Accessibility links

logo-print

„ახლობლები ეუბნებოდნენ: არ წახვიდე, შვილო, არ წახვიდე...“


2009 წლის 10 აპრილი, თბილისი

2009 წლის 10 აპრილი, თბილისი

27 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ მომიტინგეებს 9 აპრილის ღამეს საბჭოთა ჯარი ნიჩბებით, ხელკეტებითა და მომწამვლელი გაზით გაუსწორდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა გოგონები იყვნენ.

1989 წლის 10 აპრილს ათასობით ადამიანმა სამსახურში დაიგვიანა. გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ ამის მიზეზი სატრანსპორტო სამსახურების მასობრივი გაფიცვა იყო. შეუფერხებლად მხოლოდ მეტრო მუშაობდა. იმ ავტობუსებს, რომლებიც მაინც გამოვიდნენ ქუჩაში, მოსახლეობა ხვდებოდა და მინებს უმტვრევდა, მძღოლებს ემუქრებოდნენ და გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ... წინა დღეს რუსულმა ჯარმა თბილისში 21 ადამიანი შეიწირა.

მარიკა ცხოვრებაშვილი და მზია ჯინჭარაძე მიტინგებზე რეგულარულად დადიოდნენ. იმ დღეს მარიკა თავის 9 წლის შვილთან ერთად იყო და დიდხანს ვერ გაჩერდა. მზიამ თქვა, სახლში წავალ, ფეხსაცმელს გამოვიცვლი, დაბალქუსლიანებს ჩავიცვამ და ისევ უკან დავბრუნდებიო:

„შემთხვევით დავბრუნდი სახლში, ბავშვი მახლდა და იმიტომ. მზია მერე მორგში ვნახე. დილით გამაღვიძეს, დაარბიესო, და პირველი, რაც მომივიდა აზრად, ის იყო, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავედი. რომ შევედი, დავინახე დაბლებზე ფეხსაცმელები და გამოვხურე კარები, არა, ეს მზია არ იქნება-მეთქი. მერე გამახსენდა, რომ თქვა, დაბლები უნდა ჩავიცვაო“.

იმ დღეს, დღისით, ტანკები გაატარეს რუსთაველზე და ამიტომ დარჩა ამდენი ხალხი, არეულობა არ მოხდესო. რამდენადაც ვიცი, სამსახურიდან იყო მანდ. მათი ბრიგადა მოშიმშილეებს ეხმარებოდა, ზოგს წამალი სჭირდებოდა, ზოგს სხვა რამ...

მარიკა ცხოვრებაშვილი ამბობს, რომ მზია საოცრად პოზიტიური ადამიანი იყო. ქმარი და ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ დარდს არასდროს იმჩნევდაო:

„არავის წინაშე არ გამოამჟღავნებდა ამას. ისიც გვიან გავიგე, რომ ეკლესიური გახდა და მარხულობდა. კიდევაც მითხრა, იმარხულეო, ნახე, როგორ ყველაფერს შეძლებო. 7 აპრილს, ხარებას, ეზიარა და ძალიან ბედნიერი იყო“.

მარტვილში მეორე საჯარო სკოლა აზა ადამიას სახელობისაა, იქ მისი სახელობის მონუმენტიც გააკეთეს. ძმა, კობა ადამია, იხსენებს, რომ აზა ინტენსიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში და, საერთოდ, გეგმავდა, პოლიტიკას გაჰყოლოდა, თუმცა მისი სპეციალობა სულ სხვა იყო - სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა:

„მეხუთე კურსზე იყო, ამთავრებდა. 11 აპრილს დიპლომი უნდა აეღო და ცხრაში ეს მოხდა“.

შალვა ქვასროლიაშვილის შვილი კი, ირაკლი, 9 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა:

„მე ვიყავი ცხრა წლის 1989 წელს. იმის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივ წავიდა. ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ. ერთი ეგ არის, რომ მამაჩემი გმირულად დაიღუპა“.

ვახტანგ ჭიპაშვილი, ელისო ჭიპაშვილის ძმა, ამბობს, რომ ელისო ორსულად იყო. ამის გამო მიტინგებს ერიდებოდა კიდეც:

„იმ დღეს, დღისით, ტანკები გაატარეს რუსთაველზე და ამიტომ დარჩა ამდენი ხალხი, არეულობა არ მოხდესო. რამდენადაც ვიცი, სამსახურიდან იყო მანდ. მათი ბრიგადა მოშიმშილეებს ეხმარებოდა, ზოგს წამალი სჭირდებოდა, ზოგს სხვა რამ...“

ნინო თოიძე კი, პირიქით, არ ერიდებოდა მიტინგებს. მიუხედავად ამისა, მისი და, ქეთინო თოიძე, იხსენებს, რომ მაინცდამაინც არ ღელავდნენ:

„ოზურგეთში ვცხოვრობდით მაშინ. ნინო სტუდენტი იყო. ვიფიქრეთ, რომ მშვიდობიანი აქცია იყო და არავინ ჩამოვაკითხეთ. ვურეკავდით, მაშინ მობილურებიც არ არსებობდა. დედა ცუდ სიზმრებს ხედავდა და მაინც ეშინოდა. 22 წლის იყო ნინო, 23-ის მერე გახდა. მამაჩემმა გადაუხადა დიდი დაბადების დღე, მაგრამ თვითონ ვეღარ მოესწრო“.

საბჭოთა ტანკები თბილისში 9 აპრილის შემდეგ

საბჭოთა ტანკები თბილისში 9 აპრილის შემდეგ

მამუკა ნოზაძის სახსოვრად ლაგოდეხში ყოველ 9 აპრილს შეჯიბრება იმართება, მამუკაობა. მისი და, ინგა ნოზაძე, ამბობს, რომ გარდამავალი პრიზიც აქვთ დაწესებული:

„2 აპრილს იყო ბოლოს სახლში, ლაგოდეხში, გვითხრა, რომ შემდეგ შაბათ-კვირას არ ჩამოვიდოდა, რადგან ჯგუფელის ქორწილში იყო დაპატიჟებული. სინამდვილეში, თურმე აქციებში მონაწილეობდა. არ ველოდებოდით და მერე მოულოდნელად გვითხრეს, რომ გარდაიცვალა. რა დღეშიც ჩავვარდებოდით, გასაგებია“.

ეკა ბეჟანიშვილი 15 წლის იყო. მშობლებს არ ეუბნებოდა, რომ მიტინგებზე დადიოდა. 9 აპრილს ჯერ რეპეტიტორს მიაკითხა, მაგრამ რადგან სახლში არ დახვდა, პირდაპირ რუსთაველისკენ წავიდა. იმ ღამეს იქ იყვნენ მისი მშობლებიც. მოგვიანებით თამაზ ბეჟანიშვილმა შვილი მორგში, მეუღლე კი საავადმყოფოში იპოვა - ნელი ყანჩაველი დღემდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია:

„ჩემმა ახლობელმა იპოვა, ამოიცნო. მე ორჯერ შევსულვარ იმ მორგში და ვერ ვიცანი ბავშვი, დასახიჩრებული იყო, ვერ ვიცანი, რა ვიცი. ჩემი მეუღლე, ორი კვირა აზრზე არ ვიყავით, სად იყო და საავადმყოფოში ყოფილა. ჩემი მეუღლე არც დაკრძალვაზე იყო, არც ორმოცზე იყო, არ იცოდა მან არაფერი..."

თამუნა დილიძემ მოშიმშილეებისთვის ლეიბები და პლედები სახლიდან გაზიდა, საჭმელიც მიჰქონდა. 9 აპრილს ბიძაშვილებთან ერთად იდგა წინა რიგებში. პატრიარქის გამოსვლის შემდეგ ბავშვებს შეეშინდათ და სახლში დაბრუნდნენ, თამუნა კი დარჩა. გამზრდელი ბიცოლა, მერი ბუზალაძე, მას მთელი ღამე ელოდებოდა:

„გზაში შეხვედრიან ახლობლები, რომლებიც ეუბნებოდნენ თურმე, რომ არის დიდი საშიშროება, არ წახვიდე, შვილო, არ წახვიდე...მე შვილი მყავს გარდაცვლილი, 18 წლის, თამუნას ძუძუმტე. აივანზე ვიდექი, ცისკარი იყო და ღმერთს ვევედრებოდი: „უფალო დამეხმარე, გადამირჩინე თამუნა“.

ისე კი ამბობდა ნინო, რომ დასჭირდეს ჩემ საქართველოს, შევეწირებიო, მაგრამ მეგონა, ეს მასხრობით იყო ნათქვამი. არ მეგონა, თუ მართლა ასე მოხდებოდა...

ბოლოს თამუნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, ახლანდელ 9 აპრილის ქუჩაზე შენიშნა ნაცნობმა:

„ჯარისკაცები „დუბინკებს“ ურტყამდნენო თამუნას, თამუნა კი ფარს ეჭიდებოდა... ისეთი დასიებული იყო, მორგში რომ მივედი, ვერ ვიცანი. დავდივარ, ვეძებ, ვეძებ და მერე პალტო დავინახე“.

როდესაც დარბევა დაიწყო, ხალხსა და ჯარს შორის მილიციელები ჩადგნენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ბევრი გადაარჩინეს კიდეც. წიგნში „9 აპრილი“ სერჟანტი თეიმურაზ როსტიაშვილი წერს: „ჯოჯოხეთი დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. როცა ყველაფერი ოდნავ მიწყნარდა, ჩვენმა მეთაურებმა გვიბრძანეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში წასვლა, საითკენაც სასწრაფო დახმარებამ დახოცილები და დაშავებულები წაიყვანა. ჩვენი ვალი იყო საავადმყოფოში, კერძოდ, პროზექტურაში არეულობა არ მომხდარიყო. ის შავგვრემანი ქალიშვილი კი, რომლის გამოყვანასაც ვლამობდი, უკვე პროზექტურაში დაესვენებინათ“.

თამაზ ბეჟანიშვილი: „როგორც ჩემს შვილს უნდოდა, იმ მიტინგებზე რომ დადიოდა, რისთვისაც დადიოდა, რატომაც დადიოდა, ეს ცოტა ახლა გამოკეთდა, ბოლო ორი წელია და ჩანს კიდეც ეს ამბავი..."

მერი ბუზალაძე: „ძალიან დიდი ნუგეში იყო, რომ ის მოხვდებოდა სასუფეველში. მე მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა და გავაგრძელე ცხოვრება..."

ქეთინო თოიძე: „ისე კი ამბობდა ნინო, რომ დასჭირდეს ჩემ საქართველოს, შევეწირებიო, მაგრამ მეგონა, ეს მასხრობით იყო ნათქვამი. არ მეგონა, თუ მართლა ასე მოხდებოდა..."

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG