Accessibility links

მოსკოვის მიერ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ცხინვალთან გასაფორმებელი ხელშეკრულება გორშიც განიხილეს


გალინა ქელეხსაევა წარმოშობით ჯავის რაიონიდანაა. აგვისტოს ომის შემდეგ ოჯახთან ერთად შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. იგი ოს ნათესავებთან კონტაქტს დღემდე ინარჩუნებს და რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ მათ მოსაზრებებს გვიზიარებს.

მომავალი წლის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელშეკრულების პროექტის მუხლები ცხინვალში, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებში, ბევრ კითხვას აღძრავს. სულ უფრო ხშირად ისმის ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის შესახებ განცხადებები. თბილისის მსგავსად, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობად განიხილავს. ცხინვალის გარდა, ხელშეკრულების პროექტის შესახებ დისკუსია გორშიც გაიმართა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე შეკრებილ საზოგადოებას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა. დარბაზში იძულებით გადაადგილებული პირები, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლები და გორის საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. არეშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოსალოდნელი რისკები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მისი აზრით, სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალში ხმამაღალი პროტესტი არ ისმის, მაგრამ იქაური საზოგადოების მცირე ნაწილი მიხვდა, რომ ეს ხელშეკრულება ამ არაღიარებული რესპუბლიკისთვის საფრთხის შემცველია.

ქართულ-ოსური ურთიერთობების სპეციალისტმა, ერგნეთის მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ საზოგადოებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულების პროექტის განხილვა შესთავაზა. როგორც ირკვევა, ოსური ძალოვანი უწყებების სრული შერწყმა ხდება რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებებთან და ხელმძღვანელობაც კრემლიდან ინიშნება. ჩლაჩიძის აზრით, ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საერთოდ აღარ ჩანს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, ფუნქციები და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ ოლქს ემსგავსება.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობაში მზადდება სპეციალური სტრატეგია კონფლიქტების მოგვარების თაობაზე. ლიახვის ხეობიდან დევნილები მიიჩნევენ, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ის ადამიანებიც უნდა ჩაერთონ, ვისაც ამ მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება აქვთ. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრი ნაზი ბერუაშვილი მიიჩნევს, რომ, ტერიტორიების გარდა, ნათესაობა და მეგობრობაც იკარგება, ამის შესანარჩუნებლად კი როგორც დიპლომატიამ, ისე სამოქალაქო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი მიიჩნევს, რომ დევნილების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებსა და საჯარო დისკუსიებში რეგიონებშიც უნდა გააქტიურდეს.

დისკუსიები ოკუპირებული ტერიტორიებისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ მომავალშიც გაგრძელდება. დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელი „სინერგია“ და „ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“, დევნილთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური გააქტიურების მიზნით, ახორციელებენ პროექტს, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს.

XS
SM
MD
LG