Accessibility links

logo-print

24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში არაერთი ღონისძიებით, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის გვირილა-აქციით აღინიშნა. „გამოვავლინოთ, ვუმკურნალოთ, დავამარცხოთ ტუბერკულოზი“ - ეს არის 2015 წლის ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის დევიზი. რა პროგრამებს სთავაზობს სახელმწიფო ტუბერკულოზით დაავადებულებს და რა მნიშვნელობა აქვს დროულად მკურნალობას?

ნიკა 23 წლის იყო, ტუბერკულოზი რომ აღმოაჩნდა. თითქოს ყველაფერი ერთი უბრალო გაციებით დაიწყოო, ჰყვება ის. თუმცა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მას ექიმებმა ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა დაუდგინეს. დაიწყო მკურნალობის ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელმაც ორი წლის თავზე შედეგი გამოიღო და ნიკამ დაავადება დაამარცხა. მას აღმოაჩნდა ნებისყოფა, რომელმაც მკურნალობა ბოლომდე მიაყვანინა.

„2010 წელს დავამთავრე მკურნალობა და დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მე პირადად ყოველდღიურად 23 აბ წამალს ვღებულობდი. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გადასატანი იყო. გარდა ამისა, წამლების მიღების პროცესში თავს ცუდად ვგრძნობდი. საკმაოდ ძნელია ამ პროცესის გაძლება, რადგან ხშირად მაშინ უფრო ცუდად ხარ, როცა წამალს იღებ, ამიტომ ბევრი დაავადებული ამ პროცესს ვერ უძლებს და მკურნალობას თავს ანებებს. ჰგონიათ, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობა საკმარისი იქნება დაავადების დასამარცხებლად. ეს ასე არ არის. აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. თითოეულ დაავადებულს ამას ვურჩევ. ნუ შეწყვეტენ მკურნალობას, რადგან შეწყვეტილი მკურნალობა შემდეგ დაავადების უარეს ფორმებს იწვევს“, - ამბობს ნიკა.

აუცილებელია გადაცემის გზებზე ინფორმირებულობა, როგორ არ უნდა გარიყო ადამიანი და უნდა გესმოდეს, რომ მხოლოდ ტუბერკულოზის ჩხირის გამომყოფი ადამიანი არის საშიში და არა სხვა დაავადებული...

შეწყეტილი მკურნალობა - ეს არის პრობლემა, რომელზეც 24 მარტს, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ექიმები ლაპარაკობენ. არსებობს სტატისტიკური მონაცემებიც. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკმაოდ მაღალია შეწყვეტილი მკურნალობის პროცენტული მაჩვენებელი და, უკანასკნელი მონაცემებით, ის 8 %-ს აღემატება. თუმცა სანამ შეწყვეტილ მკურნალობამდე მივიდოდეს დაავადებული, მანამდე ტუბერკულოზის აღმოჩენის პროცესია გასავლელი. „გამოვავლინოთ, ვუმკურნალოთ, დავამარცხოთ ტუბერკულოზი“ - ეს არის 2015 წლის ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი დევიზი, რომლის მიზანიცაა ტუბერკულოზის პრობლემებისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდა და ტუბდაავადებულთა მხარდაჭერა. 24 მარტი ორგანიზაცია „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“ წარმომადგენლებმა, ტუბერკულოზით დაავადებულებმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა სოლიდარობის გვირილა-აქციით აღნიშნეს. თეთრი ყვავილის დღე მსოფლიოში საუკუნეზე მეტია აღინიშნება. საქართველოში ჯერ კიდევ 1911-18 წლებში ხელოვნური გვირილების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით არაერთ ტუბერკულოზით დაავადებულს გაეწია სამედიცინო დახმარება. თეთრი გვირილები გულსაბნევებად ეკეთათ 2015 წლის 24 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს. სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“ წარმომადგენლის, ლალი ჯანაშიას თქმით, ამ ქციით მათ სურთ აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება დაავადების მიმართ, რათა ხელი შეეწყოს როგორც დაავადების დროულ გამოვლინებას, ისე სტიგმის დაძლევას:

„ყველაზე მძიმე, რაც ახლავს ამ დაავადებას, ეს არის სტიგმა. ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება არის აუცილებელი. აუცილებელია გადაცემის გზებზე ინფორმირებულობა, როგორ არ უნდა გარიყო ადამიანი და უნდა გესმოდეს, რომ მხოლოდ ტუბერკულოზის ჩხირის გამომყოფი ადამიანი არის საშიში და არა სხვა დაავადებული. ისიც უკვე მკურნალობის პროცესში უკვე აღარ არის საშიში. თვითონ დაავადებულ ადამიანებსაც მინდა მივმართო, რომ როდესაც შეიტყობენ თავიანთი დაავადების შესახებ, გარკვეულწილად მოერიდონ საზოგადოებასთან ურთიერთობას პირველი დღეების განმავლობაში, სანამ აქტიურად ჩაებმებიან მკურნალობის პროცესში. ხოლო დანარჩენ ადამიანებს მინდა მივმართო: დაიმახსოვრეთ! ტუბერკულოზი განკურნებადია“.

პრობლემას წარმოადგენს დროული, კვალიფიციური დიაგნოზი, დროული მიმართვა და შეწყვეტილი მკურნალობა. მე ვერ ვიტყვი, რომ იდეალურია ინფრასტრუქტურა და იდეალურია ის მეთოდები და სქემები, რითაც ხდება პირველადი შეფასება...

დღეს საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული 4 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული. ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ს აღწევს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა ავალიანის თქმით, დღეს საზოგადოებაში მწირია ცოდნა იმ რისკებისა და გამოწვევების შესახებ, რაც თან ახლავს ამ დაავადებას. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოში საკმაოდ მაღალია გამოვლენის მაჩვენებელი და ქვეყანა ამ მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს ევროპის ქვეყნებს შორის. დღეს საქართველოში მოქმედებს ტუბერკულოზის 64 კაბინეტი, 10 რეგიონალური სტაციონარული დაწესებულება, თბილისში ხუთი დისპანსერი და ერთი რეფერალური საავადმყოფო, რომელიც 200 საწოლზეა გათვლილი. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებს, ამ მიმართულებით, ზაზა ავალიანის თქმით, საქართველოს ბიუჯეტში 12 მილიონი ლარია მობილიზებული. გარდა ამისა, მას თან ახლავს გლობალური ფონდის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ევრო, რითაც უზრუნველყოფილია პაციენტთათვის უსასყიდლოდ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრის დირექტორის თქმით, პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს.

„პრობლემას წარმოადგენს დროული, კვალიფიციური დიაგნოზი, დროული მიმართვა და შეწყვეტილი მკურნალობა. მე ვერ ვიტყვი, რომ იდეალურია ინფრასტრუქტურა და იდეალურია ის მეთოდები და სქემები, რითაც ხდება პირველადი შეფასება, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოში ფასდება და ხასიათდება მაღალი მიღწევადობით. გარდა ამისა, გვყავს განსწავლული და მაღალკვალიფიციური პერსონალი“, - ამბობს ზაზა ავალიანი.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ტუბერკულოზით ყოველწლიურად ინფიცირდება მსოფლიოს მოსახლეობის 1%. აღირიცხება 8 მილიონზე მეტი დაავადებული და იღუპება 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის - 100 ათასი ბავშვი. 24 მარტი, როგორც ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წლიდან აღინიშნება.

XS
SM
MD
LG