Accessibility links

1989 წლის 9 აპრილის ღამეს საბჭოთა ჯარების მიერ გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერებით ასობით ადამიანი მოიწამლა. ამ ნივთიერებამ იმსხვერპლა არაერთი მათგანი, მათ შორის, იმავე ღამეს.

მოგვიანებით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შედეგად, გაირკვა, რომ ეს მომწამვლელი ნივთიერება იყო ქლორაცეტოფენონი, ე.წ. „ჩერიომუხა“, და გაზი „სი-ესი“.იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საბჭოთა კავშირში ამ საშუალებების გამოყენება დაშვებული არ იყო. მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებას მაშინ უარყოფდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახური. ამ ინფორმაციას უარყოფდნენ საკავშირო შს და თავდაცვის სამინისტროებიც. დღეს 9 აპრილს მოწამლულები სახელმწიფოსგან 22-დან 44 ლარმდე დახმარებას იღებენ. მათ უკვე წლებია შეუწყდათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვა სოციალური შეღავათები.

1989 წლის 13 აპრილის „ახალგაზრდა კომუნისტი“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ტრაგედიის შედეგების კვალდაკვალ“. სტატია ექიმებისა და 9 აპრილის ღამეს მოწამლული დემონსტრანტების ინტერვიუებზეა აგებული. აი, რას ეუბნება გამოცემის კორესპონდენტს #1 საავადმყოფოს მორიგე ექიმი მიხეილ თეთროქალაშვილი:

„იმ საბედისწერო ღამეს კლინიკამ მიიღო 63 დასახიჩრებულ-მოწამლული და 14 გვამი. დაზარალებულთა უმეტესი ნაწილი ტოქსიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იყვნენ გაბრუებულები, აღენიშნებოდათ გულის რევის შეგრძნება... დღეს კლინიკაში კიდევ ერთი გოგონა დაიღუპა მოწამვლის ნიადაგზე. ერთიც მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მისი გადარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი თუ არსებობს და ისიც, სამწუხაროდ, უმცირესი. გაზით მოწამლულები მეორე დღეს უფრო მძიმედ შეიქნენ, რადგან მათ ორგანიზმზე შეესხურათ მავნე ნივთიერება“.

დაზარალებულების გადმოცემით, ორგვარი მომწამვლელი გაზი გამოუყენებიათ 9 აპრილს უბედურების ჩამდენთ: ერთი, რომელსაც დეზოდორანტისმაგვარი ბალონებით ასხურებდნენ და მეორე, რომლებსაც შორ მანძილზე ისროდნენ, რის შედეგადაც გაზის კაფსულები ფეთქდებოდნენ...

კიდევ ერთი ექიმი, ვახტანგ ფიფია, ამავე კორესპონდენტთან იმ ნივთიერებებზე ლაპარაკობს, რომელიც 9 აპრილის ღამეს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა:

„დაზარალებულების გადმოცემით, ორგვარი მომწამვლელი გაზი გამოუყენებიათ 9 აპრილს უბედურების ჩამდენთ: ერთი, რომელსაც დეზოდორანტისმაგვარი ბალონებით ასხურებდნენ და მეორე, რომლებსაც შორ მანძილზე ისროდნენ, რის შედეგადაც გაზის კაფსულები ფეთქდებოდნენ. ამ გაზით მოწამლულ ავადმყოფებს ცრემლის დენისა და პირღებინების შემდეგ, გასაგებად რომ ვთქვათ, ეწყებოდათ გამოლენჩება, მოძრაობა შეუძლებელია, წნევა - მაღალი“.

ვაჟა მამულაშვილი 9 აპრილის ღამეს მოიწამლა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში ორი თვის განმავლობაში იწვა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებდნენო, გვიყვება ის:

„ჩვენ ყველას გვეგონა, რომ, უბრალოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როდესაც ჯავშანტრანსპორტიორებიდან ისროდნენ ამ ნივთიერებას, მიწაზე რომ ეცემოდა, სკდებოდა, თეთრი კვამლი ამოდიოდა და იშლებოდა. ყელისა და თვალების საშინელი წვა დაგვეწყო, ხველება, ვეღარ ვხედავდით. 12 აპრილს გავხდი ცუდად, დამაწვინეს საავადმყოფოში და 3 ივნისს ძალით გამოვეწერე. აღარ შემეძლო, დავიღალე. დამიტოვა სისხლძარღვთა პრობლემები, თავის ტკივილი. ნერვიული სისტემის მოშლა“.

მარიკა ცქიტიშვილი მაშინ მოიწამლა, როდესაც დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მთავრობის სახლის წინ მიტანილი ყვავილები სიონის ეზოში გადაჰქონდათ. მარიკა არ იყო ერთადერთი, რომელიც ყვავილებში დალექილმა ნივთიერებამ მოწამლა. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო დამძიმდა, სპეციალურად მოწამლულთათვის გახსნილ სამედიცინო პუნქტში მივიდა:

„გონება დავკარგე ორჯერ და მერე მივხვდი, რომ ალბათ მოწამვლის ბრალი იყო და მივედი იმ სამედიცინო პუნქტში, სადაც გერმანელები იყვნენ ჩამოსულები და მოწამლულებს წამლებს აძლევდნენ. დიდი რიგი იყო. ზოგი ხელითაც მოჰყავდათ“.

1989 წლის 3 მაისს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, მედიკოსებისათვის ცნობილი გახდა იმ ტოქსიკურ ნივთიერებათა შემადგენლობა, რომელიც თბილისში გამოიყენეს.

„ცნობილ გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან ერთად, 9 აპრილს გამოიყენეს ტოქსიკოლოგებისათვის უცნობი შედგენილობის ნივთიერებანი, „სი-ესი“. იგი აგრეთვე განეკუთვნება გამაღიზიანებელთა ჯგუფს, მაგრამ აქვს უფრო გამოხატული ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

27 წლის წინანდელ ამბავს, მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, იმ ღამეს ექიმები გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ უწევდათ ბრძოლა იმ ქიმიურ იარაღთან, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ და, შესაბამისად, სწორი მკურნალობის დანიშვნაც რთული იყო:

ირაკლი მენაღარიშვილი

ირაკლი მენაღარიშვილი

„ექიმებმა მომართეს ჯანმრთელობის სამინისტროს. სამინისტრომ სცადა დაკავშირება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურთან, მათ ოფიცრებთან. შემდეგ უკვე პარტიის ცეკასა და მთავრობის წარმომადგენლობების მეშვეობით დავუკავშირდით საკავშირო შს და თავდაცვის სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლებს და ვცადეთ გაგვერკვია, თუ რა საშუალება იქნა გამოყენებული დემონსტრანტების დასაშლელად, რომ მისი ანტიდოტი მოგვეძებნა და დავხმარებოდით ადამიანებს, მაგრამ ყველა ამ მიმართვისას პასუხი იყო ერთი, რომ არავითარი ქიმიური საშუალება არ ყოფილა გამოყენებული“.

მაშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ქართველ ექიმებს იმის გარკვევაში, თუ რა ქიმიურ შენაერთთან უწევდათ ბრძოლა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ყველა ოფიციალური სამხედრო პირი უარყოფდა, რომ დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ქიმიური იარაღი, მოსკოველმა და ლენინგრადელმა ექსპერტებმა, რომლებიც ქართველი ექიმების დასახმარებლად ჩამოვიდნენ, გამოიჩინეს მოქალაქეობრივი და პროფესიული გმირობა და წერილობით დაადასტურეს, რომ თბილისში გამოყენებული იყო ქიმიური აგენტი და ადგილი ჰქონდა ადამიანების მასობრივ მოწამვლას:

„ამის დამალვა უკვე აღარ შეიძლებოდა და შეიქმნა ორი საგამოძიებო კომისია, რომელთაც ამგვარი გზით მიტინგის დარბევის გამოძიება დაევალათ. შინაგან საქმეთა და სამხედრო უწყება იძულებული გახდა ეღიარებინა მინიმუმ ორი ქიმიური საშუალების გამოყენება. ერთი იყო ქლორაცეტოფენონი, ე.წ. „ჩერიომუხა“, და მეორე გაზი „სი-ესი“. საბჭოთა კავშირში არც ერთი ამ ნივთიერების გამოყენება დაშვებული არ იყო. ამას შემდგომ მოჰყვა საქმის აღძვრა, მაგრამ ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა“.

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, დღემდე არ არის დადასტურებული მხოლოდ ამ ქიმიური საშუალებებით ამოიწურებოდა თუ არა ის, რაც საბჭოთა ჯარმა გამოიყენა დემონსტრანტების დაშლისას, რადგან ექსპერტების, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების გარკვეულ ნაწილს ეჭვი ჰქონდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ის ქიმიური არსენალი, რომელიც 9 აპრილის ღამეს იქნა გამოყენებული თბილისში.

მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შესახებ წერია იმ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულ ეროვნული უსაფრთხოების არქივში, 1989 წლის 26 აპრილიდან ინახება და რომელსაც წლების მანძილზე გრიფი „საიდუმლო“ ედო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსხვერპლთა სიმპტომების მიხედვით, სავარაუდოდ, ჯარისკაცებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და პირღებინების გამომწვევი მომწამლავი ნივთიერებები.

ირაკლი მენაღარიშვილის სიტყვებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკავშირო ხელისუფლება იძულებული გახდა ასეთი ფაქტის სამედიცინო შედეგების გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის დაეშვა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში უცხოელი სპეციალისტები. წითელი ჯვრის დახმარებით საქართველოში ჩამოვიდნენ ტოქსიკოლოგები შვეიცარიიდან. მოგვიანებით მათი დასკვნა გახდა ძირითადი ინსტრუმენტი, რომელსაც ქართული მხარე იყენებდა მოსკოვში გამართულ მწვავე დისკუსიებში იმის გამოსაკვლევად, თუ რა ნივთიერება გამოიყენა საბჭოთა ჯარმა დემონსტრანტების დასაშლელად.

9 აპრილის ღამის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს 1000-ზე მეტმა დაზარალებულმა მიმართა. ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, სულ მცირე 200 შემთხვევაში დადასტურდა კლინიკური სურათი ქიმიური საშუალებით მოწამვლისა. რაც შეეხება 21 დაღუპულს, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს:

„რეალურად, დაღუპულთა საერთო რიცხვში, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ორ შემთხვევას, როდესაც ერთი ახალგაზრდა თავში მიყენებული დარტყმის შედეგად დაიღუპა იმ ღამეს და მეორე კომენდანტის საათის დროს მოკლეს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში ქიმიური აგენტის დამაზიანებელი ფაქტორი უეჭვეალად იყო სახეზე“.

ვაჟა მამულაშვილი

ვაჟა მამულაშვილი

„9 აპრილის“ ფონდის ვიცე-პრეზიდენტის ვაჟა მამულაშვილის თქმით, დღესდღეობით საქართველოში 9 აპრილს დაზარალებული 900-მდე ადამიანია აღრიცხული. 1999 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი 9 აპრილს დაზარალებულთათვის სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული კანონის მიხედვით, 9 აპრილს დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახები არაერთი სოციალური შეღავათით სარგებლობდნენ, თუმცა 2006 წელს კანონში შვიდა ცვლილებები, რომლითაც სოციალური შეღავათების უმეტესობა ძალადაკარგულად გამოცხადდა. დღესდღეობით 9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ყოველთვიურად 44 ლარს იღებენ, დანარჩენი დაზარალებულები კი - 22 ლარს. ვაჟა მამულაშვილის თქმით, 9 აპრილს დაზარალებულებმა არაერთხელ მიმართეს პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური შეღავათების აღდგენის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში მიმართა საქართველოს პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციებით, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა აღიარონ და ჯეროვნად დააფასონ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა წვლილი ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში და მოამზადონ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, მაგრამ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ამ ეტაპზე კანონმდებლობაში ცვლილებები არ იგეგმება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG