Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები, პრეზიდენტის ვეტო და ბობოხიძის გინება


2014 წელი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველობის მეორე წელი, რომლის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დაპირების თანახმად, უნდა დაიწყოს ქვეყნის აღმავლობის პროცესი, თუმცა გასული წელი პირველ რიგში იმით იყო გამორჩეული, რომ მმართველმა კოალიციამ ვერ შეინარჩუნდა თავდაპირველი შემადგენლობა: „ქართული ოცნება“ დატოვა ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომლის წევრი დეპუტატები ასევე გამოეყვნენ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციაში გადავიდნენ.

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 15 ივნისს გაიმართა. ამასთან, არჩევნებს წინ უძღოდა თვითმმართველობის მასშტაბური რეფორმა, რომლის საფუძველზეც, პირველად საქართველოს ისტორიაში, პირდაპირი კენჭისყრით იქნა არჩეული მერი 12 თვითმმართველ ქალაქში და გამგებელი 59 რაიონში. თუმცა 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები მხოლოდ ამ ნიშნით არ ყოფილა გამორჩეული. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დროს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მეთვალყურეებმა შენიშნეს, რომ მასობრივი სახე მიიღო რეგიონებში ოპოზიციონერი კანდიდატების მიერ თავისივე ნებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმამ. სულ, ჯამში, 400-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგჯერ ზეწოლაში პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამ და სხვა დარღვევების გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ასე შეაფასა:

„ეს არჩევნები არ არის ისეთი ცუდი, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნები და არ არის ისეთი კარგი, როგორიც იყო 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები. სადღაც შუაში ვართ!“

წინასაარჩევნო გარემო დიდწილად გააუარესა პრემერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომლის თანახმადაც, ის არ დაუშვებდა სხვა პარტიების გამარჯვებას და მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ყოფილი მმართველი პარტია „რადარებიდან გაქრებოდა“, თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, ღარიბაშვილის ეს ქადილი არ გამართლდა: 15 ივნისის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 22 პროცენტი მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. არჩევნების დასრულებით საქმე არ მოჰკლებიათ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, რომელთა ცნობით, არჩევნების შემდეგ დაიწყო თვითმმართველობის ორგანოებიდან ძველი კადრების მასშტაბური გაშვება და ახლების მიღება. ამასთან, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა ნინო ხითარიშვილმა განაცხადა, გათავისუფლებულები, როგორც წესი, ასოცირებული იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მიღებულები კი - „ქართულ ონებასთან“:

„მარტო აგვისტოს თვეში 155 მოხელე იქნა გათავისუფლებული თბილისის მერიიდან და, მათ შორის, 115 პირადი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რაც თავისთავად აჩენს კითხვებს. ჩვენ მოგვმართა არაერთმა პიროვნებამ, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა, რათა დაეწერათ განცხადება და თავიანთი სურვილით დაეტოვებინათ თანამდებობები“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს მიუთითეს სისხლის სამართლის კოდექსის169-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ,,პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე" წარმოადგენს დანაშაულს, თუმცა არც პოლიციას და არც პროკურატურას ამ მუხლით სამართლებრივი დევნა არ უწარმოებიათ. სამაგიეროდ, პროკურატურამ იაქტიურა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით, როცა 2014 წლის მარტში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ათ საქმეზე დაიბარა მოწმის სტატუსით, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უარი განაცხადა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, მოწმის სტატუსი მალევე შეიცვალა ბრალდებულის სტატუსით:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების შესახებ“.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს ასევე 2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების, 2009-2012 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტებზე; პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე; 2004 წლის ივნისში ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია "მზის“ კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე; 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. "მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ამირიძისა და ოთანაძის დაჭრისა და კიდევ რამდენიმე ფაქტზე. ამ და სხვა საქმეებზე ბრალი ასევე წაუყენეს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრებს. 2014 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო თბილისის მერის გიგი უგულავასათვის მერის უფლებამოსილების შეჩერება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რასაც თავად უგულავამ ივანიშვილის შურისძიება უწოდა:

„ივანიშვილს რუსეთში ზედმეტ სახელად ეძახდნენ „უდავს“. აი, ახლა რასაც პროკურატურა და საქართველოს მთავრობა აკეთებს, ძალიან ჰგავს მოგუდვას. ყულფში გაქვს გაყოფილი თავი და ნელ-ნელა, ხან გირაოთი, ხან წინასწარი პატიმრობით, ხან უცხოეთში გასვლის შეზღუდვით და ასე შემდეგ, ნელ-ნელა გიჭერს და გახრჩობს. ეს არის „უდავის“ ფსიქოლოგია და ტყუილად არ ეძახდნენ ამ ადამიანს „უდავს“. რა არგუმენტი არ ჰქონდა პროკურატურას! ჩემთვის ეს რიგით მეოთხე ბრალია. ალბათ, სამ-ოთხს კიდევ დაამატებენ“.

