Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტების ნაკადი ოდნავ გაიზარდა


უცხოელი ტურისტები ბათუმში
უცხოელი ტურისტები ბათუმში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ეფუძნება, პირველი 8 თვის მანძილზე საქართველოში შემოსული უცხოელების რაოდენობა 3 პროცენტით გაიზარდა. ეს იმ ტემპის საგრძნობი ვარდნაა, რაც წინა წლებში შეინიშნებოდა. გასული წლის ზაფხულში ტურისტების რაოდენობის ზრდა 25 პროცენტს შეადგენდა.

აგვისტოს თვის მონაცემების ჩათვლით, ტურისტული ნაკადის მხოლოდ 3 პროცენტით მატება ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურება, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 25-პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით - მით უმეტეს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო სარეკლამო კამპანიისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გასამმაგდა. ამას წინ უძღოდა გიორგი სიგუას ახალი სტრატეგია. ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2013 წლის გაზაფხულიდან 2014 წლის 4 აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ახალი სტრატეგიის არსი გიორგი სიგუამ გასულ წელს თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში გამოაცხადა:

”მე მირჩევნია, რომ დავხარჯო ფული იმ მიზნობრივ ბაზრებზე, საიდანაც არის პირდაპირი ავიარეისები, საიდანაც არის უვიზო რეჟიმი, საიდანაც არ არის ენობრივი ბარიერი. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო „სი-ენ-ენ“-ზე საქართველოს გარეკლამების, თუმცა ვთვლი, რომ იმ თანხად, რაც ეს ღირს, გაცილებით მეტი შედეგის მიღწევა შეიძლება უკრაინაში, პოლონეთში”.

გიორგი სიგუა
გიორგი სიგუა

ამ განცხადებით გიორგი სიგუამ თავისი მთავრობის წინამორბედის საქმიანობა გააკრიტიკა. არადა, სწორედ წინამორბედთა ძალისხმევის შედეგად მიიჩნევა ტურისტული ნაკადის საგრძნობი ზრდა 2013 წლის განმავლობაში. მაშინ ასეთი მოსაზრება მაია სიდამონიძემ გამოთქვა, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაშორეს:

”დღევანდელი ხელმძღვანელობა, - მათი არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, - იმედია, არ ფიქრობს, რომ ეს არის მათი დამსახურება, იმიტომ რომ 3 თვეში არანაირ მარკეტინგულ სტრატეგიას და ახალ სტრატეგიას შედეგი არ მოაქვს. მათი სტრატეგია შედეგს გამოიღებს ორ-სამ წელიწადში, რასაც ყველა დავინახავთ”.

ამ განცხადებიდან ერთი წელი გავიდა და ახალი სტრატეგიის შედეგი უკვე თვალსაჩინო ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის აგვისტოს თვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, მინუს 0,5 პროცენტს შეადგენს. არადა, წინა წლებში აგვისტოს თვე ტურისტული ნაკადის პიკს წარმოადგენდა ხოლმე. მაგალითად, 2012 წელს ზრდა თითქმის 70 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის აგვისტოში ზრდა თითქმის 30 პროცენტი იყო.

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი

ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს. მაგალითად, თურქეთიდან შემოსულთა რაოდენობის კლება მინუს 5 პროცენტზე მეტს შეადგენს. მინუს 12 პროცენტით არის შემცირებული ტურისტული ნაკადი სომხეთიდან და მინუს შვიდი პროცენტით - რუსეთიდან. არადა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ოთხიოდე თვის წინ ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

”ჩვენ გვაქვს გეგმა და სტრატეგია ამ ტურისტების ნაწილის... საუბარია გაორმაგებაზე ტურისტების რაოდენობისა უკრაინიდან. შარშან გვყავდა 125 ათასი ტურისტი და ამ რაოდენობის გაორმაგება გვინდა წლევანდელი ზაფხულის ხარჯზე”.

საქართველოს მთავრობამ გიორგი სიგუას ამ მიზნის მისაღწევად უკრაინაში სარეკლამო კამპანიის დაფინანსებასთან ერთად უკრაინული ავიაკომპანიის სუბსიდირებაც კი განახორციელა, მაგრამ უკრაინიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 23 პროცენტით გაიზარდა. საქმეს ვერც გიორგი სიგუას მიერ ინიცირებულმა ფესტივალ ”კაზანტიპის” უკრაინიდან - ყირიმიდან - საქართველოში, კერძოდ კი, ანაკლიაში გადმოტანამ უშველა. სიგუა ვარაუდობდა, რომ ”კაზანტიპი” ანაკლიაში 40 ათასამდე ტურისტს მოიზიდავდა, რეალურად კი ფესტივალს, საერთო ჯამში, 12 ათასამდე ადამიანი ესტუმრა.

მაია სიდამონიძე
მაია სიდამონიძე

”კაზანტიპთან” დაკავშირებულ მოლოდინებს მის დაწყებამდე სამიოდე თვით ადრე პესიმისტურად აფასებდა ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, მაია სიდამონიძე:

”რა თქმა უნდა [ფესტივალის ჩატარების] შესაძლებლობა არის, თუმცა სერიოზული კვლევა არის ჩასატარებელი, ტურისტების რა სეგმენტი დადის ამ ფესტივალზე და რა მოთხოვნები გააჩნიათ მათ, დააკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ზღვისპირა ზოლი ამ მოთხოვნებს”.

”კაზანტიპის” ფესტივალის მსვლელობამ აჩვენა, რომ, მიუხედავად წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელშიც ორგანიზატორებმა მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს, ინფრასტრუქტურამ თავი ვერ გაართვა გამოწვევას. 10 დღის მანძილზე გასართობად ჩამოსული ტურისტების გარკვეულმა ნაწილმა პირველი ორი დღის შემდეგ დატოვა საქართველო სიძვირისა და სხვა სირთულეების გამო. ამას მართლმადიდებელი ეკლესიის ფესტივალის საწინააღმდეგო პოზიცია და პროტესტიც დაემატა. სულ ბოლოს კი მთავრობის პოზიციაც გახდა ცხადი. ჯერ იყო და, ”კაზანტიპის” დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე გიორგი სიგუა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ფესტივალის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოაცხადა, რომ ” ‘კაზანტიპი’ არის ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალი”. კვირიკაშვილმა ასევე დასძინა, "ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამ ბიზნესმა საქართველოში ვერ გაამართლაო".

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგად ითვლება, რადგან ის მოსახლეობის ფართო ფენების დასაქმებისა და შემოსავლის კარგ წყაროს წარმოადგენს. ტურიზმი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით იმდენივე მოცულობას შეადგენს, რამდენსაც სოფლის მეურნეობა. ამ უკანასკნელის ხელშეწყობისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი იხარჯება.

XS
SM
MD
LG