Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადანაცვლება სამთავრობო გუნდში


ახალი მინისტრების წარდგენა
ახალი მინისტრების წარდგენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრად, თბილისის მერის მოადგილე და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი კი - ეკონომიკის მინისტრად - ასეთია სამთავრობო ცვლილებები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას პირველ სექტემბერს გააცნო. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. საგარეო უწყების ახალ ხელმძღვანელს ღარიბაშვილი დიპლომატიურ კორპუსს 2 სექტემბერს წარუდგენს, როდესაც თბილისში რიგით მერვე ამბასადორიალი გაიხსნება.

პირველ სექტემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი ოფიციალურად წარადგინა და ამით დაადასტურა კიდეც გავრცელებული ინფორმაცია მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ. ორივე ახალი მინისტრი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ძველი კადრია:

„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი კვირიკაშვილი. ის კვლავაც იქნება ჩვენი მთავრობის ვიცე-პრემიერი. მიმაჩნია, რომ ის ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან. რაც შეეხება მის შემცვლელს, ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება. დღემდე ის იყო თბილისის ვიცე-მერი და მისი მოღვაწეობა გამოირჩევა დიდი ეფექტურობით“.

პრემიერმა სურვილი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს კარიერას თამარ ბერუჩაშვილი.

მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდაც ბევრი საინტერესო რამ ხდება. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ ვეცდებით ყველა ამ მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით...
გიორგი კვირიკაშვილი

ევროპული ინტეგრაციის უკვე აღებული კურსი და აქცენტი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე - კვირიკაშვილმა პრიორიტეტებად ეს საკითხები გამოყო და განაცხადა, რომ საგარეო სფეროს ჩასაბარებლად მზადაა. თუმცა მან ისიც თქვა, რომ, პროდასავლური მიმართულების გარდა, საქართველოსთვის საინტერესოა ის მოვლენები, რომლებიც აღმოსავლეთსა და ევრაზიის კონტინენტზე ვითარდება:

„მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდაც ბევრი საინტერესო რამ ხდება. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ ვეცდებით ყველა ამ მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“.

დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც „ქართუ ბანკში“ მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და იყო ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე და დედაქალაქის ვიცე-მერიც, ასევე მზადაა კარიერა გააგრძელოს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. ქუმსიშვილი აპირებს თავისი წინამორბედის გეზს არ გადაუხვიოს და დაწყებული პროექტები გააგრძელოს:

„კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციისა და მომსახურების წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების გატარება და ა.შ...“

სამთავრობო ცვლილებებს შეფასებას აძლევენ პოლიტიკურ წრეებში. საპარლამენტო უმცირესობისათვის გაუგებარია, რატომ ჩააბარეს საგარეო უწყება ეკონომიკის მინისტრს, რომელიც თავის სფეროშიც წარუმატებელი იყო, და, მით უმეტეს, ანდეს სფერო, რომელშიც მას გამოცდილება არა აქვს. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი:

„ჩვენი აზრით, ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად იქცევა. ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი იმ გუნდისა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, გადაჰყავთ ახლა უკვე საგარეო უწყებაში, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, მისი კომპეტენცია არავისთვის არის ცნობილი. რაც შეეხება ქუმსიშვილის კანდიდატურას, მერიამ, სადაც ის ბოლოს მოღვაწეობდა, თავი დაგვამახსოვრა სისტემური კორუფციით, ამ უწყებიდან კი ადამიანს აწინაურებენ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე“.

სანამ თავად ეს მმართველობითი სისტემა არ გადაიხედება მთლიანად როგორც ეფექტურობის, ისე გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით, მანამ წარმატებული ვერავინ იქნება...
გია ხუხაშვილი

უმრავლესობა, პირიქით, სავსებით ენდობა პრემიერის გადაწყვეტილებას და ელის, რომ როგორც კვირიკაშვილი, ისე ქუმსიშვილი საქმეს თავს გაართმევს და მთავრობის მიერ აღებულ კურსს გააგრძელებს. ასე ფიქრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია: „ჩვენ ვენდობით პრემიერს, რომ მან მთავრობის შიგნით საჭირო ცვლილებები განახორციელოს“.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში კვირიკაშვილის გადაყვანას საგარეო უწყებაში იმით ხსნის, რომ მთავრობა, სავარაუდოდ, გააძლიერებს აქცენტს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ამ მხრივ, ლაგაზიძე იხსენებს კვირიკაშვილის მიერ ჩინეთსა და ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების რამდენიმე ინიციატივას. გარდა ამისა, ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან ერთად, კვირიკაშვილი დასავლეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს მთავრობის საკვანძო ფიგურა გახდება.

ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ, ხელისუფლებაში არსებული საკადრო რესურსის გათვალისწინებით, ამ გადაადგილებას აქვს თავისი გამართლება. ამას გარდა, როგორც კვირიკაშვილმა, ისე ქუმსიშვილმა აჩვენა გარკვეული პროფესიული რესურსიც. იმ მმართველობითი სისტემის პირობებში, რაც დღეს არსებობს, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ წარუმატებელი არც კვირიკაშვილი ყოფილა და არც ქუმსიშვილი, თუმცა, მისი აზრით, დიდი წარმატების მიღწევა ახალ პოსტებზე მარტივი არ იქნება იმ მიზეზით, რომ ეს მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული:

„მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სერიოზული მმართველობითი კრიზისი გვაქვს და სანამ თავად ეს მმართველობითი სისტემა არ გადაიხედება მთლიანად როგორც ეფექტურობის, ისე გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით, მანამ წარმატებული ვერავინ იქნება“.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

სამთავრობო ცვლილებების საფუძველი ჯერჯერობით ბუნდოვანია პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილისთვის. მას ეეჭვება, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება იყოს ცვლილების რეალური მიზეზი. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ თამარ ბერუჩაშვილის გიორგი კვირიკაშვილით ჩანაცვლების მიზეზი შესაძლოა იყოს პრემიერისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განსხვავებული შეხედულებები და განცხადებები რუსეთის მიმართ.

კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები ყველა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ საქმის კეთება შესაძლებელია ეკონომიკის მინისტრის პოსტზეც. ამისთვის საგარეო საქმეთა მინისტრებად არ ინიშნებიან.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG