Accessibility links

logo-print

ცხინვალის შეშფოთება: ხალხი სამკურნალოდ თბილისში მიდის


ლეონიდ თიბილოვი

ლეონიდ თიბილოვი

ცხინვალი ღელავს იმის გამო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სამკურნალოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი თვლის, რომ ძირითადად ეს უსაფუძვლოდ ხდება, რადგანაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს არცთუ ურიგო ადგილობრივი სამედიცინო მომსახურებით. საწინააღმდეგოზე მეტყველებს რეალობა. საქართველო კი კვლავაც განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თავისი მოქალაქეების სამედიცინო უზრუნველყოფას. დახმარება მასშტაბურია.

როცა ძალოვანი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებს ხვდებოდა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ორშაბათს თქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს აუცილებლობა სამკურნალოდ „მოსაზღვრე სახელმწიფოში“ გადასვლისა, რადგანაც, ხშირ შემთხვევაში, ხარისხიანი დახმარების მიღება ადგილზეც არის შესაძლებელი.

„არც იქ არიან ღმერთები. არ შეიძლება, უკაცრავად და, ნაწლავური ინფექციებით დაავადებული ხალხის გაგზავნა, თითქოს ეს მოურჩენელი იყოს...“ – თქვა

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა. მაგრამ თუკი მის მიერ ამავე შეხვედრაზე წარმოთქმული სხვა სიტყვებით ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელი სერვისის შეთავაზებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. თიბილოვი ჯერ მხოლოდ გეგმებზე ლაპარაკობს:

„აუცილებელია, რომ ჩვენ განვავითაროთ საკუთარი მედიცინა, ავაშენოთ ცენტრები, მოვიზიდოთ სპეციალისტები. ჩვენ უკვე აქტიურად ვაკეთებთ ამას – იწყება თანამედროვე ცენტრის მშენებლობა, შესაბამისი აღჭურვილობით, გაგრძელდება მუშაობა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მოზიდვისა და გადამზადების მიმართულებით“.

იქაურ საქმეებში, ცხადია, არავინ მახედებს, მაგრამ, ფაქტები მოწმობს, რომ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვა „სავალალო მდგომარეობაშია“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა. ის სტატისტიკასაც იშველიებს:

„შარშან, 2014 წელს, 400–მდე პაციენტი იქნა გადმოყვანილი, როგორც „წითელი ჯვრის“ მიერ, ასევე თვითდინებით. ზოგი გეგმური და ზოგიც გადაუდებელი შემთხვევები. ბევრი შემთხვევა იყო არასწორად ნამკურნალევი ადამიანებისა, იქ დასმული არასწორი დიაგნოზებით და ა.შ. აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მათი ე.წ. მთავრობა, რა თქმა უნდა, იტყუება“.

თუმცა მასშტაბური დახმარებით სარგებლობის საშუალება ყველას როდი აქვს. როგორც თამაზ ბესტაევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლება ყველას არ უშვებს თბილისისკენ და ნებართვის გაცემა ადგილობრივი ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ძირითადად „ნაცნობობითა და მეგობრობით“ ხდება, რაც ხშირად იწვევს ადგილობრივთა უკმაყოფილებას. შესაბამისად, მათ, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, იპოვეს შედარებით მოხერხებული მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლითა და შემდეგ საქართველოში შემოსვლით, ყაზბეგი-ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით.

შარშან ზაფხულში ერთი დეიდაშვილი ჩამოვიდა. ახლაერთი–ორი კვირის წინ იყო ჩამოსული მეორე დეიდაშვილი, რომელსაც აღმოაჩნდა სიმსივნე. მარდალეიშვილის კლინიკაში ვიყავით, იქ გაუკეთდა ოპერაცია, დაფინანსებაც მიიღო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან და ძალიან კმაყოფილები დავრჩით...

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ვებსაიტის თანახმად, თუკი დაფინანსების მოთხოვნაზე, სათანადო განხილვის შემდეგ, დასკვნა დადებითი იქნება, ჯანდაცვის სამინისტრო რთავს პაციენტს რეფერალურ პროგრამაში, რომელიც გულისხმობს დაფინანსებას 15 000 ლარის ოდენობით. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარდა, ეს პრინციპი, ცხადია, შეეხება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის წლიური ანგარიშის თანახმად, 2013–2014 წლებში სახელმწიფომ ორივე მიმართულებით 5 მილიონი ლარი დახარჯა.

ხშირად ჩამოდიან, სხვა გზა არა აქვთ, ვერც ადგილზე და ვერც, მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთში მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებენ, – უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისელმა მანანამ, რომელიც ხშირად მასპინძლობს ცხინვალიდან ჩამოსულ ავადმყოფ ნათესავებს:

„შარშან ზაფხულში ერთი დეიდაშვილი ჩამოვიდა. ახლაერთი–ორი კვირის წინ იყო ჩამოსული მეორე დეიდაშვილი, რომელსაც აღმოაჩნდა სიმსივნე. მარდალეიშვილის კლინიკაში ვიყავით, იქ გაუკეთდა ოპერაცია, დაფინანსებაც მიიღო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან და ძალიან კმაყოფილები დავრჩით... მე ვისაც ვიცნობ, ჩემი ნათესავები, ყველა ცდილობს, რომ, – კბილების პრობლემაა თუ სხვა სახის პრობლემები, – თუ არის საშუალება, აუცილებლად ჩამოვიდნენ“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სამედიცინო უზრუნველყოფა თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ხალხთა შორის ნდობის აღდგენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად განიხილება და ამგვარ მიდგომას მიესალმება ზურაბ ბენდიანიშვილიც, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, უფასო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსულებს ადამიანური ურთიერთობებიც ხიბლავთ:

„ისინი აქ რომ ჩამოდიან, ნათესავებს ნახულობენ, თვითონ ზოგადად გარემოს ნახულობენ, ხალხთან ურთიერთობენ და ხედავენ, რომ არავითარი სიძულვილი და მიუღებლობა არ არის საქართველოში ოსების მიმართ, ისევე როგორც აფხაზების მიმართ“.

რაც შეეხება თიბილოვის მოწოდებას, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივებმა ადგილობრივი სამედიცინო მომსახურებით ისარგელონ, ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, მას ყურს არავინ დაუგდებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მით უმეტეს მაშინ, როცა სამედიცინო მიზნებით თავად თიბილოვის ნათესავებიც ხშირად სტუმრობენ თბილისს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG