Accessibility links

logo-print
ცხინვალის უნივერსიტეტის ქალაქგარეთ გადატანას ოსური საზოგადოება ეწინააღმდეგება. რამდენიმე თვის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბათის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ.

ლიახვის ხეობის ქართული სოფელი აჩაბეთი ამჟამად ოკუპირებული და განადგურებულია. ეს სოფელი ცხინვალიდან დაახლოებით 5 კილომეტრით არის დაშორებული. უნივერსიტეტის ძველი შენობა კი აგვისტოს ომის დროს დაიწვა და მისი აღდგენა არ დაწყებულა. ეს შენობა ქალაქის ცენტრში დგას. ახალი პროექტის მიხედვით კი, აჩაბეთში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა – სასწავლო კორპუსებით, დარბაზებით, სათამაშო მოედნებით და სტუდენტთა საცხოვრებლებით. მიუხედავად ამისა, ოსურმა საზოგადოებამ მაინც პროტესტი გამოთქვა და ჯერ კიდევ ვადიმ ბროვცევის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას მთავრობაში საპროტესტო წერილი გაგზავნა. წერილს 400-მდე ადამიანი აწერს ხელს და მოითხოვს, რომ უნივერსიტეტი ქალაქგარეთ არ გავიდეს. ამ წერილიდან ერთი მონაკვეთი განსაკუთრებით საინტერესოა. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ იმ ადგილას, სადაც საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, მდებარეობს ქართველების სასაფლაო და ამ შემთხვევაში ხელმომწერები შიშობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ხმაურს ატეხს, რაც სირცხვილი იქნება მსოფლიო საზოგადოების თვალში.

წერილის ავტორები მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტი აღდგეს და გაფართოვდეს ძველ ადგილას. ამ წერილის და ახალი პროექტის შესახებ უკვე ცნობილია ლიახვის ხეობის მოსახლეობისთვის. ერგნეთელი ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ ოსური საზოგადოების განწყობა იმედის მომცემია, რომ აჩაბეთში ქართველთა საფლავებს გაქრობა არ დაემუქრება.

ამ საკითხზე ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორს თეიმურაზ კოკოევს ცოტა ხნის წინ სტამბოლში გამართული შეხვედრისას ვესაუბრე. მისი თქმით, არა მარტო სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები, არამედ ოსური საზოგადოების დიდი ნაწილიც წინააღმდეგია, რომ ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი ქალაქგარეთ გადაიტანონ. მისი აზრით, საბოლოო სიტყვა ახლა ლეონიდ თიბილოვზეა და მხოლოდ მას შეუძლია ახალი პროექტის შეჩერება.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროების ცნობით, ამჟამად აჩაბეთის ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა საკითხი ღიად რჩება. ამავე წყაროს ცნობით, ეს პროექტი მოსკოვში გააკეთეს ისე, რომ ადგილობრივი საზოგადოებისთვის არაფერი უკითხავთ. ოსურ მთავრობაში გაგზავნილი წერილის ავტორების აზრით, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ოსი ხალხისთვის, დიდი საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა საჭირო არ არის და უმაღლესი სასწავლებელი ქალაქში უნდა დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ოსი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სასწავლებლად ან სამუშაოდ რუსეთში გარბის და უკან აღარ ბრუნდება. ამიტომ ოსურ და ქართულ საზოგადოებაში პასუხგაუცემელია კითხვა: ვის სჭირდება ცარიელი საუნივერსიტეტო კომპლექსი? მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს პროექტი მოსკოვში დაიბადა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG