Accessibility links

logo-print

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ჭრილში, რეგიონალური უსაფრთხოების რისკები, გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნები და ზრუნვა ბიზნესის ხელშეწყობისთვის – ამ და სხვა აქცენტებით, 26 ივლისს თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა.“ამბასადორიალი 2016“, რომელიც 29 ივლისამდე გასტანს, განიხილება მნიშვნელოვან ფორუმად ელჩებსა და ხელისუფლებას შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გეგმების დასახვისა და კოორდინირების გაძლიერებისათვის. შეკრებილთა კომუნიკაციის პროცესი ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

„გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებასთან ადაპტირებული დიპლომატია“ – პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასე ახასიათებს დიპლომატიას, რომელიც წარმატების მისაღწევად ესაჭიროება საქართველოს – მსოფლიოში განვითარებული რთული მოვლენების ფონზე. 26 ივლისს, როდესაც თბილისში, პარლამენტის შენობაში, „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავდა. პრემიერ-მინისტრმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ დიპლომატებს მუშაობა შეუქო და, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

„ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიდრე ნიუანსების შესახებ მსჯელობა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდებოდა, დიპლომატებმა სამომავლო საქმიანობის შემადგენელი მკაფიო მესიჯები და მოწოდებები მოისმინეს. პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანეს მიზნებად დაასახელა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე გამოკვეთილი უსაფრთხოების ამოცანების შესრულება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დაგვირგვინება უახლოეს მომავალში. ზოგადად, სავიზო ლიბერალიზაციის მოლოდინი ამბასადორიალის ფარგლებში ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში კომენტარი გააკეთა საქართველოს წარმომადგენელმა ევროკავშირში, ელჩმა ნატალია საბანაძემაც. მისი განმარტებით, პროცესს არაფერი აფერხებს, პროცედურები სექტემბერში გაგრძელდება და იმედია, რომ „უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება“.

აშკარაა, რომ სახელმწიფო სულ უფრო მეტად კარგავს კონტროლს ინფორმაციის შინაარსსა და მისი გავრცელების სისწრაფეზე, რადგანაც საინფორმაციო ქსელი განუწყვეტლივ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუტები კი, ხშირ შემთხვევაში, დროულად ვერ ახდენენ ცვლილებებთან ადაპტირებას...

ამბასადორიალის ფარგლებში საუბარი, ცხადია, ვერ ასცდებოდა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა ელჩების კიდევ ერთ დამსახურებად და, ასევე, მომავლის უცვლელ ამოცანადაც დასახელდა. რუსეთის ფაქტორს, პრემიერ-მინისტრის გარდა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეეხო. ამბასადორიალის მისასალმებელ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს კარგად უნდა დავანახვოთ საქართველოს პოზიცია:

„ნათელია, რომ უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში. საერთაშორისო ურთიერთობების ის იმიტაცია კი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე. წ. აფხაზეთისა და ე. წ. ოსეთის სახელმწიფოებთან რაღაც ტიპის დიპლომატიური შეთანხმებების გაფორმებით, რეალურად მხოლოდ დაცინვაა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართალზე“.

ევროკავშირისა და ნატოსკენ თანმიმდევრული სვლის ხელშეწყობის გარდა, პრეზიდენტი ელჩებისგან მსოფლიო კონტექსტში აღმოცენებული სხვა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებასაც მოელის. მაგალითად, ეს შეეხება ბრიტანეთის რეფერენდუმის კვალდაკვალ მოსალოდნელ ცვლილებებსა თუ ირანთან სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების შანსებს. პრეზიდენტმა ილაპარაკა შესაძლებლობათა გამოყენებაზე, როგორც ქვეყნის წინსვლის აუცილებელ განმაპირობებელ ფაქტორზე.

“ამბასადორიალ 2016”-ს მომავალი წლის წარმატებების განმსაზღვრელი უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და იქვე განმარტა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ქართული დიპლომატიისგან ახალ ამოცანებსა და მუშაობის უფრო ეფექტიან გზებს მოითხოვს. 26 ივლისს, როცა თბილისში, პარლამენტის შენობაში, ამბასადორიალის ფარგლებში შეკრებილ ელჩებსა და მოწვეულ სტუმრებს მიმართავდა, მინისტრმა ჯანელიძემ „სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია“ ახსენა და გაახმაურა გადაწყვეტილება, რომ წლევანდელი ამბასადორიალის კონცეფცია თანამედროვე გამოწვევებზე იქნება მორგებული. მისთვის ცხადია, რომ ტრადიციული დიპლომატია თანამედროვე ხერხებსა და საშუალებებს საჭიროებს:

მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე

„საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო მეტად იზრდება ე. წ. „რბილი ძალის“ მნიშვნელობა, რომლის შემადგენელი ელემენტები, ტრადიციული დიპლომატიის გარდა, არის საჯარო დიპლომატია და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. აშკარაა, რომ სახელმწიფო სულ უფრო მეტად კარგავს კონტროლს ინფორმაციის შინაარსსა და მისი გავრცელების სისწრაფეზე, რადგანაც საინფორმაციო ქსელი განუწყვეტლივ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუტები კი, ხშირ შემთხვევაში, დროულად ვერ ახდენენ ცვლილებებთან ადაპტირებას. გარდა ამისა, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო მეტად არის გაზრდილი არასახელმწიფო აქტორების, სოციალური ქსელებისა და თითოეული მოქალაქის, როგორც ინფორმაციის ყველაზე სწრაფად მიმღებისა და გამავრცელებლის, როლი“.

მიხეილ ჯანელიძე თვლის, რომ დიპლომატებს მაქსიმალური გახსნილობა და უშუალობა მოეთხოვებათ, მათ უნდა ჰქონდეთ, ასევე, მეტი ავტონომია რთულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების მიზნით და მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს ბიზნესის ხელშეწყობას. 2016 წლის ამბასადორიალის ფარგლებში საგანგებოდ დაიგეგმა დიპლომატების შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიზანს წარმოადგენს „საქართველოს ბიზნესის ინტერესების ლობირება სხვა ქვეყნებში და, ასევე, საერთაშორისო ბიზნესის დამატებით დაინტერესება საქართველოთი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG