Accessibility links

რუსეთის სამხედროებმა სამი მოსწავლე დააკავეს


საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციული საზღვარი

საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციული საზღვარი

საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედროების მიერ 10 დეკემბერს დაკავებული საბერიოს სკოლის მე-11 კლასის სამი მოსწავლე გათავისუფლებულია.

ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის საკუთარ სახლში, ოკუპირებულ სოფელ ლეკუხონაში იმყოფება, რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ის დააკავეს გუშინ დილით, როცა თავის კლასელებთან ერთად ოკუპირებული სოფლიდან წალენჯიხის სოფელ საბერიოს სკოლაში მიდიოდა.
ეს ბავშვები გათავისუფლდნენ, ეს ამ ეტაპზე, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცით. არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ იგივვე არ მოხდება. სამი დღის წინაც იყო მსგავსი ფაქტი, მაგრამ მაშინ არ დაუკავებიათ, უკან დააბრუნეს ბავშვები...
მოზარდები შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ, რადგან ე.წ. ოფიციალური გადასასვლელი, სადაც რუსეთის სამხედროები დგანან, მათი სოფლიდან 7 კილომეტრის დაშორებითაა. მოსწავლეებთან ერთად, საზღვრის დარღვევის ბრალდებით, სხვა მგზავრებიც დააკავეს:

„სკოლაში რომ მივდიოდით, საზღვრის გადმოსვლის დროს დაგვაკავეს. ლეკუხონაში რომ აქვთ ბაზა, იქ გადაგვიყვანეს, შემდეგ გალში, აფხაზურ მილიციაში, და შემდეგ გაგვათავისუფლეს. გვითხრეს, აწი არ გადახვიდეთო“.

მოზარდის ცნობით, გასათავისუფლებლად მოსწავლეებს თანხა არ გადაუხდიათ, განსხვავებით მათთან ერთად დაკავებული სხვა მგზავრებისაგან, რომლებიც 300 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაუთავისუფლებიათ.

საბერიოს სკოლაშო მოზარდების დაგვიანებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან მათ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა უწევთ. სწორედ ამიტომ 3 მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ პირველი საჯაროს სკოლის დირექტორმა წალენჯიხის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლირა ღურწკაიას შეატყობინა:

„დავურეკეთ მშობლებს. აღმოჩნდა, რომ ბავშვები დაკავებული იყვნენ რუსების მიერ. ბავშვების ბიძაშვილი უკან მიაბრუნეს. ის მივიდა სახლში და მან მიიტანა ინფორმაცია“, - გვიხნის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

ფახულანის წყოუშის თემის სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია აცხადებს, რომ საბერიო-ფახულანის ე.წ. საზღვარზე, რომელიც მისი სკოლიდან 700 მეტრში მდებარეობს, მოსწავლეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მუდმივი და მოუგვარებელი პროებლემაა.
წყოუშის სკოლა

წყოუშის სკოლა


სკოლის დირექტორის თქმით, მსგავსი შემთხვევა, რომელიც 10 დეკემბერს ე. წ. სასაზღვრო ზოლზე დაფიქსირდა, ადრეც ყოფილა.

ამასთან, სკოლის დირექტორი შიშობს, რომ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში სასწავლებლად გადმოსვლის მსურველებს საფრთხე მომავალშიც ემუქრებათ და ამის პრევენციის არანაირი საშუალება არ არსებობს:

„ეს ბავშვები გათავისუფლდნენ, ეს ამ ეტაპზე, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცით. არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ იგივვე არ მოხდება. სამი დღის წინაც იყო მსგავსი ფაქტი, მაგრამ მაშინ არ დაუკავებიათ, უკან დააბრუნეს ბავშვები“, - განაცხადა ვახტანგ გოგოხიამ.

მოსწავლეების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში.

უწყების ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსწავლეების დაკავების შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.

ოკუპირებული საბერიოს მოსაზღვრე წყოუშის სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ ყოველთვიურად კლებულობს მოსაზღვრე სოფლებიდან გადმომსვლელ მოსწავლეთა რაოდენობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ე.წ. საზღვარზე გადაადგილების უფლება აქვთ შეზღუდული.
XS
SM
MD
LG