Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენა


გიორგი თოდუა
გიორგი თოდუა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი თოდუა, თანამდებობიდან გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მანამდე, 25 აპრილს, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ შევიდა განცხადება, რომლითაც საკრებულოს უმრავლესობა, თავმჯდომარის, ნატალია შეროზიას, ჩათვლით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი თოდუას, გადაყენების საკითხის განხილვას მოითხოვდა.

საბოლოო ჯამში, ფარულ კენჭისყრაზე გიორგი თოდუას თანამდებობიდან გადაყენებას 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ფრაქცია „ზუგდიდმა“ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არც ერთ დეპუტატს არ უნდოდა, რომ ეს, უბრალოდ, ორი ადამიანის ახირებაა, თუმცა ვის გულისხმობს, არ დაუკონკრეტებია. ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში აუცილებლად ილაპარაკებს.

„ვიყავი წინააღმდეგი საკითხების განხილვის გარეშე გადაწყვეტილების მიღების, ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს მოსაზრებას და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა რაღაც ჯგუფს ადგილობრივ დონეზე. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკრებულოს წევრებზე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა ადგილობრივი გავლენიანი ჩინოვნიკების მხრიდან. სახელებზე და გვარებზეც იქნება საუბარი ძალიან ახლო მომავალში, ასევე კონკრეტულ საკითხებზეც, თუ რას აპირებენ მომავალში - ისეთ საქმეებზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქალაქს დააზიანებს, მათ პირად კეთილდღეობას კი აუცილებლად რაღაცას შემატებს“,- განაცხადა გიორგი თოდუამ.

სხდომაზე კენჭისყრის დაწყებამდე კამათი იყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბათლომე შელიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის. ოპოზიციონერი დეპუტატი თავმჯდომარისგან ითხოვდა არგუმენტებს, თუ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. მან უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება მორიგ პოლიტიკურ დევნად შეაფასა:

„მათ არ უნდათ მმართველობით რგოლში ჰყავდეთ ისეთი ნომინალური თანამდებობის პირი, როგორიც გიორგი თოდუაა. მათ სურთ ყველაფერი მოაქციონ ვიწრო პარტიულ ჭრილში და ყველაფერი ემსახურებოდეს მხოლოდ ერთი კაცის ნება-სურვილს. დღევანდელი დღე არის პრაქტიკულად ხელისუფლების პოლიტიკური უსინდისობის და უვიცობის დემონსტრირება“, - აღნიშნა მან.

საკრებულოს წევრის თქმით, სხდომაზე დეპუტატებმა ვერ წარმოადგინეს ვერანაირი არგუმენტები, რაც გაამყარებდა მიღებულ გადაწყვეტილებას.

საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც სხვა დეპუტატებთან ერთად ამ საკითხის განხილვა მოითხოვა, ამბობს, რომ პიროვნულად გიორგი თოდუასთან არ აქვთ პრობლემა და რომ ეს უკავშირდება გუნდსა და თოდუას შორის რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას.

„დაპირისპირება არ გვაქვს. ჩვენი ხედვები და ბატონი გიორგის ხედვები, მიზნები და ამოცანები აბსოლუტურად განსხვავებულია მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ, საკრებულოს უფრო ეფექტური წარმართვისთვის მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნატალია შეროზიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე საკრებულოს რიგით წევრად რჩება და ამბობს, რომ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის.

გიორგი თოდუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის წლების განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიისწევრი და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გიორგი თოდუამ პარტია 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ დატოვა. ის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG