Accessibility links

logo-print

ვინ დარჩა და ვინ დატოვა მთავრობა


მინდია ჯანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი

მინდია ჯანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს. მანამდე გადადგომის შესახებ სატელევიზიო ეთერში განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. ამასობაში, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის გადაყენებული მინისტრის, ირაკლი ალასანიას შემცვლელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე წარუდგინა საზოგადოებას. იუწყებიან, რომ შესაძლოა გადადგომის თაობაზე განაცხადონ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩებმა. თანამდებობაზე რჩება იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის ტოვებს მინისტრის პოსტსა და კოალიცია "ქართულ ოცნებას". ფანჯიკიძის თქმით, თანამდებობას ტოვებს მისი ოთხივე მოადგილეც: დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე. ისევე როგორც ირაკლი ალასანიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 4 ნოემბერს გადააყენა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს:

მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე

„ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, საქართველოს ევროპული მომავალი არის საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის ის, რასაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა 2012 წლის არჩევნებზე და ჩემს გუნდს, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის პირდაპირი შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს და დღეს ჩვენი ამ ნაბიჯით არ დავანახვოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას“.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, მან „მეგობრებისა და თანამებრძოლების გვერდით დგომა არჩია“ და განაცხადა, რომ ის რჩება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გვერდით:

„გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. მე არ მაქვს მორალური უფლება სხვაგვარად მოვიქცე. არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ ათას გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის - იქ არის ჩემი გული, იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი. ჩემი დღევანდელი არჩევანი არის შესაბამისობაში ჩემს სამსახურთან და ღირებულებებთან“.

საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი მოადგილეების საქციელს ორჯერ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი: პირველად - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას შემცვლელის წარდგენისას და მეორედ - სპეციალურ ბრიფინგზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, იყო მოლოდინი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ თანამდებობებსო. ძალიან ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ ოჯახის წევრის მიმართ სოლიდარობა არჩია საქვეყნო ინტერესსო. „თავისუფალ დემოკრატებში“ ბევრი ღირსეული პიროვნებაა, მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარიცაა,თქვა ღარიბაშვილმა, მაგრამ მათი პირადი საქმეა აირჩევენ ირაკლი ალასანიას, რომელმაც, უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა და უპასუხისმგებლოდ მოიქცა, თუ ქვეყნის ინტერესებს დაიცავენო:

„მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ ქალბატონმა მაიამ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის. თუმცა, რა ვქნათ, ეს არის მათ არჩევანი, ეს არის მათი უფლება და ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და მე მინდა ყველას შევახსენო, ძალიან სპეკულირებენ და მე მოვისმინე განცხადებები, რომ თითქოს 2012 წლის არჩევანი და ქართველი ხალხის გამარჯვება... 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ეს არ უკავშირდება „თავისუფალ დემოკრატებს“ მხოლოდ, ცალკე აღებულს, ან, მით უმეტეს, ირაკლი ალასანიას“.

შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცვლელი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის ჩვენი მთავრობის არჩევანი, ის ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე...

მოგვიანებით სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ევროპული კურსი არის ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოების არჩევანი, რომელსაც არასოდეს გადაუხვევენ, და თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის, რაც ხდება, შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს:

„საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ განცხადებებს, ასეთ უპასუხისმგებლო, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, და არჩევანს აკეთებენ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს, თუმცა გამოძიების პროცესის შეჩერება პოლიტიკური სარჩულით არის ყოვლად დაუშვებელი“.

პრემიერმა 5 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავისი ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე წარუდგინა საზოგადოებას და თქვა, რომ დარწმუნებულია, ის იქნება გაცილებით უკეთესი მინისტრი, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. თავის მხრივ, მინდია ჯანელიძემ პრემიერისადმი მადლიერების გამოხატვით დაიწყო გამოსვლა და განაცხადა, თანამდებობასთან დაკავშირებული ტვირთი გაცნობიერებული მაქვს და ნდობის გასამართლებლად ყველაფერს გავაკეთებო, და სამომავლო მუშაობის რამდენიმე პრინციპიც ჩამოთვალა:

„შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცვლელი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის ჩვენი მთავრობის არჩევანი, ის ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ნატოს“.

სანამ მთავრობის კანცელარიაში თავდაცვის მინისტრის შემცვლელს წარადგენდნენ, ირაკლი ალასანია სამინისტროს თანამშრომლებს ემშვიდობებოდა.

მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომელსაც, ჩემი ღრმა რწმენით, მიჰყავს საქართველო ევროპამდე, - და აქამდე არ მქონია არანაირი საფუძველი მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, - მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში...

მოგვიანებით ირაკლი ალასანია სამინისტროს შენობაში შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. საუბარი ნახევარ საათს გაგრძელდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამინისტროში შეიარაღებული ძალებისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები ელოდებოდნენ. ირაკლი ალასანიამ ეზოში თანამშრომლების მიერ გაკეთებულ კორიდორში გაიარა. ყოფილი თანამშრომლები მას ტაშით შეხვდნენ. ალასანიამ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

დღის ბოლოს თავისი პოზიცია გამოხატა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მას, იმის გამო, რომ მინისტრის პოსტი უჭირავს, შეჩერებული აქვს პარტიული მანდატი, მაგრამ მის განცხადებას, როგორც ირაკლი ალასიანიას გუნდის წევრისას, საზოგადოება ინტერესით ელოდა. თეა წულუკიანმა შესავალშივე შენიშნა, რომ მისი ნათქვამი საზოგადოების ყველა წევრისთვის ვერ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი. მისი სიტყვებით, ის დაბრუნდა ევროპიდან იმისთვის, რომ საქართველო მიეყვანა ევროპამდე, მისი სამინისტროსთვის კი არასდროს არავის შეუშლია ხელი ევროპისკენ სვლაში.

„მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომელსაც, ჩემი ღრმა რწმენით, მიჰყავს საქართველო ევროპამდე, - და აქამდე არ მქონია არანაირი საფუძველი მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, - მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში“, განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის.

XS
SM
MD
LG