Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იცვლება მთავრობასა და პარლამენტში


როგორი იქნება საქართველოს მთავრობის შემადგენლობა? ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებს? - ამ კითხვებს ამომწურავად პასუხი გაეცემა 19 ნოემბრის შემდეგ, როცა შეიკრიბება საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ახალარჩეულ დეპუტატებს მოუწევთ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში ნდობის გამოსაცხადებლად კენჭი უყარონ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. თუმცა, როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, უკვე ცნობილია იმ მინისტრების ვინაობა, რომლებიც ახალ მთავრობაში იქნებიან წარმოდგენილნი.

რა იცვლება მთავრობასა და პარლამენტში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:43 0:00
გადმოწერა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, აღმასრულებელი მდივანი. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ზაქარია ქუცნაშვილმა, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა:

„ბატონმა ირაკლი კობახიძემ მიიღო ოფიციალური შეთავაზება არჩეულ იქნეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ, რასაც ერთხმად დავუჭირეთ მხარი უმრავლესობამ“.

მიუხედავად იმისა, რომ ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე კვირაზე მეტია დარჩენილი, ასევე ცნობილია მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობას კვლავ გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. კვირიკაშვილის თქმითვე, მინისტრთა ახალ კაბინეტში მოქმედი მინისტრების ერთი ნაწილიც მოხვდება.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება. რაც შეეხება ზოგადად ცვლილებას მთავრობაში, იგეგმება რამდენიმე ცვლილება, რაც ცოტა ხანში გახდება ცნობილი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თუმცა ვიდრე ოფიციალურად გახდება ცნობილი, პოლიტიკის ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ცვლილება შეეხება მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, რის საფუძველსაც იძლევა ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორში შექმნილი პრობლემები. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ცვლილებათა ტალღაში, ყველაზე მაღალი ალბათობით, მოყვება ფინანსთა მინისტრი.

„გარდა იმისა, რომ დიდი ხანია მინისტრის თანამდებობაზე, ასევე ყველაზე „უპატრონო“ მინისტრია მინისტრთა კაბინეტში. ვგულისხმობ მხარდაჭერას გინდა პარლამენტიდან და გნებავთ სხვა პერსონებიდან. თანაც, დოლართან მიმართებით ლარი ისევ გაუფასურდა, ეკონომიკური ვითარებაც მაინცდამაინც სახარბიელო ვერ არის და ეს ცვლილება იქნება ერთ-ერთი შეთავაზება მოსახლეობისათვის, რომ, აი, ხვალიდან ვიწყებთ ახალი გუნდით და ახალი შემადგენლობით მუშაობას და ვიქნებით უფრო მობილიზებული და მიმართული იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ქვეყანას აწუხებს. ძირითადად ეს არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძემ, რომელიც იმასაც შენიშნავს, რომ რომელიმე ცალკეული მინისტრის გამორჩევა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოკლებულია ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ლოგიკას:

„არ ეფუძნება იმას, რასაც ჰქვია „საპარლამენტო მმართველობა“, რადგანაც აქ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე არ არის საქმე. გუნდი აგებს პასუხს მთლიანად ყველა იმ საკითხზე, რაც მისაღებია ან მიუღებელია“.

ცვლილება ასევე შეიძლება შეეხოს ენერგეტიკის სამინისტროს, სადაც კახი კალაძის დაბრუნებას ვარაუდობენ, და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შერიგებისა და რეინტეგრაციის საკითხებში, თუმცა გაცილებით მასშტაბურ ცვლილებებს ელიან პარლამენტში, სადაც, სპიკერატიდან დაწყებული, თითქმის ყველა კომისიის თავმჯდომარე შეიცვლება. ვიცე-სპიკერის თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს მანანა კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე გახდება.

პოზიტიურად გამოიყურება ის, რომ ძველი სახეები ძირითადად უკანა პლანზე გადადიან და ახალი სისხლი გადაესხა ქართულ პოლიტიკურ ელიტას და წინა პლანზე მოდიან ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანები...
გია ხუხაშვილი

საქართველოს პარლამენტში თანამდებობების განაწილების ლოგიკაზე საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შენიშნავს, რომ უკანა პლანზე გადასწიეს გამოცდილი დეპუტატები, თუმცა მმართველობაში მაინც დარჩნენ:

„პოზიტიურად გამოიყურება ის, რომ ძველი სახეები ძირითადად უკანა პლანზე გადადიან და ახალი სისხლი გადაესხა ქართულ პოლიტიკურ ელიტას და წინა პლანზე მოდიან ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანები - ეს თავისთავად კარგია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ეს სისტემა“.

თუმცა, გია ხუხაშვილის თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელიც მთავრობაში უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ ცვლილებების მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმაზე, შეძლებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და რეალური მმართველი.

„დღევანდელი ეტაპის პრინციპული ამოცანა არის ის, რომ ჩვენ გაგვიჩნდეს განცდა, რომ კვირიკაშვილმა თვითონ მოიყვანა მინისტრები, თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრობლემები, იმიტომ რომ თუ ძალოვან სექტორში არაფერი არ შეიცვალა, თუ ფინანსთა მინისტრი არ შეიცვალა, ეს, რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციას, ანუ ინსტიტუციურ მართვაზე გადასვლის განცდას საზოგადოებაში ვერ შექმნის და აქ მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ რომელიმე მინისტრი ცუდია ან კარგია. ვსაუბრობ იმაზე, რომ კვირიკაშვილი, როგორც ლიდერი, დამაჯერებელი უნდა იყოს“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა, რომლის თქმით, თუ გადაწყვეტილების მიღების ვერტიკალში ბოლო ინსტანციად დარჩება არა სახელმწიფო კანცელარია, არამედ სოლოლაკის ბიზნესცენტრი, მაშინ ეს გარემოება დააზარალებს როგორც მთავრობას, ასევე მთლიანად ქვეყანას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG