Accessibility links

logo-print

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს თქვენი შვილი უარს აცხადებს სკოლაში წასვლაზე. უარი მეორდება მეორე, მესამე დღესაც - შემდეგი კვირების და თვეების განმავლობაში. ემუქრებიან სკოლიდან გარიცხვით, უხატავენ არცთუ ისე მომხიბვლელ მომავალს, მშობლები მიმართავენ ხან დასჯის და ხანაც წახალისების ათასგვარ ხერხს, მაგრამ ის მაინც არ მიდის სკოლაში - ხან იმას იმიზეზებს, რომ სკოლაში საინტერესო არაფერი ხდება, ხან იმას, რომ გაცდენის გამო მოუმზადებელი ვეღარ მივა, ხან იმას, რომ კლასელები არ მოსწონს, ხანაც იმას, რომ ინტერნეტში ყველაფერი წერია, რაც სკოლაში ისწავლება. როგორ იქცევიან ასეთ დროს მშობლები და იკვლევენ თუ არა რეალურ მიზეზს, რას სთავაზობს ასეთ მოზარდს სკოლა და, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემა, არსებობს თუ არა განათლების მიღების ალტერნატიულ გზა და რა ხდება ასეთი კატეგორიული პროტესტის მიზეზი?

როდესაც 13 წლის თეკლამ პირველად საკუთარი ოთახის კარი მიიხურა და სკოლაში არ წავიდა, მისმა მშობლებმა იფიქრეს, რომ ეს დროებითი ახირება იყო.

„გავიდა ერთი კვირა, ორი. ის კი სკოლაში არ დაბრუნდა. შემდეგ ახალი მეგობრები გაიჩინა, თავისზე დიდები, რომლებთან ერთადაც დადიოდა, წიგნებს კითხულობდა და მუსიკას უსმენდა. რა არ ვცადეთ, რა არ ვუთხარით, მაგრამ სკოლაში აღარ დაბრუნდა. ახლა ახალ სკოლაში გადავიყვანეთ, თუმცა არ ვიცით, ივლის თუ არა“, - თეკლას მამა მოგვითხრობს, რომ დღეს ამ ასაკის ბავშვებს ვერ შეაშინებ სკოლიდან გარიცხვით ან სკოლის მკაცრი დირექტორით - მერე რა, გამრიცხონ. მერე რა, გაბრაზდეს. პასუხი ასეთია.

უკვე თვეებია სკოლაში არ დადის 15 წლის ირაკლიც. ამბობს, რომ იქ მისთვის საინტერესო აღარაფერი ხდება. ახალი სასწავლო წელი იწყება, მისი მშობლები კი ისევ გამოსავალზე ფიქრობენ.

რატომ შეიძლება ბავშვს შესძულდეს სკოლა? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს - ჩაგვრა, უინტერესო გარემო და მოწყენილობა, კონფლიქტი პედაგოგთან, ზედმეტი სიმკაცრე - ხშირად შეურაცხყოფაში გადასულიც, მოზარდის იმაზე მეტად დატვირთვა, ვიდრე ამის მიღება მის ტვინს შეუძლია, თავისუფლების შეზღუდვა, მშობლების გაუთავებელი წნეხი - კარგად ისწავლონ და ა.შ. თუმცა სანამ ამ მიზეზს იპოვიან და პრობლემას მოაგვარებენ, შესაძლოა, თვეები გავიდეს - ბავშვი კი სკოლის და საგანმანათლებლო პროცესის მიღმა დარჩეს.

თამარ ისაკაძე

თამარ ისაკაძე

როგორი უნდა იყოს სისტემა, რომელზე უარსაც მოზარდი არ იტყვის? ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე გვეუბნება, რომ თუ მე-20 საუკუნეში განათლების სისტემა ბავშვისთვის ცოდნის გადაცემაზე იყო ორიენტირებული, დღეს თანამედროვე განათლების მიზნები ნაწილობრივ შეიცვალა და ფუნქციური ცოდნის მიცემაზე ორიენტირებული გახდა - ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვებს არა მხოლოდ გარკვეული იმფორმაცია/ცოდნა უნდა მივაწოდოთ, არამედ ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ პრაქტიკულად ის. ამას ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებშიც ამოიკითხავთ, თუმცა, როგორც თამარ ისაკაძეც ამბობს, ამ მიზნების განხორციელება ჯერჯერობით ვერ ხერხდება:

„მასწავლებლებს უფრო მეტად სჭირდებათ განვითარება, რომ ისწავლონ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დანახვა, მათ სჭირდებათ განივითარონ უნარი, რომ მიუხედავად იმისა, ბავშვი ჩამორჩება სტანდარტს თუ, პირიქით, ამ სტანდარტზე ზევით შეუძლია სწავლა, ისე დაგეგმონ გაკვეთილი, რომ მისი ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული“.

თუ ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს, გამოთქვამს პროტესტს, ამბობს თამარ ისაკაძე, პრობლემა არა ბავშვში, არამედ გარემოში უნდა ვეძებოთ -რა შეიძლება შეიცვალოს ამ გარემოში ისე, რომ საგანმანათლებლო სისტემა მისი ინტერესებისათვის უფრო შესაბამისი იყოს? საგანმანათლებლო სისტემას აქვს პასუხი და მისი არსი ისაა, რომ თავად საჯარო სკოლაში უნდა რეალიზდეს ბავშვის ინტერესები. თუმცა, თუ ქვეყანაში სხვა არაფორმალური განათლების სერვისები იარსებებდა, ეს ასეთი ბავშვებისთვის ბევრად ხელშემწყობი იქნებოდა, მიიჩნევს თამარ ისაკაძე. მოზარდების მხრიდან სკოლის და პედაგოგთა მიმართ მოთხოვნებს ისიც ზრდის, რომ ციფრულ ეპოქაში დაბადებულ ბავშვებს ინფორმაცია პრაქტიკულად შეუზღუდავად მიეწოდებათ - თითის ერთი დაჭერით მათ უსაზღვრო ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ. ასეთ შემთხვევაში - რა დააინტერესებთ მათ სკოლაში?

„ერთი გამოსავალი ის არის, რომ რაც ხდება სკოლის გარეთ საინტერესო, ისიც შევიტანოთ სკოლაში და გაკვეთილები დავგეგმოთ უფრო მრავალფეროვანი რესურსებით და აქტივობებით, თუმცა ყოველთვის იარსებს ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებები - რაც უნდა ბევრი ცვლილება შეიტანო გარემოში, მაინც შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი ბავშვები, ვინც ვერც ამ გარემოს ვერ ემორჩილება, მათ შემთხვევაში უკვე ინდივიდუალურად უნდა გადაწდეს პრობლემა. შესაძლოა, პროფესიული სასწავლებები იყოს გამოსავალი ან არაფორმალურ გარემოში ჩართვა“.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას ან შინ სწავლებას, საქართველოში ეს მეთოდები ფართოდ დანერგილი არ არის, შინ სწავლების მხოლოდ ცალკეული მაგალითები არსებობს, მძიმედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემთხვევაში. თუმცა თამარ ისაკაძეს არ მიაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, რომ მოზარდი, რომელიც სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს, მომენტალურად მოვწყვიტოთ ამ გარემოს და დისტანციურ ან შინ სწავლების რეჟიმზე გადავიყვანოთ:

„ამით პრობლემა არ მოგვარდება. თუ გარემო მიზეზებს გამოვრიცხავთ და ვიტყვით, რომ ეს ბავშვის შინაგანი პრობლემაა, მაშინ ჯერ ამ პრობლემის შესწავლაა საჭირო და მერე ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაგეგმვა იმისა, რომ ამ ბავშვის ყოფნა სკოლაში გახდეს უფრო ეფექტიანი და ხალისიანი. ამას, ცხადია, სჭირდება მასწავლებლების აქტიურობა, გადაწყვეტილებების დემოკრატიულად და არა ავტორიტარულად მიღება“.

სოფიო გორგოძე

სოფიო გორგოძე

IREX-ის პროფესიული განვითარების ექსპერტის, სოფიო გორგოძის აზრით, შინ სწავლების მიმართ საქართველოში ამ დრომდე არ ყოფილა ისეთი მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მსგავსი ალტერნატიული სისტემის შეთავაზება მაინც დადგება დღის წესრიგში:

„დასავლეთში სახლში განათლება, ე.წ. ჰოუმ სქულინგი, მიღებული ფორმაა, ასეთ მოზარდებს, უბრალოდ, უწევთ შემდეგ ასე მიღებული ცოდნის დადასტურება, დიპლომის მისაღებად, რათა შემდგომ უნივერსიტეტებში განაგრძონ სწავლა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც ნელ-ნელა ისე უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რომ თანამედროვე მოთხოვნებს გავუსწოროთ თვალი და ჩვენს მოზარდებსაც ჰქონდეთ ასეთი შესაძლებლობები მანამ, სანამ ჩვენი მასწავლებლები და ჩვენი სკოლები, ზოგადად, დაეწევიან დასავლეთის განვითარების დონეს“.

პედაგოგ მანანა ბეგიაშვილს უკვე წლებია აქვს შემოქმედებითი აზროვნების სახელოსნო, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვებს წერას და ანალიტიკურ აზროვნებას ასწავლის. მასთანაც მისულან ისეთი ბავშვები, ვისაც სკოლის სახელის გაგონებაც კი არ სურდა. მანანა ამ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ ასეთი პროტესტი ძირითადად ახასიათებს მათ, ვინც ღიად ავლენს საკუთარ ხასიათს, ვინც არ ფარავს, რომ ქართულ სკოლებს დღეს ბევრი ნაკლი აქვს და ეს ნაკლი არ მოსწონს:

მანანა ბეგიაშვილი

მანანა ბეგიაშვილი

„რა არის ჩვენი სასკოლო სისტემის მთავარი ნაკლი? ის, რომ აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ერთ ქვაბშია მოქცეული; ის, რომ პირველკლასელსაც ისე ასწავლიან, როგორც მეთორმეტეკლასელს. რაც უფრო მრავალრიცხოვანია კლასი, მით უფრო მეტად იგნორირებულია ინდივიდი და ეს განსაკუთრებით საჯარო სკოლებს ეხება. რატომ ცდილობენ მშობლები, ვისაც რაღაც შემოსავალი მაინც აქვთ, რომ გადადონ ფული და ბავშვი კერძო სკოლაში გადაიყვანონ? მიუხედავად იმისა, რომ იქაც მაინც მომზადება უწევთ და მაინც ვერ ამზადებს ბავშვებს სათანადო დონეზე გამოცდებისათვის, მაინც იქ ურჩევნიათ. რატომ? იმიტომ, რომ იქ უფრო მცირე რაოდენობის მოსწავლე ჰყავთ კლასებში და თითოეულზე უფრო ერთად ზრუნავენ“.

კიდევ ერთი ფაქტორი, ამბობს მანანა ბეგიაშვილი, რამაც, შესაძლოა, მოზარდს სკოლაზე უარი ათქმევინოს, არის ის, რომ სკოლა დღეს მეტად ორიენტირებულია საგანზე, მის სწავლებაზე და არა ბავშვზე:

„როცა შენ მხოლოდ იმას ფიქრობ, რომ შენი საგანი მიიტანო მოსწავლესთან და სულ ერთია რატომ, სულ ერთია, რატომ არ იცის გაკვეთილი და რატომ არ დაწერა, იქ უკვე ყველაფერი დაკარგულია. და მეორე და მთავარი - არ შეიძლება პირველკლასელს და მეთორმეტეკლასელს ვასწავლოთ ერთი სისტემით, ერთნაირად, მიდგომა უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, რაც ხშირად ასე არ არის“.

მანანა ბეგიაშვილს ისიც ვკითხეთ, თუ რაზე წერენ ყველაზე ხშირად, რა გადააქვთ ფურცელზე მასთან მისულ მოზარდებს, განსაკუთრებით მათ, ვინც დადგენილ წესებს არ ემორჩილება. მეგობრის დეფიციტი, გვითხრა, მანანამ, დეფიციტი და ძიება:

„ყველას აქვს ერთი და იგივე მიზანი - ყველას უნდა მეგობარი ჰყავდეს. ყველგან ჩანს მეგობრის ძიება. მეგობრის ფენომენი. და დეფიციტი“.

ლელა კოტორაშვილი

ლელა კოტორაშვილი

ლელა კოტორაშვილი დღეს ისეთ სკოლაში ასწავლის, სადაც ბავშვებს არ უნდებათ გაკვეთილების გაცდენა. პირიქით, სკოლა და ლელა მასწავლებელი ლამის დღესასწაულს უტოლდება. ეს რაჭის სოფელ უწერის სკოლაში ხდება. ადვილი არ არის მუდმივად ფორმაში ყოფნა, განსაკუთრებით, როცა შენს მიმართ უზარმაზარი მოლოდინი არსებობს, ამბობს ლელა. იხსენებს თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, მუშაობის პერიოდსაც, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ უარი თქვა სკოლაში სიარულზე, მოგვიანებით დაბრუნდა, თუმცა მას მერე ლელა სულ ფიქრობდა, რომ ასეთ დროს მთავარია, მასწავლებელმაც გაიხსენოს საკუთარი თავი, როცა ის პატარა იყო. გაიხსენოს, რა აწუხებდა, რა არ მოსწონდა და, თუნდაც, როგორ სკოლაში უნდოდა ევლო. ეს გეხმარება რაღაც უკეთესი მოიფიქრო, ამბობს ლელა, მეტი იფიქრო, მეტად მოემზადო, სანამ მათთან გაკვეთილზე შეხვალ. და ასეც აკეთებს:

„სულ ვცდილობ განვვითარდე, წავიკითხო, მუსიკას მოვუსმინო, ფილმი ვნახო. საკუთარ თავთან დავამყარო ჰარმონია, რომ მათთანაც ასეთი მივიდე. იგივე გავუზიარო. იგივე ემოცია მივუტანო. პირადი მაგალითი, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, როდესაც შენ მათთვის ხდები მისაბაძი. უნდა დააინტერესო რამით, უნდა შესთავაზო რამე, უნდა სხვადასხვანაირი იყო, უნდა პატივისცემით მოეპყრო, აგრძნობინო, რომ ის პიროვნებაა. არ არსებობს, უკუგება არ ჰქონდეს ამას. არ ვიცი, შესაძლოა, ჩვენ, მასწავლებლებმა, უნდ გავაკეთოთ მეტი, იქნებ ვერ ვეწევით მათ მოთხოვნებს? ალბათ, ჩვენც მაქსიმალურად უნდა დავინტერესდეთ მათი ინტერესის სფეროებით, არა მხოლოდ საგნის სწავლებით, მივცეთ საკმარისი თავისუფლება.. ამაზე ბევრს წერენ ძალიან კარგი პედაგოგები და ხშირად ვკითხულობ და ვიზიარებ მათ აზრს, თუმცა ვფიქრობ, რომ, როგორც ჩანს, უფრო მასშტაბური უნდა გახდეს ასეთი აზროვნება, ერთეულები ვერ შეცვლიან ყველაფერს“.

