Accessibility links

logo-print

გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალთან უფრო შედეგიანად უნდა ვიბრძოლოთ


საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კრიმინალთან უფრო შედეგიანი ბრძოლისა და პოლიციელთა მიმართ პატივისცემის განმტკიცების აუცილებლობას ხედავს – ამ საკითხებზე მინისტრმა ილაპარაკა 14 იანვარს, როცა საზოგადოებას თავისი სამი მოადგილე წარუდგინა. ითქვა, რომ შს სამინისტროს სისტემაში იგეგმება „ძირეული საკადრო და სისტემური“ ცვლილებები. რა მდგომარეობაა კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით საქართველოში, რას აღიარებს საქართველოს მთავრობა და რას უკავშირდება კრიმინალთან ბრძოლის გააქტიურება?

„დანაშაული არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია, სახელმწიფო რას უპირისპირებს მას... დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხუთშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და იქვე გააქტიურების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი:

დანაშაული არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია, სახელმწიფო რას უპირისპირებს მას

„ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხაზგასმით ვაცხადებ: არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან“.

გიორგი მღებრიშვილს აღარ დაუკონკრეტებია, რატომ ჩაითვალა საჭიროდ იმის ხაზგასმა, რომ არ იქნებოდა გათვალისწინებული სამართალდამრღვევთან დაკავშირებული თხოვნა და კონკრეტულად ვინ მიმართავდა უწყებას ამ ტიპის თხოვნით. მცირე ფორმატის ბრიფინგზე, როცა თავის ახალ მოადგილეებად ბესიკ ამირანაშვილი, დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია დაასახელა, მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიცია უკან დახევას არ აპირებს და რომ „ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და გამოხატავს უპატივცემლობას პოლიციელის მიმართ, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით“.

ბრალდებები და კრიტიკა დანაშაულის მატებასთან დაკავშირებით არცთუ იშვიათად ისმის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისა თუ ანალიტიკოსების მხრიდან. მედიაში გაშუქებული ფაქტების სიმრავლის კვალდაკვალ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც გაუჩნდა განწყობა იმისა, რომ კრიმინალური მდგომარეობა მართლაც დამძიმდა ქვეყანაში. მთლიანობაში, ხელისუფლება ასეთ შეფასებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ოფიციალურ სტატისტიკასაც იშველიებს, თუმცა 2015 წლის ბოლოს, როცა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში, პარლამენტის წინაშე გამოდიოდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მართალია, წნეხის ფაქტორზე აპელირებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა გარკვეულწილად აღიარა:

„გულწრფელად გეტყვით, ყაჩაღობის ნაწილში არის დანაშაულის მატება... რაც შეეხება მთლიან სტატისტიკას, აქ გვაქვს 4 %–იანი კლება... თქვენ შეგიძლიათ არაერთ პოლიციელს გაესაუბროთ, თუ რამხელა წნეხი იყო დანაშაულის გაშუქების თვალსაზრისით – ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ ბედავდა, რომ ამ ტიპის დანაშაულები გაშუქებულიყო“.

ხელისუფლება ცდილობს, რომ კრიმინალის თემა რაღაცნაირად დაიჩრდილოს და ეს არ იყოს ნეგატიური თემა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას

ამის მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილმა 29 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, ისიც აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება ვითარების გამოსასწორებლად. „ჩვენი მიზანია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და განცდა იმისა, რომ კანონოს წინაშე ყველა თანაბარია“, – აღნიშნა მან.

შს სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს დანაშაული ერთიანად 3,89 %-ით შემცირდა. თუმცა, ყაჩაღობის ფაქტების 22,81 %-ით გაზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევე, მაგალითად: დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (23,22 %-ით), დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (6,82 %-ით) თუ დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (22,71 %-ით).

იმას, რომ შს სამინისტრომ კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებაზე დაიწყო ლაპარაკი, გარკვეულწილად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს:

„იქიდან გამომდინარე, რომ ბანკების დაყაჩაღება, ფაქტიურად, ყოველდღიურ მოვლენად იქცა და კრიმინალის გამოვლინებებმა იმატა, საზოგადოება საკმაოდ შეშფოთებულია ამის გამო და ეს, ბუნებრივია, არც მმართველ პარტიას აწყობს წინასაარჩევნოდ. ამიტომ ისინი ცდილობენ რამდენიმე მესიჯი გააჟღერონ და, მაგალითად, წინა ხელისუფლებას დააბრალონ, რომ ეს მაშინაც ასე ხდებოდა, მაგრამ, უბრალოდ, ფაქტები მიჩქმალული იყო, რაც, შეიძლება, ნაწილობრივ მართალიც იყოს, მაგრამ ეს თავის დაძვრენას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად იმ პრობლემის მოგვარებას, რაზეც ხელისუფლება მიუთითებს... ხელისუფლება ცდილობს, რომ კრიმინალის თემა რაღაცნაირად დაიჩრდილოს და ეს არ იყოს ნეგატიური თემა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას“.

კორნელი კაკაჩიას აზრით, ხელისუფლება, გარკვეულწილად, ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა, რადგანაც, ერთი მხრივ, მას მოეთხოვება ბრძოლის გამკაცრება კრიმინალთან, მაგრამ ბრძოლის ზედმეტად გამკაცრებამ შესაძლოა უარყოფითი ასახვა პოვოს არჩევნებთან დაკავშირებულ განწყობებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG