Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დ’აგატას 7 წელი საქართველოში და მისი ცხოვრება ფოტოებში


ანტუან დ’აგატა თბილისის ფოტოფესტივალზე
ანტუან დ’აგატა თბილისის ფოტოფესტივალზე

ფოტოსააგენტო “მაგნუმის” ფოტოგრაფმა ანტუან დ’აგატამ საქართველოში 7 წელი იმოგზაურა, შეგროვებული ფოტოამბები წიგნად აქცია, შემდეგ ერთ მუყაოს ყუთში მოათავსა და, სპეციალურად თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში, წიგნი სახელწოდებით “Frontline” ფაბრიკაში მისული დამთვალიერებლისთვის გახსნა.

ფოტოგრაფი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლა ერთ-ერთ გამოწვევად მიიღო. ის ყოველთვის იმ ადგილას მიდის, რომელიც არ უნახავს, იმ ადამიანებისაკენ მიისწრაფვის, რომელთაც არ იცნობს, იზიდავს ის, რაც აშინებს, უყვარს შეცდომების დაშვება და ყოველთვის ცდილობს კომფორტის ზონას თავი დააღწიოს.

გადმოწერა

ანტუან დ’აგატას ნამუშევრებზე, ასევე მის საქართველოში ყოფნაზე, ფოტოგრაფი და ფოტოფესტივალის ორგანიზატორი გურამ წიბახაშვილი საუბრობს:

„ითვლება, რომ დოკუმენტური ფოტო მაშინ არის კარგი, როდესაც მასში არის მხატვრული ელემენტი და იგი გააზრებულია როგორც მხატვრული ელემენტი. დ’აგატას შემთხვევაში, როდესაც უყურებ გამოსახულებას, იმდენად მხატვრულია, რომ შეიძლება ვერც მიხვდე, რომ იგი დოკუმენტურია, თუმცა გრძნობ, რომ ეს ამბავი, რაც ფოტოზე ხდება, ნამდვილია. ძალიან რთულია ეს აკეთო და მას ეს შეუძლია. ეს ის ფოტოგრაფია, ვისთვისაც არა გამოსახულება, არამედ ურთიერთობაა მთავარი. ის იღებს იმ ფოტოს, რასაც ის განიცდის და სადაც ის განიცდის, საქართველო კი არის ის ადგილი, სადაც ის განიცდის“.

დ’აგატას განცდების ხილვა ფაბრიკაში ფოტოწიგნების გვერდით, დიდ ეკრანზე შეიძლებოდა. მისი დოკუმენტური ფოტონამუშევრები რამდენიმე წამში ერთხელ ერთმანეთს ენაცვლებოდა. იყო პორტრეტები, შენობები, ბორდელები, შიშველი სხეულის სილუეტები და ემოციები, რომელიც ტანჯვას და ტკივილს ასახავს.

როგორც დ’აგატა ამბობს, იგი არ აჩვენებს, უბრალოდ, ტანჯვას ან ავადმყოფობას, რომელსაც ირგვლივ ხშირად ვხვდებით. მისთვის ყველაზე მეტად ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა საინტერესო:

„მე ვცდილობ ვაჩვენო რა ხდება ადამიანებში, მათ თავში, მათ სხეულში, ავსახავ მათ ემოციებს, მათ სენტიმენტებს. ასე რომ, მე ვეთამაშები ზედაპირს, თუმცა მათ კანში ვცდილობ შეღწევას. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფიის მთავარი ძალა რეალობის ასახვაშია, თუმცა ვთვლი, რომ ფოტოგრაფია, როგორც უნარი, ყველას აძლევს საშუალებას, რომ ააშენოს თავისი საკუთარი პერსპექტივა, საკუთარი ხედვა. ასე რომ, სადაც არ უნდა წავიდე, მე ვ ც ვ ლ ი რეალობას, რათა დავამკვიდრო საკუთარი პერსპექტივა. ასე რომ, სამყარო, რომელშიც ვმოგზაურობ და ვმოძრაობ, ჩემი მსგავსია და მე ვეძებ ადამიანებს, რომლებიც სამყაროს ისეთივე ბნელ ზონაში არიან, როგორშიც მე, ვინც ვიზიარებთ ერთსა და იმავე აკვიატებებს, შიშებსა და სურვილებს. ასეთი გზით მე ვცდილობ ფორმა მივცე სამყაროს, რომელიც შეიძლება არაა ისეთი, როგორადაც მას ბევრი ადამიანი ხედავს და იაზრებს, თუმცა იგი ნამდვილად არსებობს და ეს სამყარო მრავალი დაკარგული ადამიანის ნაწილია“.

ვთვლი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პროექტი მაქვს - ჩემი ცხოვრება, რომელსაც შთაბეჭდილებითა და თავგადასავლით ვავსებ. რამდენიმე დღეში თურქეთში გავემგზავრები, მერე იაპონიაში და, ასე, მუდმივ მოძრაობას ვაპირებ...
ანტუან დ’აგატა

თავის ცხოვრებას საქმისგან არასდროს გამოყოფს - ამბობს, რომ ეს ერთი მთლიანი რამაა. ამბობს იმასაც, რომ მომავალი და წარსული ფოტოპროექტები არ აქვს, ხშირად უბრუნდება ძველ ამბებს და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქცია. ამიტომ უჭირს იმის თქმა, თუ რა იქნება მისი შემდეგი პროექტი:

„ვთვლი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პროექტი მაქვს - ჩემი ცხოვრება, რომელსაც შთაბეჭდილებითა და თავგადასავლით ვავსებ. რამდენიმე დღეში თურქეთში გავემგზავრები, მერე იაპონიაში და, ასე, მუდმივ მოძრაობას ვაპირებ“.

ანტუან დ’აგატას ფოტოჩვენება დასრულდა, ისევე როგორც ფოტოფესტივალი, თუმცა დ’აგატას ფოტოობიექტივიდან ასახული საქართველო ახლა სხვადასხვა ფესტივალსა და წიგნის ბაზრობაზე წავა, ერთი წლის შემდეგ კი ფრანგი ფოტოგრაფი ისევ დაუბრუნდება თბილისის ფოტოფესტივალს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG