Accessibility links

logo-print

გერმანიაში განვლილი წლის შეჯამების ყურადსაღები ლინგვისტურ-სოციალური ტრადიცია აქვთ: გასული წლის ყველაზე საშინელ სიტყვას ან სიტყვებს ირჩევენ და დიდი ხალისითა და შთაგონებით არკვევენ ამ სიტყვის (ან სიტყვების) წარმოშობისა თუ მოხმარების მიზეზებს.

შარშან, მაგალითად, ყველაზე საშინელ სიტყვებად Human resource (ადამიანური რესურსი) მიუჩნევიათ, ხოლო წელს ასეთად Putin versteher (პუტინის გამგები, პუტინის მდგომარეობაში შემსვლელი) დასახელებულა.

ჯერ იმ ბედოვლათებს შერქმევიათ Putin versteher-ები, რომელთაც არგუმენტების ძებნა დაუწყიათ, რათა მეტ-ნაკლებად მაინც გაემართლებინათ მისი პოლიტიკა, წლის ბოლოს კი ეს სიტყვა (თუ სიტყვები) საშინელი სიტყვების თავში მოქცეულა.

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ სახელდება საშინელ სიტყვათა შორის უსაშინლესი, მომავალ წელს მისი ხმარებიდან ამოღების სურვილია. გაისად უკვე ბევრი ეცდება, ისეთი სიტყვა არ იხმაროს, მერე დასაცინად რომ არ გაუხდეს საქმე და არც იმას გაუგოს, ვისი გაგების გამოც შესაძლოა არცთუ სასახელო შეფერილობის მქონე ზედმეტსახელი შეერქვას.

ეს ტრადიცია, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში, რადგან თუკი თავს არ დავიცავთ ძველი და საშინელი სიტყვებისგან, ახალ წელს ისევ ძველი პრობლემებით მოგვიწევს ცხოვრება.

ჰოდა, ამჯერად (გამონაკლისის სახით) პირობითი ნომინაციების ფორმით შემოგთავაზებთ წლის საშინელ სიტყვებს, რათა შემდეგ ერთად შევძლოთ საშინელთაგან შემაწუხებლად და მომთანგველად უსაშინლესი სიტყვების შერჩევა.

მაშ, ასე:

1. წლის თვალშინაცარმყრელი მოურიდებლობით თქმული არასარწმუნო საშინელი სიტყები:

“მე მივდივარ პოლიტიკიდან.”

2. წლის აკვიატებად ქცეული საშინელი სიტყვები:

“არ მესმის, რატომ არ გამოდის პრეზიდენტის სასახლიდან!”

3. წლის ვითომ-შეცხადება-გაოგნებით აღმომხდარი საშინელი სიტყვები:

“ვერ დავიჯერებ, რომ რუსეთს ნამდვილად უნდოდეს ჩვენს ტერიტორიებზე მავთულხლართების გაბმა.”

4. წლის რეფლექსიური და დაუფასებელი მლიქვნელობით თქმული უმწეოდ საშინელი სიტყვები:

“ეს ბრძენი კაცი...”

5. წლის ინტელექტუალურად ყველაზე ვერდამტევი საშინელი სიტყვები:

“პარლამენტში ყველა ვერ დაეტევა”.

6. წლის ყველაზე ტრაგიკულად ჭორიკნული საშინელი სიტყები:

“ეგენი ცოლებს ღალატობენ”.

7. ქართული ენის უცოდინარ ქართველთა მიერ სიტყვებს შორის უადგილოდ და საშინლად ჩათხრილი არქაული სიტყვები. მაგალითად:

“რამეთუ...”

8. წლის ჯიუტად-ოცდახუთპროცენტიან მიტინგზე თქმული ყველაზე საშინელი სიტყვები:

"ბღავილის გამო არ გაისმა არც ერთი სიტყვა".

9. წლის (ისევე, როგორც ყველა წინა და, სავარაუდოდ, მომდევნო წლების) ყველაზე უპასუხისმგებლოდ და უზნეოდ თქმული საშინელი სიტყვები:

“ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”.

10. პოეტის მიერ წლის ყველაზე პერვერსიულად (ლომის სინაზით) თქმული სასიამოვნოდ საშინელი სიტყვები:

“აკო მინაშვილი ჩემია”.

დანარჩენი თქვენ გაიხსენეთ.

XS
SM
MD
LG