Accessibility links

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ძალის გამოუყენებლობის განცხადების პროექტი ჩაიტანეს


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები გუშინ თბილისიდან ცხინვალში ჩავიდნენ. ფილიპ ლეფორმა, ანტი ტურუნენმა და ანდრეი დეშიცამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ განცხადების პროექტი განიხილეს, რომლის გახმაურება მარტის ბოლოს ჟენევიდან იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ეს იქნება ჟენევის პროცესის მონაწილეების ერთობლივი განცხადება ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ერთგულების თაობაზე. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მურად ჯიოევმა, თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს განცხადება არის ერთგვარი შუალედური ნაბიჯი ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი ორმხრივი შეთანხმების გზაზე.

„ამ განცხადებას ჩვენ განვიხილავთ როგორც მორიგ მნიშვნელოვან შუალედურ ნაბიჯს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, - დიდი ორმხრივი შეთანხმების მომზადებისა და ხელმოწერის გზაზე, - რომელსაც იურიდიულად დამავალდებულებელი ხასიათი ექნება“, –აცხადებს მურად ჯიოევი.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში საკუთარი განცხადების პროექტი ჩაიტანეს, ქართულმა მხარემ კი, როგორც წინა ისე ახალი ხელისუფლების პირობებში, არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ომით კონფლიქტების გადაჭრას არ აპირებს. ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიღებული რეზოლუციით ეს ვალდებულება იურიდიულად უფრო გაამყარა და ოსურ მხარესთან რაიმე ორმხრივი შეთანხმების დადება არ იგეგმება.
ეს დოკუმენტი არაფერს ავალდებულებს მხარეებს ორმხრივ ხელშეკრულებებზე, გამორიცხულია. პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ, პარლამენტის სახით, გააკეთა განცხადება რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ იყო მიღებული...

„ეს დოკუმენტი არაფერს ავალდებულებს მხარეებს ორმხრივ ხელშეკრულებებზე, გამორიცხულია. პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ, პარლამენტის სახით, გააკეთა განცხადება რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ იყო მიღებული. იქ ცალსახად და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველო ადასტურებს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში აიღო. ეს პოზიცია უკვე იურიდიულად არის გამყარებული და ამით საქართველომ მეტი გარანტია შეიტანა ომის არგანახლების შესახებ. პარლამენტის განცხადება ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი პოზიციაა, ვიდრე ისეთ მხარეებს შორის ხელმოწერა, სადაც ერთ-ერთი მხარე არ არის არანაირი სამართლის სუბიექტი. ჟენევის ფორმატში მხარეები წარმოდგენილი არ არიან, იქ განცხადებას მხოლოდ თანათავმჯდომარეები აკეთებენ. ამ დროს, ამ ფონზე, საქართველო, როგორც სახელმწიფო, პარლამენტის სახით აკეთებს განცხადებას და ეს არის მნიშვნელოვანი“, –ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი დეშიცამ, ოსურ მხარეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვიზიტის შესახებ უამბო. მისი განცხადებით, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების მიმართულებით პროგრესი შეინიშნება, რადგან საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების საქმის გამოძიება დაიწყო. დეშიცას თქმით, საქართველოს მთავარი პროკურორისგან არის მზადყოფნა, რომ დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს, ნათესავებს და მოწმეებს შეხვდეს. გარდა ამისა, ეუთოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანონი ამნისტიის შესახებ ოსი ეროვნების 4 მოქალაქეს უკვე შეეხო.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ეროვნული დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარდა ამისა, მოინახულეს ზნაურის წყალსაცავი, რომლის მშენებლობა ევროკავშირმა დააფინანსა. ჟენევის დისკუსიის 23-ე რაუნდი 26 მარტს დაიწყება, მანამდე კი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG