Accessibility links

logo-print
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იქნება განსაზღვრული. ამას ითვალისწინებს "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილება, რომლის ინიცირებაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა. ცვლილებები შედის ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ოპერატიული მართვის ცენტრის - „112“-ის - არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით. ორ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ინიციატორიც პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროა, კომიტეტებში უკვე განიხილეს. კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო სესიის დღის წესრიგშიცაა შეტანილი.

სექტემბრის დასაწყისიდან 17 სექტემბრამდე საქართველოში აღირიცხა 11 შემთხვევა, როდესაც ოპერატიული მართვის ცენტრს ტელეკომპანიების, ბანკის, თბილისის აეროპორტისა და პარლამენტის შენობებში ბომბის არსებობა შეატყობინეს. ცრუ შეტყობინების ავტორთა შორის, სულ ცოტა, ხუთი პირი სრულწლოვანი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინიტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სასჯელის გამკაცრების თაობაზე სწორედ ამ ცრუ შეტყობინებათა სიმრავლითაა განპირობებული. პარლამენტის სესიაზე კანონპროექტთა განხილვისას სულ ორი კითხვა დაისვა: გათვალისწინებული იქნება თუ არა კანონდამრღვევთა წამქეზებლების მიმართ რაიმე სასჯელი და გამოიწვევს თუ არა კანონის გამკაცრება დანაშაულის შემცირებას. ეს უკანასკნელი კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს პავლე კუბლაშვილს ეკუთვნოდა:

„უფრო მეტად პრევენციული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს არა იმას, რომ სასჯელი გაიზარდოს, არამედ იმას, რომ ყოველ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით იყოს რეაგირება და, შესაბამისად, გაჩნდეს განცდა, რომ ასეთი ტიპის დანაშაული განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც და, შესაბამისად, ამან გამოიწვიოს ამგვარი ფაქტების შემცირება“.

პავლე კუბლაშვილს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ დღეს არსებული კანონი ამგვარი დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ან პატიმრობას, მაგრამ, სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველაზე ხშირად დამნაშავეებს ჯარიმა უწესდებოდათ.

ცვლილებების თანახმად, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის, ოპერატიული მართვის ცენტრის - "112"-ის - გამოყენება ვითომდა გადაუდებელი დახმარების მისაღებად, სინამდვილეში კი, ცრუ შეტყობინებისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის შემთხვევის ადგილზე გასვლა, დაისჯება 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. ის კი, ვინც წლის განმავლობაში ამ დანაშაულს გაიმეორებს, დაჯარიმდება 1000 ლარით ან 15 დღე-ღამემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესჯება. ორ კანონში შეტანილი ცვლილებები, მთლიანობაში, დანაშაულის შემცირებას გამოიწვევს, განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ:

„თუკი ერთობლივად შევხედავთ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და ამჟამად ინიცირებულ, მაგრამ ჯერ განუხილავ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ვიმედოვნებთ, რომ ეს ერთობლივად ხელს შეუწყობს ასეთი სახის სამართალდარღვევათა მნიშვნელოვან შემცირებას“.

ცრუ გამოძახებების მომრავლება შემთხვევითი არ არის, ამბობს, ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი სიტყვებით, ამ გამოძახებების უკან დაინტერესებული ძალის კვალი ჩანს, თუმცა ექსპერტს ძალის დაკონკრეტება უჭირს:

„ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ძალა, ეს შეიძლება იყოს ძალოვან სტრუქტურებში არსებული მეხუთე კოლონა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ ორიენტირებულია მუდმივ დაძაბულობაზე, სტრესზე და არეულობაზე საზოგადოებაში, ეს ფაქტია. თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებული ეს არ აქნება, - მე ვგულისხმობ ხელმძღვანელობას და მინისტრს, პირველ რიგში, - მაგრამ მეხუთე კოლონა, რომელსაც იქ კარგად აქვს ფესვი გადგმული... შეიძლება ისინი აკეთებდნენ ამას“.

ცრუ გამოძახებების პრობლემის წინაშე წინა ხელისუფლებაც იდგა თავდაპირველადო, ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე. ის იხსენებს, რომ 2003 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე თანამშრომელი და მაშინ ცრუ გამოძახებებს იყენებდნენ როგორც სისტემის მთავარ მადეზორგანიზებელ იარაღს. თუმცა, მხეიძის სიტყვებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ პრობლემა ძალიან უხეში მეთოდით მოაგვარა, რაც კანონის დარღვევაც იყო:

„მაინც ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულია, იმიტომ რომ ემთხვევა ხელწერა. უბრალოდ, წინა ხელისუფლებამ ეს გადაწყვიტა ცოტა არაკორექტულად: აღარ გადიოდა ასეთი ტიპის ზარებზე და მერე თავისთავად ეს პროცესი შეწყდა. ახლა რა ხდება, როცა მასმედია აშუქებს ამას, როცა ზარებზე გადიან, რა თქმა უნდა, აზარტი იმისა, რომ ნაწილი იყოს პროვოცირებული, შეგნებულად გაკეთებული ვიღაცის მიერ და მეორე ნაწილმა ეს აიღოს როგორც გასართობი, იმ ბავშვებს ვგულისხმობ... მაგრამ ბავშვები, როგორც წესი, აკეთებენ რას? რომ სკოლაშია ბომბი, ანუ ისინი გაკვეთილებს აცდენენ, სხვა მოტივები აქვთ. რაც შეეხება პარლამენტს და ტელევიზიას, როგორ ფიქრობთ, ბავშვები ამით რატომ გაერთობიან?“

პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე განიხილა. პარლამენტში იმედოვნებენ, რომ კენჭისყრა ამ ან მომდევნო კვირას დასრულდება და კანონი გამკაცრებული სახით შევა ძალაში.
XS
SM
MD
LG