მანანა ჯავაშვილი

მანანა ჯავაშვილი

ვალდორფის სკოლაში პედაგოგები ელიან, რომ მოსწავლეები მათ ყველაფერს ეტყვიან, რასაც ფიქრობენ. კამათი და დისკუსია, ორმხრივი კრიტიკაც მიღებულია. მიზანი ის არის, გვიხსნის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორი მანანა ჯავაშვილი, რომ ბავშვს მისცენ ის ყველაფერი, რაც მას სჭირდება და, პირველ რიგში, ურთიერთობა. შესაძლოა, ის, ვინც სკოლაზე უარს აცხადებს, სწორედ ასეთი ურთიერთობები ვერ ეძლევა, - გვეუბნება მანანა ჯავაშვილი. - მით უმეტეს, დღეს, ელექტრონული მედიების ეპოქაში, როცა ასეთმა სოციალურმა ურთიერთობებმა ისედაც იკლო. რამაც იკლო სხვაგან, მის შენარჩუნებას ცდილობენ ვალდორფში. და მაინც, რა არის მათთან ისეთი, რისგანაც თავის დახსნას ამ სკოლის მოსწავლეები არ ცდილობენ? - ვკითხეთ მანანა ჯავაშვილს:

„ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლა არ არის ცოდნის თავში ჩაყრის ადგილი. სკოლა არის ადგილი, სადაც მე უნდა გავიზარდო, ჩემი უნარები განვივითარო, მათ შორის, რა თქმა უნდა, ინტელექტუალურიც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სკოლის ერთადერთი მიზანი ჩემთან მიმართებით, არამედ იმ დოზის ინფორმაციის მოცემა, რომლის გადახარშვაც მე, მოსწავლეს, შემიძლია, და ასევე მომაწოდოს პარალელურად ის ყველაფერი, რაც ასევე მჭირდება“.

ამ საჭიროებებს შორის არის ვალდორფის სკოლის პრაქტიკები, რომლის დროსაც მოსწავლეებს თავად უწევთ ყველაფრის კეთება - იქნება ეს ხის დარგვა, დათესვა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება თუ მოხუცების ნუგეშისცემა:

„მეცხრე კლასში ვიწყებთ ხოლმე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს, როდესაც ერთი-ორი კვირით მიდიან სადმე სოფელში და იქ ეხმარებიან, თესავენ, ძროხას წველიან და ა.შ., ყველა საჭირო სოფლის საქმეს აკეთებენ. ასე, ვფიქრობ, რომ მათი დამოკიდებულება აღარ არის მხოლოდ მომხმარებლური. მეათე კლასიდან ეკოლოგიური პრაქტიკები იწყება - ტყის დასუფთავება იქნება ეს თუ ხის დარგვა, ბილიკების გაყვანა. ამ გზით, ვფიქრობთ, იმას მივაღწევთ, რომ თავად ხდებიან ბუნების ნაწილი და არასოდეს დაანაგვიანებენ მას, არ მოჭრიან ხეს. და ბოლო კლასში გვაქვს სოციალური პრაქტიკა, როდესაც სამუშაოდ მიდიან განათლებაშეფერხებულ ადამიანებთან ან მოხუცთა თავშესაფრებში სამუშაოდ“.

ეს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა - ნახვა, რა როგორ კეთდება, ვინ როგორ ცხოვრობს, ვის როგორ შეიძლება უჭირდეს და ა.შ. როგორც წესი, ამისგან გაქცევას ვალდორფის სკოლელები არ ცდილობენ. იქ ამბობენ, რომ რაც გიყვარს და მოგწონს, მისგან თავდახსნა არ გჭირდება. თუმცა მანანა ჯავაშვილიც გვეუბნება, რომ პრობლემებს ბავშვებთან ურთიერთობაში ისინიც აწყდებიან - ზოგჯერ გამოსავალსაც დიდხანს ეძებენ. მთავარია, რომ ძალიან ეცადო.

13 წლის თეკლა კი ამ წელს ახალ სკოლაში წავა. მისმა მშობლებმა ჯერაც არ იციან, დახვდება თუ არა იქ მათ შვილს სასურველი გარემო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG