Accessibility links

logo-print

ქვა გაცრეცილია, წარწერა თითქმის აღარ ჩანს. „9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა უკვდავსაყოფად“ - ძნელად იკითხება ქვაზე ამოტვიფრული ეს ტექსტი. სკვერი მოუვლელია. ეს სკვერი გორში, სამეფოს ქუჩაზეა, და 26 წელია აქ ადამიანები ყოველწლიურად ყვავილებით და გვირგვინებით მოდიან. მოჰყავთ ბავშვები, კითხულობენ ლექსებს, იხსენებენ გარდაცვლილებს და აღნიშნავენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

გორის მცხოვრები შალვა ცომაია მეგობრებთან ერთად ამ სკვერში ყოველწლიურად მოდის. ეროვნულ მოძრაობაში სტუდენტობიდან ჩაერთო, მერე უზენაესი საბჭოს წევრიც გახდა, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მისი ხელმოწერაცაა. შალვა იხსენებს, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დროს, გორი იყო ის ქალაქი, სადაც, დაკავებული ეროვნული მოძრაობის ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობის აქცია დაიწყეს.

თამაზ მაყაშვილი, 1989 წელს გორის საზოგადოებრივი საკრებულოს წევრი, იხსენებს, როგორ ცდილობდნენ გორელები თბილისში წასვლას, მაგრამ მაშინდელი მილიციისგან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. მაყაშვილი ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო, 1991 წლის 9 აპრილს კი, მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას ოპოზიციაში იყო, თანამოქალაქეებთან ერთად ზეიმობდა. მისი აზრით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. მაშინ გორის ქუჩებში მოქალაქეები მანქანებით გამოვიდნენ, დროშებს აფრიალებდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ.

გორის მცხოვრებ შალვა ტლაშაძეს 9 აპრილი მის მიერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ნათქვამი ლექსებით ახსოვს. მაშინ პირველი კლასის მოსწავლე იყო. ამ თარიღის გააზრების შემდეგ ის მიიჩნევს, რომ 1989 და 1991 წლის 9 აპრილი იყო საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი ერთიანობის დღეები. მისი აზრით, საბოლოო მიზნამდე, სრულ თავისუფლებამდე და დამოუკიდებლობამდე, გზა ისევ გასავლელია.

ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წარმომადგენელს კატო ქოთოლაშვილი ფიქრობს, რომ 9 აპრილის მნიშვნელობა დღემდე არ არის ბოლომდე გააზრებული და ხშირად ქართველები სხვა დღეებს უფრო მეტად ადიდებენ. მისი აზრით, ბოლო 20 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობას საფრთხე არაერთხელ შეჰქმნია და საფრთხეები ახლაც არსებობს.

გორი არის ქალაქი, სადაც საფრთხეების დანახვა და გააზრება ყოველთვის შეიძლება. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 9 მაისს, აქ ადამიანების ერთი ნაწილი ქუჩაში ისევ გამოვა, ოღონდ გამოვა იმ წითელი საბჭოთა დროშით, რომლის წინააღმდეგაც 27 წლის წინ 9 აპრილის მონაწილეები გამოდიოდნენ და დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. გორი არის ქალაქი, სადაც ჯერ კიდევ პატივს სცემენ საბჭოთა დიქტატორს და, პარალელურად, აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს. გორი არის ქალაქი, რომელიც რუსულმა ავიაციამ დაბომბა, მაგრამ, ბოლო კვლევების მიხედვით, ევრაზიულ კავშირს აქ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. გორი არის ქალაქი, სადაც საბჭოთა ბელადის ძეგლის დადგმას ითხოვენ და ამ დროს 9 აპრილის სკვერი მოუვლელი აქვთ. გორი არის ქალაქი, სადაც სტალინის სადღეგრძელოს სვამენ და იქვე აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისას ამბობენ. გორი არის ქალაქი, სადაც...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG