Accessibility links

logo-print

საქართველოში „ტურისტულ ბუმზე“ ლაპარაკობენ


უცხოელი ტურისტები მცხეთაში

უცხოელი ტურისტები მცხეთაში

მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 15 პროცენტი შეადგინა. უფრო მეტად მოიმატა და თითქმის 25 პროცენტი შეადგინა იმ უცხოელი სტუმრების რაოდენობამ, რომლებმაც საქართველოში ერთ დღე-ღამეზე მეტი დაყვეს.

საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ხდება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო ვეღარ ახერხებენ ეგვიპტის, თურქეთისა თუ სხვა უფრო ძვირად ღირებული ტურისტული ქვეყნების მონახულებას. საქართველო მათ უამრავი ფაქტორის გამო იზიდავს, რომლის შესახებაც ბევრს ლაპარაკობენ სოციალურ ქსელებში. ფრაგმენტი ერთ-ერთი მოგზაურის, „ტანია გენერალის“, ვიდეობლოგიდან:

„არ ვიცი, კიდევ მეტი რა შეიძლება, მაგრამ თბილისი აგრძელებს და აგრძელებს ჩვენს ისე თბილად მიღებას, რომ სულ უფრო და უფრო გვიყვარდება. დღეს ვიღაცამ გვკითხა, თქვენ როდის მიემგზავრებითო? ერთმანეთს გადავხედეთ და ვუპასუხეთ: ჯერ არ გადაგვიწყვეტია, შეიძლება არც არასდროს...“

ტურისტები თბილისის ქუჩაში

ტურისტები თბილისის ქუჩაში

ბევრ სხვა ასეთ დადებით გამოხმაურებას რეკლამის ეფექტი აქვს და საქართველოში სტუმრობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. მხოლოდ მაისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, თითქმის 205 ათასი შეადგინა, ზრდა კი 24.3 პროცენტია. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, რომელიც ტურისტებისა და საქართველოში ტრანზიტული თუ სხვა ტიპის ხანმოკლე ვიზიტებით მოგზაურთა ერთობლიობას შეადგენს, ის 2016 წლის პირველ 5 თვეში 2 მილიონ 100 ათასს გადასცდა, ზრდის მაჩვენებელი კი 15 პროცენტზე ოდნავ მეტია. ამ რიცხვებით განსაკუთრებით ამაყობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. მან 1 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტატისტიკა არის უპრეცედენტოდ რეკორდული:

„ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ შევქმენით მთელ მთავრობასთან ერთად საქართველოში ტურიზმის რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, უკვე 1 წელიწადზე მეტია გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვიურად იზრდება ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საქართველოში და ეს აისახება იმ დამატებით შემოსავლებში, რომელიც ქვეყანაში შემოდის და იმ დამატებით სამუშაო ადგილებში, რომელსაც ტურიზმი ქმნის“.

ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე...

გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმიდან მიღებული სარგებელი და შემოსავალი ახსენა, რაც ვიზიტორების სტატისტიკაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ძნელია 2016 წლის მაჩვენებლებზე საუბარი, მაგრამ ცნობილია გასული წლის მონაცემები. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 8 პროცენტზე მეტად აღემატებოდა 2014 წლის მონაცემებს. ამ საკითხებზე საუბრისას რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტმა ირინა გურულმა განაცხადა, რომ „ტურიზმის ზრდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უცხოური სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით - განსაკუთრებით, სავალუტო რყევების ფონზე და მაშინ, როცა ქართული ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული“:

„ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცხადია, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო ლარის გამყარებისა იმ პროცესში, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოში დაფიქსირდა“.

სანაპირო სარფში

სანაპირო სარფში

სავალუტო შემოდინებებისა და ფინანსური სტაბილურობის ფაქტორის გარდა, ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების გენერირებაში და ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ამ მხრივ კი, 2016 წლის პირველ 5 თვეში აღნიშნული უცხოელი მოგზაურების რაოდენობის ზრდის მაჩვენებლები არასაკმარისად მიაჩნია ტურიზმის ექსპერტს, კომპანია „გუდაური ჰელისკინგის“ დამფუძნებელს ვატო ასათაშვილს:

„2009 წლიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 35 პროცენტი...“

ტურიზმის სექტორს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.7 პროცენტს შეადგენდა, 2015 წლის მონაცემების მიხედვით. მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) 2016 წლის ანგარიშის თანახმად, მშპ-ში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუციის მიხედვით, საქართველო მე-17 ადგილზეა, ხოლო, მთლიანი წილის მიხედვით, 25-ეზე მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG