Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარღვევები ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამაში


ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგად, საქართველოს კონტროლის პალატამ ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, დასკვნის თანახმად, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად 2 400 000-მდე ლარი გაიხარჯა. კონტროლის პალატამ აუდიტის მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.
ძვირად ღირებული სამედიცინო მასალების ხარჯზე ხელოვნურადაა გაზრდილი ქირურგიული ოპერაციების ფასი ...

კონტროლის პალატის მიერ ტუბერკულოზის მკურნალობის ფთიზიატრიის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის დასკვნა საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის სამ ძირითად ფაქტს მოიცავს. დასკვნის თანახმად, ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ტუბერკოლუზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტებით მოსამარაგებლად, პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან. ცენტრის ფინანსური დირექტორის ხელშეწყობით, აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულებებს, დასკვნის მიხედვით, დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში უფორმებდნენ ისე, რომ ეს კომპანიები იმ დროისათვის და შემდგომ პერიოდში სხვა რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.

აუდიტის დასკვნის მეორე ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ქირურგიული ოპერაციების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის საკითხს შეეხება. კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალასანია ამბობს:

”ძვირად ღირებული სამედიცინო მასალების ხარჯზე ხელოვნურადაა გაზრდილი ქირურგიული ოპერაციების ფასი, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გაიხარჯა 1 120 000 ლარი.”

შედარებისთვის შემდეგი რიცხვების მოტანაც შეიძლება: ქირურგიული ოპერაციებისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მასალები ბიუჯეტიდან შეძენილია 4 174 ლარად, მაშინ როდესაც, აუდიტის თანახმად, აღნიშნული მასალების რეალური ღირებულება მხოლოდ 1200 ლარს შეადგენს. ხელოვნურად იზრდებოდა ტუბდისპანსერებში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების განთავსების საწოლდღეების რაოდენობაც, რისთვისაც სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 99 400 ლარი.

კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ამგვარი კორუფციული გარიგებებით, პირველ რიგში, პაციენტი ზარალდება და სამინსტროსთან ერთად დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ერთობლივი საქმიანობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს:

”ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა, აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა კონტროლის პალატასთან და ბევრი მიმართულებით ვითარება გამოსწორებულია, თუმცა რეალურად ამ ბოლო აუდიტმა აჩვენა, რომ არის სფეროები, სადაც კიდევ გასაუმჯობესებელია მართვის პრინციპები, ტენდერების საკითხები, ოპერაციების ტარიფების რეალურობა და ასე შემდეგ.”
იქ ჩამოთვლილ კომპანიებთან დაკავშირებით დეტალები ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი...

ტუბერკულოზის ცენტრში აღმოჩენილი დარღვევების კომენტირებისას, თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლაა საჭირო. ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, კონტროლის პალატასთან აუდიტის წარმოების სამი თვის განმავლობაში ითანამშრომლა ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იაგორ კალანდაძე ამბობს, რომ, პირველ რიგში, მისი და დაწესებულების ინტერესია, რომ ხარვეზი, ნაკლი თუ დანაშაული ნანახი და გამოსწორებული იყოს:

”იქ ჩამოთვლილ კომპანიებთან დაკავშირებით დეტალები ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. არ იყო ცნობილი, ვისი დაფუძნებულია და დარეგისტრირებული როდის იყო, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. ეს იყო კომპანიები, რომლებიც 2008 წელს ტენდერში იყო გამარჯვებული და შემდეგ ინერციით აგრძელებდნენ ურთიერთობას ცენტრთან.”

იაგორ კალანდაძის თქმით, საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის გამო, კონტროლის პალატის აუდიტის ყურადღების ცენტრში ძირითადად ფინანსური დირექტორი მოხვდა, რომელიც თავისი საქმიანობის შესახებ განმარტებებს ამჯერად სამართალდამცავებს აძლევს.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მომსახურებით, ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასო მკურნალობის კურსი 2010 წელს 5796-მა ადამიანმა გაიარა. ყველა ეს შემთხვევა 100 პროცენტითაა სახელმწიფო პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფო ბიუჯეტმა პროგრამა 2011 წელს 9 100 000 ლარით დააფინანსა. გარდა ამისა, საქართველოში მუშაობს გლობალური ფონდის პროექტი, რომელიც მედიკამენტოზურ უზრუნველყოფას ახორციელებს. საქართველოში ტუბერკულოზით დაავადების და ამ დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი პენიტენციარულ დაწესებულებებშია.ტუბერკულოზით გარდაცვლილი ერთ-ერთი პატიმრის - ნოკოლოზ მახარაძის - საქმეზე ამ დღეებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც მსჯელობდნენ.23 ნომბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნიკოლოზ მახარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევაში დამნაშავედ საქართველოს სახელმწიფო ცნო და მას გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.
XS
SM
MD
LG