Accessibility links

ნიღაბი, გრიმი, დეკორაცია - ეს სამი კომპონენტი და, ცხადია, არა მხოლოდ ეს, აუცილებელია სრულყოფილი სპექტაკლის შესაქმნელად. თუმცა ისიც ცხადია, რომ კარგი სპექტაკლისათვის სულაც არ არის აუცილებელი მსახიობმა მაინცდამაინც საუკეთესო გრიმი გაიკეთოს და სცენა ძვირფასი დეკორაციით აღიჭურვოს. და, მით უმეტეს, მაშინ, როცა შენ მსახიობი კი არა, მწერალი ან პოეტი ხარ. ამბავი კი ასეთია: „ცოცხალი წიგნები“, ანუ მწერლები, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენაზე ინაცვლებენ, ანუ ისინი ერთი საათით მსახიობებად იქცევიან, მათი მკითხველი კი - მაყურებლებად. მწერლების მსახიობებად ქცევა კი პროექტ „ცოცხალი წიგნების“ იდეის ავტორს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველს, ქეთევან დუმბაძეს მოუვიდა აზრად. მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში მწერლებმა და პოეტებმა საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ექვსთვიანი მოგზაურობა დაასრულეს, ქეთევან დუმბაძე მიხვდა, რომ „ცოცხალ წიგნებს“ ახალი სიცოცხლე სჭირდებოდა. ამჯერად მან აქცენტი დედაქალაქსა და იქ მცხოვრებ მკითხველზე გააკეთა და თავისი იდეა მარჯანიშვილის თეატრს დაუკავშირა. პროექტის თანაავტორი მარიამ წიკლაური პროექტის მთავარ არსზე გვესაუბრება. მისი თქმით, მონოსპექტაკლებში მთავარი პერსონაჟები იქნებიან არა მხოლოდ თავად ავტორები, არამედ ამ სპექტაკლებში მონაწილეობა უნდა მიიღონ მაყურებლებმაც. მარიამის თქმით, სწორედ მაყურებელზეა, დიდწილად, დამოკიდებული ის, თუ როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს სცენაზე მარტოდ დარჩენილი მწერლები:

„ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ როდესაც დავდივართ და უამრავ შეხვედრებს ვესწრებით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, სულ ვთხოვთ ჩვენს აუდიტორიას, რომ იყვნენ აქტიურნი, ჩაერთონ პროცესში, დასვან კითხვები, მაგრამ, როგორც წესი, ქართული საზოგადოება, ქართული პუბლიკა არის მდუმარე. ამიტომ მე ამის მეშინია, ეს მონოსპექტაკლები წარიმართება სრულ მდუმარებაში, ანუ იქნება მხოლოდ ავტორის მონოსპექტაკლი, თუ დარბაზში მსხდომი მკითხველიც ჩაერთვება პროცესში, რომ შეიქმნას ის ზეიმი, რაც ჩვენ გვინდა რომ ამ პროექტით ვაჩუქოთ ავტორსა და მკითხველს“.

შეიძლება ავტორმა იმდენი მოახერხოს სცენაზე, რომ არც კი დასჭირდეს არანაირი დეკორაცია თუ მუსიკა, მაგრამ თეატრი ხომ დღესასწაული და კარნავალია და მგონია, რომ ის უფრო მეტ გამომსახველობას მოითხოვს...

პირველი თებერვლიდან, ყოველ მესამე ორშაბათს, მთელი თეატრალური სეზონის მანძილზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი თანამედროვე მწერლებსა და პოეტებს დაეთმობათ. ისინი სრულიად თავისუფალნი არიან საკუთარ არჩევანში: როგორი იქნება სცენა, როგორი იქნება განათება, როგორი იქნება დეკორაცია და ა.შ. ანუ პროექტის კონცეფციის მიხედვით, მწერლები თავად არიან საკუთარი მონოსპექტაკლების რეჟისორებიც, სცენარისტებიცა და მთავარი გმირებიც. მათ შორისაა მწერალი ნინო სადღობელაშვილი. მისი პიესები, უკვე წლებია, იდგმება სხვადასხვა თეატრის სცენაზე, თუმცა სცენაზე მსახიობად დგომის გამოცდილება მასაც, ისევე როგორც სხვა დანარჩენ მწერლებს, აქამდე არ ჰქონია. ჯერჯერობით არ იცის, როგორი იქნება მისი მონოსპექტაკლი, თუმცა მწერლების მსახიობებად ქცევის იდეამ ის მაშინვე მოხიბლა. მისი თქმით, ეს არის საინტერესო გამოწვევა როგორც მწერლისთვის, ისე მკითხველისთვისაც:

„სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით არც მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი წარმოდგენა. თუმცა, ზოგადად რომ გადავავლო თვალი ამ ფიქრს, დაახლოებით მაინც წარმომიდგენია, რომ შესაძლებელია გაკეთდეს ვიდეოინსტალაცია, დეკორაცია, რასაც, რა თქმა უნდა, ჩემით მოვიფიქრებ. შეიძლება ავტორმა იმდენი მოახერხოს სცენაზე, რომ არც კი დასჭირდეს არანაირი დეკორაცია თუ მუსიკა, მაგრამ თეატრი ხომ დღესასწაული და კარნავალია და მგონია, რომ ის უფრო მეტ გამომსახველობას მოითხოვს“.

