში დაჟინებით ითხოვს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტი გააფორმოს, ქართული მხარე კი ასეთი დოკუმენტის გაფორმებას მხოლოდ რუსეთთან თვლის შესაძლებლად. ოსურმა მხარემ ჟენევის დისკუსიის ფორმატის არსებობა, როგორც უშედეგო მექანიზმისა, ეჭვქვეშ რამდენჯერმე დააყენა, ახლა კი ცხინვალში ჩნდება მოლიდინი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემდეგ მიდგომები ფორმატის და კონფლიქტის მოგვარების მიმართ შეიცვლება. ამის იმედს ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიც აძლევთ. ოსი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული მხრიდან მომლაპარაკებელთა მთელი შემადგენლობაც რომ შეიცვალოს, კარდინალური ცვლილებები ჯერ მოსალოდნელი არ არის და მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების პერსპექტივაზე დაიწყებენ მსჯელობას.

ალბოროვას აზრით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მომზადება რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. მას უჩნდება კითხვები, თუ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, როგორი პოლიტიკური სტატუსის მქონე სუბიექტთან დათანხმდება ქართული მხარე ხელმოწერას:
აფხაზური და ოსური მხარეები როცა ითხოვენ ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას, მათ უსაფრთხოება კი არ ადარდებთ, სტატუსი ადარდებთ. ანუ მათ უნდათ, რომ ამ ხელშეკრულებით მათი სტატუსის განსაზღვრა მოხდეს ...

„ვისთან აპირებს ქართული მხარე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას - ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებთან თუ როგორ?“

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა უკვე განაცხადა, რომ გადაიხედება კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ზაქარეიშვილი ოსურ და აფხაზურ სამოქალაქო სექტორში მაღალი ნდობით სარგებლობს. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი კონფლიქტის მხარეებთან საზოგადოებრივი დიალოგის აღდგენისა. პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ოსი ანალიტიკოსების განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ უსაფრთხოება კი არა, სტატუსი ადარდებთ, ახალი ხელისუფლება კი მათ დაელაპარაკება როგორც კონფლიქტის მხარეს და არა როგორც აღიარებულ რესპუბლიკასო.

„აფხაზური და ოსური მხარეები როცა ითხოვენ ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას, მათ უსაფრთხოება კი არ ადარდებთ, სტატუსი ადარდებთ. ანუ მათ უნდათ, რომ ამ ხელშეკრულებით მათი სტატუსის განსაზღვრა მოხდეს. ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო არ აპირებს ომის განახლებას. თუ თქვენ არ ენდობით და გინდათ მეტი გარანტიები და ხელმოწერა, მაშინ განვიხილოთ ტექსტი, პირველ რიგში, და, მეორე რიგში, ვინ აწერს ხელს ამას. თქვენ ჩვენ მიერ აღიარებული არა ხართ. თქვენ ხართ ჩვენთვის კონფლიქტის მხარე. ჩვენ მზად ვართ მოვაწეროთ ხელი თქვენთან, როგორც კონფლიქტის მხარესთან. თქვენ თუ გინდათ ხელი მოაწეროთ როგორც სამხრეთ ოსეთმა, ჩვენ ამაზე არ წავალთ“, აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ოსი ანალიტიკოსების აზრით, მოლაპარაკების პროცესი რთული და დროში გაწელილი იქნება. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული მხარე სტატუსის განხილვის საკითხს გაყინავს და ეცდება ოსურ მხარეს სხვა საკითხებსა და სიკეთეებზე ესაუბროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG