Accessibility links

logo-print
პარლამენტმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო. ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. ცვლილებების მიხედვით, წესდება შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, იცვლება პარტიათა დაფინანსების წესი; ცვლილებები შეეხებათ რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს, რომელთაც ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა შევიდეს, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიერაა მომზადებული. ამ სამუშაო ფორმატში ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსების უფლება აღუდგებათ და მათ წლიურად 120 ათასი ლარის ოდენობის თანხის შეწირვა შეეძლებათ. შეზღუდვა იურიდიულ პირებს იმ თვალსაზრისით უწესდებათ, რომ ისინი რეგისტრირებული უნდა იყვნენ საქართველოში და მათი ბენეფიციარები და პარტნიორები უნდა იყვნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები.
არის პრობლემები სიებთან დაკავშირებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით. არის სიახლეებიც, რომელიც დიდი დისკუსიის საგანი არ ყოფილა, იგივე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 10%-იანი ბონუსი და ა.შ...

ცვლილებების თანახმად, პარტიებს შეიძლება შემოსავალი ჰქონდეთ სხვადასხვა საჯარო ღონისძიებიდანაც და ამ გზით მიღებული შემოსავლის ოდენობაც იზრდება არსებული 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე. ამასთან, პარტიებს კრედიტის სახით 1 მილიონი ლარის აღება შეეძლებათ არამხოლოდ საარჩევნო წელს და არამხოლოდ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების შემთხვევაში.

მცირდება პარტიის მიერ ზღვრულად დასაშვები წლიურად დასახარჯი თანხის ოდენობა. თუ აქამდე პარტიას წლის განმავლობაში ერთიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტის ოდენობის თანხის დახარჯვის უფლება ჰქონდა, ახლა ის მხოლოდ 0,1 პროცენტის ოდენობის თანხას დახარჯავს.

როგორც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიციატორმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განმარტა 23 ივლისს საკომიტეტო მოსმენაზე, ცვლილებების თანახმად, პარტიას, რომლის წლიური ბრუნვაც 10 000 ლარს არ აღემატება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 1 თებერვლამდე წლიური ფინანსური ანგარიშის წარდგენა აუდიტორული დასკვნის გარეშე შეეძლება. ამ ვალდებულებისგან, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ 1000-ლარიანი ბრუნვის მქონე პარტიები არიან გათავისუფლებული. მცირდება პარტიის დაფინანსების წესის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა: თუ აქამდე პარტია შეწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით ჯარიმდებოდა, ცვლილების მიხედვით, საჯარიმო სანქცია აკრძალული შემოწირულების ორმაგ ოდენობამდე შემცირდება.

იცვლება ასევე პარტიათა ბიუჯეტიდან დაფინანსების წესიც: საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ყველა ის პარტია შეძლებს, რომელიც უკანასკნელ საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3%-იან ბარიერს გადალახავს. აქამდე საბიუჯეტო დაფინანსება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ცალკე ან ერთად, ბლოკის სახით, გადალახეს 4%-იანი ბარიერი საპარლამენტო და 3% ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

მთლიანობაში, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორის ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვებით, ახალი კანონმდებლობა საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინიციატივის მიხედვით, იგეგმება საარჩევნო სიის ბიომეტრიზაციაც:

„ამომრჩეველთა სია შეიცვლება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, რეგიონში პირველად, საარჩევნო სია დაეფუძნება ბიომეტრიული პარამეტრებით შედგენილ სიას, რაც გამორიცხავს ერთი და იმავე პირის გაორებას და თითოეული ნორმა, რომელიც შემოდის ახალი რეგულაციის ან ძველის შეცვლის სახით, თვისებრივად აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს“.

ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვილი და განაცხადა, რომ პარტიათა დაფინანსების გაზრდის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადაიდო, თუმცა დასძინა, რომ ამით უკმაყოფილოა არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თავად უმრავლესობაც:
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი


„ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მაგიდის გარშემოა და რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არანაკლებ, მეტად თუ არა, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით არის დაზარალებულთა შორის. ასე რომ, პოლიტიკური პარტიები ჩვენ არ დაგვიყვია საპარლამენტო და არასაპარლამენტოდ და ჩვენთვის არაფერი მოგვიმატებია და სხვა არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ“.

საბაზისო დაფინანსება ამჟამად 150 ათას ლარს შეადგენს. თუმცა 300 ათას ლარს იღებენ ის პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში 8%-იანი ზღვარი გადალახეს ან ადგილობრივ არჩევნებში 6%-იანი შედეგი მიიღეს. შესაძლო ცვლილებების მიხედვით კი, 300 ათასი ლარით ყველა კვალიფიციური სუბიექტი უნდა დაფინანსებულიყო, ხოლო ერთჯერადი დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა მიეღოთ იმ პარტიებს, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველი-მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გიგი წერეთელს ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს:

„არის პრობლემები სიებთან დაკავშირებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით. არის სიახლეებიც, რომელიც დიდი დისკუსიის საგანი არ ყოფილა, იგივე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 10%-იანი ბონუსი და ა.შ.“

საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების გამო პრეტენზიები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. გარდა დაფინანსების წესისა, ისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიის წევრთა პარიტეტის დაცვასაც ითხოვენ. ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პარტიების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ითქვა, რომ მთავარი მოთხოვნა სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარიტეტის დაცვაა. ამის შესახებ ლაპარაკობდა „ქრისტიან- დემოკრატული მოძრაობის“ წარმომადგენელი ვახტანგ გაბუნიაც:

„საოლქო საარჩევნო კომისიაში არ უნდა ჰყავდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა - 7 წევრი. მათ არ უნდა ჰყავდეთ უმრავლესობა არც საუბნო კომისიაში და ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი და გამგებლებს და გუბერნატორებს კანონმდებლობით უნდა შეეზღუდოთ უფლებამოსილება, როცა ისინი ეხმარებიან თავიანთ კანდიდატებს არჩევნების დროს“.
XS
SM
MD
LG