თუმცა წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილსა და მის შემცვლელს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან როდი უწევდათ დაპირისპირება. 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირთა დაკავება თავდაცვის მინისტრმა და კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“, ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქვეყნის საგარეო კურსზე მიტანილ იერიშად აღიქვა:

„აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო წასული საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე... გრძელდება დაკავებები და დააკავეს ჩვენი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელები. ყოველივე ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციასა და მომავალს“.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ირაკლი ალასანიამ საკითხის კოალიციის პოლიტსაბჭოზე განხილვა მოითხოვა, თუმცა კოალიციამ მხარი დაუჭირა თავის ლიდერსა და პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი დაასახელა კორუფციასთან ბრძოლის გარდაუვალობა და მინისტრის მიერ საკითხის პოლიტიზება:

„კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ ვართ უკომპრომისო და ვიქნებით უკომპრომისო მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც უწყებასა და მინისტრსაც უნდა ეხებოდეს ეს. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, ჩემ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, მინისტრის პორტფელები დატოვეს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ, ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ მთავრობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მითითებით მოქმედებს. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა საკადრო ცვლილებებმა, რომლებიც წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრის აპარატსა და სამინისტროებში განხორციელდა: დეკემბრის პირველ რიცხვებში თავისი ნებით თანამდებობა დატოვა ათამდე მაღალი თანამდებობის პირმა, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრებად ითვლებოდნენ და რომლებიც ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფიდან“ წამოსულმა კადრებმა შეცვალეს, თუმცა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები მან განახორციელა და სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა:

„როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონი ბიძინა რეკავს დეპარტამენტებში და ასეთ დონეზე ერევა მთავრობის საქმიანობაში? მან არაერთხელ განმარტა და მეც მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მთავრობის საქმიანობაში! ეს მინდა ვთქვა ხაზგამით. არ დამიმალავს, რომ როცა საჭიროდ ვთვლი, გვაქვს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. შეიძლება დავურეკო და ვკითხო აზრი, რჩევა და ამაში დასაძრახი არაფერია“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ არგუმენტად მოიშველია 2014 წლის განმავლობაში ჩატარებული საკადრო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც, ჯამში, ათამდე მინისტრი შეიცვალა, თუმცა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი ამ ცვლილების გამოც გააკრიტიკა, როცა მთავრობის იმ წევრებმა, რომლებსაც არაკომპეტენტურობაში ამხელდნენ, თანამდებობები შეინარჩუნეს. ოპოზიციის სამიზნეში მოხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების გამო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ბიუჯეტის ჩავარდნისა და ლარის გაუფასურების გამო, და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, „აბსურდული და კოლობორაციონული“ პოლიტიკის გამო, თუმცა თავად სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ არ დაიღვარა სისხლი, არ გაჩდნენ ახალი დევნილები, რომ საქართველო შეუფერხებლად აგრძელებს ევროინტეგრაციის გზას და სათანადოდ რეაგირებს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ახალი შეთანხმების გაფორმებაზე.

გასული წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება:

„გადავწყვიტე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს დავადო ვეტო და ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. ჩვენს საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა იქნეს ჩამოყალიბებული და ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე“.

თუმცა პარლამენტმა ფარული მოსმენების ეგრეთ წოდებულ "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო იოლად დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი იყო 13. ამ საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომელთაგან ერთი "გასაღები" შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება და მას ექნება შესაბამის კომუნიკაციის საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ხოლო მეორე "გასაღები" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. გარკვეული ვნებათაღელვის მიუხედავად, ეს კანონპროექტი პარლამენტმა ხმაურის გარეშე მიიღო, სამაგიეროდ, უჩვეულოდ აგრესიული გამოდგა პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა, რომლის მსვლელობისას დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს, სცემეს და მიკროფონები ესროლეს. ჩხუბი კი ევრობაჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებას, პროცედურულ საკითხებზე კამათსა და დეპუტატ აკაკი ბობოხიძის შემდეგ გამოსვლას მოჰყვა:

“მაინც მიექანებით დედარუსეთისკენ და თქვენი ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად პოვებს ასახვას და თქვენს შეფასებაში კიდევ ერთხელ ევროპულ ორგანიზაციებში და იმის მაგივრად, რომ გამოასწოროთ თქვენი მოქმედებებით თქვენი ცუდი რეპუტაცია ევროპაში, სამწუხაროდ, თქვენ ცუდ გზას ადგახართ და მინდა გითხრათ, რომ მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედარუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ ივარგებს, ხალხო! ვინ რა თქვა? თქვენი დედა...ვინც ეგ თქვით, ბოდიშს ვიხდი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გგონიათ, ვინმეს რამეს დაგითმობთ!“

2014 წლის უკანასკნელი პლენარული სხდომის დაძაბული ატმოსფეროსა და აგრესიის ხარისხის გათვალისწინებით, საქართველოს მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება, ალბათ, არც 2015 წელს ექნება, მით უფრო, რომ ხელისუფლება, მმართველი კოალიცია და სხვა პოლიტიკური პარტიები წელიწადს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისში გაატარებენ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG