Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე


10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისში საქართველოს ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი საგანგებო შეხვედრის მოწყობას გეგმავს. ცხოველთა უფლებების დამცველები ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხერხდება პირველ რიგში იმიტომ, რომ, როგორც თავად ამბობენ, ქართული საზოგადოება ჰუმანურობის დეფიციტს განიცდის.
იყო ისეთი შემთხვევა, რომ ძაღლმა წააგო და ძალიან აგრესიული გახდა პატრონი, რაც ხშირად ხდება ძაღლების ჩხუბში ...

ცხოველთა უფლებების დამცველთა აზრით, ცხოველთა სამყარო ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს. მაგრამ ხელისუფლება, როგორც ჩანს, ვერ აკონტროლებს ცხოველთა უფლებების დაცვას. ცხოველების ცოცხლად გატყავების კადრები (ნადირობის დეტალების ჩვენებაზე რომ არაფერი ვთქვათ) კვლავ ხშირად ჩნდება ქართულ სატელევიზიო არხებზე. არადა, საქართველოში ცხოველების წამება, კანონმდებლობის მიხედვით, ისჯება. ხშირია გარეულ ცხოველთა დატყვევების ფაქტებიც. რესტორნების ტერიტორიაზე დატყვევებული ჰყავთ დათვები, მელიები, მგლები, რაც რესტორნისთვის ერთგვარ სარეკლამო ხრიკს წარმოადგენს ეგზოტიკური სანახაობის თვალსაზრისით. თუმცა ყველაზე გავრცელებული სანახაობა ძაღლების ორთაბრძოლაა - ამ რიტუალს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველებმა მაინც მოახერხეს საზოგადოებრივი აზრის შექმნა... ხუთი, ათი წლის წინ მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე იყო. 2005 წელს ჩვენს კოლეგასთან, კახა მჭედლიძესთან საუბარში ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტმა, ლექსო ხუბულავამ განაცხადა:

”იყო ისეთი შემთხვევა, რომ ძაღლმა წააგო და ძალიან აგრესიული გახდა პატრონი, რაც ხშირად ხდება ძაღლების ჩხუბში - პატრონი ძალიან აგრესიული ხდება. ხდება ისეც, რომ ძაღლი თუ ძალიან დაჭრილია, მას, უბრალოდ, წირავენ სასიკვდილოდ, ან თვითონ პატრონიც კლავს მას, თუ დიდ თანხაზე მიდის საუბარი.”
მეცნიერებაში ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ცხოველებზე, რადგან ადამიანზე ვერ ჩაატარებ...

ცხოველთა უფლებების დაცვის დღეს მსოფლიოში 1998 წლიდან აღნიშნავენ. საინტერესოა, რომ ეს დღე დაამთხვიეს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შექმნის იუბილეს,რადგან ცხოველთა უფლებების დამცველთა აზრით, ცხოველებს ისევე აქვთ სიცოცხლის უფლება, როგორც ადამიანებს. უფრო მეტიც, თუკი ზრდასრულ ადამიანს მეტ-ნაკლებად შეუძლია თავისი უფლებების დაცვა, ცხოველი ყველაზე დაუცველი არსებაა - მან უნდა იბრძოლოს გადარჩენისთვის სამყაროში, სადაც ცხოველების წამებით ადამიანები არა მარტო საკვებს ამზადებენ, არა მარტო ქურქებს და ტყავის ტანსაცმელს აწარმოებენ, არამედ სანახაობებსაც ქმნიან - ერთობიან ცხოველთა წამების სცენებით. ზოგიერთ ქვეყანაში ცხოველთა უფლებების დამცველები ცხოველებზე სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგაც გამოდიან. მაგალითად, ცხოველთა უფლებების დამცველი-აქტივისტი თინა ჭავჭანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს:

”მეცნიერებაში ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ცხოველებზე, რადგან ადამიანზე ვერ ჩაატარებ... მეცნიერება განვითარდა ისე, რომ არსებობს მეთოდები, რომელიც ზოგავს ამ ცხოველებს. უბრალოდ, უფრო იაფი ჯდება, როცა აიღებ კურდღელს, აწვეთებ მას განუწყვეტლივ სარეცხ საშუალებას, რომლითაც რეცხავ ჭურჭელს. მერე ეს ცხოველი ბრმავდება... არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს კურდღელი წამების გზით მიდის ჯერ სიბრმავემდე და მერე სიკვდილამდე.”

10 დეკემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სანთლებს დაანთებენ იმ ცხოველების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, რომელთაც ადამიანები აწამებენ. თბილისში, წიგნის სახლში, გამსახურდიას ქუჩაზე, ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი იწვევს საქართველოში ცხოველთა დაცვის ყველა ორგანიზაციას დისკუსიისა და მომავალში ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის ცხოველთა უფლებების დასაცავად. გაგახსენებთ, რომ საქართველოში ცხოველთა დაცვისადმი მიძღვნილ ჩვენს ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაზე კომენტარებში გამოითქვა პრეტენზია, რომ ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი ცდილობს ერთგვარად დაჩრდილოს სხვა, ამავე პრობლემაზე მომუშავე, არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ჩანს, დისკუსია, რომელიც ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს, იგეგმება თბილისში, ერთგვარი რეაქციაცაა იმ პრეტენზიებზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG