Accessibility links

logo-print

ზუგდიდში გაიმართა აქცია ცხოველთა დაცვის მოთხოვნით


„დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - აქცია ზუგდიდში

„დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - აქცია ზუგდიდში

„დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - ამ შინაარსის მოწოდებით უკვე მეორედ შეიკრიბნენ მოქალაქეები აქციაზე, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის წინ გაიმართა. მისი მონაწილეები, რომელთა ნაწილი ძაღლებთან ერთად, ნაწილი კი ტრასპარანტებით იყო მოსული, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებდნენ გააუქმოს ხელშეკრულება ოზურგეთის ძაღლთა თავშესაფართან, რომელიც ცხოველების მიმართ „სასტიკ მოპყრობაში არაერთხელ ამხილეს“. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ასევე შეიცვალოს ქუჩებში ცხოველთა დაჭერის არსებული პრაქტიკა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ეგნატე შამუგიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთხელ დადო პირობა, რომ პრობლემას მოაგვარებდა, თავშესაფრის მოწყობისა და ცხოველების დაჭერის პრაქტიკას შეცვლიდა, მაგრამ დაპირება არ შეასრულაო:

გვესმის, რომ ეს არის ძალიან რთული პრობლემა. ეს ასე ადვილად არ გვარდება, მაგრამ ეს გზა და ეს მიდგომა ამ პრობლემის მიმართ არის ის გზა, რომელიც ევროინტეგრაციისკენ არ მიდის, რომელიც, ელემენტარულად, ადამიანობისკენ არ მიდის...

„გვახსოვდა თვითმმართველობის პირობა იმის შესახებ, რომ 2016 წლიდან სხვა გზებით მოახერხებდნენ ამ პრობლემის მოგვარებას და ისევ არ დადებდნენ ხელახლა ხელშეკრულებას, ისევ არ შეუწყობდნენ ხელს, მით უმეტეს, ფულს არ დადებდნენ ცხოველების კვლაში, მაგრამ ვნახეთ რადიკალურად განსხვავებული სურათი: არ მოერიდა თვითმმართველობა და ისევ გამოაცხადა ტენდერი, სადაც უკვე გამარჯვებულად იგივე ინდმეწარმე იქნა გამოვლენილი“.

„გვესმის, რომ ეს არის ძალიან რთული პრობლემა. ეს ასე ადვილად არ გვარდება, მაგრამ ეს გზა და ეს მიდგომა ამ პრობლემის მიმართ არის ის გზა, რომელიც ევროინტეგრაციისკენ არ მიდის, რომელიც, ელემენტარულად, ადამიანობისკენ არ მიდის“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიკა თოდუამ.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა ქალაქის მერმა, ირაკლი გოგოხიამ. მან ცხოველთა დამცველები სხდომათა დარბაზში მიიღო და პირობა მისცა, რომ გამოიკვლევს, თუ როგორ ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მასზე დაკისრებულ მოვალეობას:

„ტენდერი იყო გამოცხადებული და ტენდერის პირობები გამოაცხადა ააიპ „დასუფთავების ცენტრმა“ და თავიდან ბოლომდე გავერკვევით რა ხდება, როგორ ხდება და კანონის ჩარჩოებში მოექცევა ყველაფერი. ამომწურავ პასუხს გავცემთ დაინტერესებულ პირებს და მთლიანად საზოგადოებას. სოციალურად დაუცველებისთვის არ მაქვს თავშესაფარი და ძაღლებისთვის სამასი და ოთხასი ათასი ლარი გამოვყო, ახლა ამ ეტაპზე ჩემთვის მიუღებელია“.

ამ ეტაპზე ასევე გაურკვეველი რჩება საკითხი, თუ როდის აშენდება ზუგდიდში ძაღლთა თავშესაფარი, რომლის პროექტის მომზადებაში საკრებულო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრთან“ ერთად იყო ჩართული. საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერ მოიძიეს ბიზნესმენი, რომელიც ფინანსურად შეძლებდა მხარდაჭერას:

„დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - აქცია ზუგდიდში

„დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - აქცია ზუგდიდში

„ამ საკითხებზე არსებობს წინასწარი პროექტიც, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული თავშესაფარი წინასწარი გაანგარიშებებით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს სერიოზული მუშაობა, ასე ვთქვათ. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს გადაჭრილი როგორც ჩვენს ქალაქში, ასევე ჩვენს რეგიონში“.

ქალაქის საკრებულომ მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხზე მუშაობა შარშან აპრილში დაიწყო. მაშინ მერაბ ქვარაიამ განაცხადა, „ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქალაქში წლის ბოლოს უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდესო“.

შარშან არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყნის მასშტაბით - მათ შორის, ზუგდიდში - საპროტესტო აქციები გამართეს და ძაღლთა თავშესაფრებში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი დაჭერის მეთოდები გააპროტესტეს.

ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივ ბიუჯეტში წელს 12 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც, ამ დროის მონაცემებით, 200 ძაღლის დაჭერას, მათ თავშესაფარში გადაყვანას და ვაქცინაციას უნდა მოხმარდეს. ამის შემდეგ ძაღლი კვლავ ქუჩას უბრუნდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG