Accessibility links

logo-print

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში სანაკოევის იმპიჩმენტი იგეგმება


დავით სანაკოევი და სერგეი ლავროვი, 2015 წლის 18 თებერვალი, მოსკოვი

დავით სანაკოევი და სერგეი ლავროვი, 2015 წლის 18 თებერვალი, მოსკოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა განაცხადა. დე ფაქტო პარლამენტში უმრავლესობას ანატოლი ბიბილოვის „ედინაია ოსეტია“ ფლობს. საპარლამენტო უმრავლესობა საგარეო საქმეთა მინისტრს დე ფაქტო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პროცესის ჩაგდებაში ადანაშაულებს. ცხინვალში ეს ბრალდება ბევრისთვის საკვირველი აღმოჩნდა, რადგან ბიბილოვის „ედინაია ოსეტია“ რუსეთთან გაერთიანების მომხრეა და თვითაღიარებული რესპუბლიკის სუვერენიტეტის გამყარებას სულაც არ უჭერს მხარს. მოგვიანებით დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო “ოსინფორმს”, სადაც აღნიშნა, რომ სანაკოევის საქმიანობა საგარეო პოლიტიკური კურსის გასამყარებლად არაეფექტურია. ბიბილოვის თქმით, სანაკოევს ამ დრომდე დონეცკისა და ლუგანსკის მთავრობებთან არ დაუმყარებია დიპლომატიური ურთიერთობები და, დე ფაქტო პრეზიდენტის გვერდის ავლით, მან რუსეთთან ინტეგრაციის დოკუმენტის სამუშაო ვერსია პრესაში გაავრცელა.

ცხინვალელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ „ედინაია ოსეტიას“, რომელსაც საარჩევნო პროგრამით რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება აქვს დაგეგმილი, სულაც არ აწუხებს საგარეო პოლიტიკური კურსი და სანაკოევსა და ბიბილოვს შორის დაპირისპირება უფრო შიდაპოლიტიკურ ორთაბრძოლას უკავშირდება. რუსეთთან „მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ დოკუმენტის შედგენისას სანაკოევი აფხაზეთთან გაფორმებული დოკუმენტის ვარიანტს უჭერდა მხარს, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის შენარჩუნების ნიშნები ასე თუ ისე შეიმჩნევა, ანატოლი ბიბილოვი კი რუსეთთან სრული ინტეგრაციის მომხრე იყო, ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის დაკარგვის სანაცვლოდ. პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ღია დაპირისპირება ამ საკითხზე დაიწყო, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი მათი საპრეზიდენტო ამბიციებია.

ადგილობრივი ექსპერტების აზრით, სანაკოევი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის საგრეო უწყებაზე, რადგან ლავროვის უწყება მუშაობს აღიარების პოლიტიკაზე, სანაკოევი კი მხოლოდ სტატისტის როლშია და მათთვის გაუგებარია უნდობლობას რატომ არ უცხადებენ მთელ მთავრობას, რომლის წევრიც საგარეო საქმეთა მინისტრიცაა. ცხინვალელი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ საგერეო პოლიტიკური საქმიანობა არაფერ შუაშია და საქმე სანაკოევისა და ბიბილოვის რუსეთთან ინტეგრაციის განსხვავებულ პოზიციებს ეხება.

ქელეხსაევის აზრით, სამთავრობო გუნდი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის შერჩეულია და ცალკე სანაკოევის დადანაშაულება უმოქმედობაში უსამართლობაა.

რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრ სკაკოვი მიიჩნევს, რომ სანაკოევის გადაყენების საკითხი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, რადგან მას არანაირი დიპლომატიური გამოცდილება არ გააჩნია და ეს სავარძელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეორე ადგილზე გასვლის გამო დაიკავა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა ოსური მედიის საშუალებით უპასუხა. მისი თქმით, პარლამენტს უნდობლობის საკითხის დაყენება შეუძლია, მაგრამ გაწეული საქმიანობის შესახებ მას ანგარიშის ჩაბარების შესაძლებლობა უნდა მისცემოდა. სანაკოევი მიიჩნევს, რომ ეს არის ბრძოლა განსხვავებული შეხედულების წინააღმდეგ, რომელიც მან რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტის შემუშავებისას გამოხატა. დავით სანაკოევი მესამე წელია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, მანამდე ის სახალხო დამცველი იყო. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი სანაკოევის უნდობლობის საკითხს ჯერ პრეზიდიუმის სხდომაზე, მოგვიანებით კი სესიაზე გაიტანს განსახილველად.

XS
SM
MD
LG