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი 140 მაყურებელს იტევს. შეიძლება ითქვას, რომ ისიც პირველად ხდება, როდესაც მწერლისა და პოეტის მოსასმენად მისულ მაყურებელს ბილეთის შეძენა მოუწევს. ამ მხრივ შეღავათია დაწესებული სტუდენტებისთვის. მარიამ წიკლაურის თქმით, ბილეთებიდან შემოსული თანხის დიდ ნაწილს კი თავად ავტორი ჰონორარის სახით მიიღებს. ეყოლება თუ არა მწერლებს მაყურებელი? მარიამ წიკლაური იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროექტი მაყურებლების ინტერესს გამოიწვევს:

„მიზანი ეს არის, რომ მწერალმა იშრომოს და თავის შრომაში აიღოს ჰონორარი. მიუხედავად არსებული საკმაოდ მძიმე სოციალური ფონისა, მგონია, რომ ქალაქში, სადაც თითქმის 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არ შეიძლება, რომ თვეში ერთი სპექტაკლისათვის არ გამოიძებნოს თუნდაც 100 ადამიანი“.

ლია ლიქოკელი

ლია ლიქოკელი

პირველი მონოსპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში პოეტ ლია ლიქოკელს ეკუთვნის. ის პროფესიით რეჟისორი და, გარდა ამისა, საკმაოდ პოპულარული პოეტია და, როგორც პროექტის იდეის ავტორები ამბობენ, სწორედ ამ ფაქტორებმა გადაწყვიტა ის, რომ პირველი სპექტაკლი სწორედ მას დაეთმო. ლია ახლა იმაზე წუხს, რომ საკმაოდ მცირე დრო აქვს წარმოდგენის მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ ის შეჩვეულია მკითხველთან შეხვედრებსა და მათთვის საკუთარი ლექსებისა თუ მოთხრობების კითხვას, ამბობს, რომ მარჯანიშვილის თეატრის სცენა მაინც უფრო სხვა პასუხისმგებლობაა მისთვის, მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, არათუ მწერლისთვის, არამედ მსახიობისთვისაც კი არ არის ადვილი მაყურებელი ერთი საათის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით მიაჯაჭვოს სცენას. ლიასთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პუბლიკას, მაყურებელს. ამბობს, რომ რაც უფრო მეტია ადამიანი, მით უფრო მეტი ენერგიის გაცვლა ხდება მაყურებელსა და სცენაზე მდგომ ადამიანს შორის. ლიას სიტყვებით, ეს მან ჯერ კიდევ „წინა ცხოვრებაში“, ანუ მაშინ აღმოაჩინა, როცა საკუთარი პროფესიით - რეჟისორად - მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენამდე სულ რაღაც ორი დღეღაა დარჩენილი, ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტად გადაწყვეტილი, როგორი იქნება მისი მონოსპექტაკლი. ერთადერთი, რაზეც შეთანხმდა საკუთარ თავთან, ეს არის ის, რომ წარმოდგენას ავტობიოგრაფიით, ანუ თავის გაცნობით, დაიწყებს:

„ალბათ, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებ. ვიცი, რომ არ მოვყვები, უბრალოდ, წავიკითხავ. ყველაფერი მაქვს დაწერილი ჩემი ცხოვრების შესახებ და ამ ამბებს თემატურად დავალაგებ. საერთოდ ყოველთვის მეშინია ხოლმე დასაწყისის, რადგან სწორი წარდგენაა საჭირო. ამიტომ სხვა შეხვედრებისას ვირჩევდი ხოლმე ლექსს, სადაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ეს ლექსი თვითონ მეხმარებოდა მსმენელის მოშინაურებაში. თუმცა ეს საღამო განსხვავებული უნდა იყოს და მას უნდა ჰქონდეს გარკვეული განვითარება. აქ, უბრალოდ, ლექსი, რომელიც შენ მოგწონს, არ გამოდგება“.

პირველი თებერვლიდან, ყოველ მესამე ორშაბათს, საღამოობით, 8 საათიდან, მარჯანიშვილის სარდაფი „ცოცხალ წიგნებს“ - მწერლებსა და პოეტებს და მათ ამბებს -ეთმობა. მწერალი იქცევა მსახიობად, მკითხველი - მაყურებლად, წიგნი - სცენად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG