Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტული სეზონი ანაკლიაში - რატომ ვერ მიიღებს კერძო სექტორის ნაწილი დამსვენებელს


ანაკლია
ანაკლია

ანაკლიაში ტურისტული სეზონი, რომელსაც წლის განმავლობაში სარგოს მიღების იმედით ელოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და სასტუმროს მფლობელები, უკვე დაიწყო. იმ ფონზე, როცა აქ განთავსებულ სამივე სასტუმროში აცხადებენ, რომ 80-90%-იანი დატვირთვით მუშაობენ, აგვისტოსთვის კი ყველა ნომერი დაჯავშნილი აქვთ, კერძო სექტორი დამსვენებელთა სიმცირეს უჩივის.

ანაკლიაში, სადაც ხელისუფლება, დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის - „კაზანტიპის“ - გამო, დამსვენებელთა განსაკუთრებით დიდ ნაკადს ელოდება, მოსახლეობის ნაწილი მოუმზადებელი ხვდება. რიგი პრობლემების გამო ისინი წელს ტურისტებს ვერ მიიღებენ.

ამ მომენტში ტურისტები არის ნაკლები. რომ მოვლენ, იმაზე არ არის საუბარი. რაც შეეხება ფასებს, 20 დოლარიდან იწყება, 50 დოლარიც არის, გააჩნია პირობებს. აი, ფესტივალი რომ ტარდება, მაგის გამო მოიმატა ფასებმა...
მიტო შელია

სანაპიროსთან ახლოს, სასტუმრო „ანაკლიასთან“ მცხოვრები 20-მდე ოჯახი მცირე წვიმის დროსაც იტბორება. ანაკლიის ცენტრში მცხოვრები თორნიკე ბუბუტეიშვილი და ლალი ქვარცხავა ჰყვებიან, რომ მიზეზი სასტუმროს მშენებლობისას დაშვებული შეცდომებია. მათ აქვთ რამდენიმე სხვა მიზეზიც, თუ რატომ ვერ მიიღებენ წელს ტურისტებს.

„ეს გამომდინარეობს იქედან, რომ არასწორად შეირჩა თავის დროზე სასტუმროს ადგილი და მთლიანად ინფრასტრუქტურისთვის ტერიტორია. მეტრ-ნახევრით დაბლა ჩაგვსვეს ჩვენ და უბრალო წვიმის დროსაც ვიტბორებით. იყვნენ აქ ტურისტები პოლონეთიდან, ლიტვიდან, მაგრამ ზუსტად მაშინ გაწვიმდა და წყალი რომ დაინახეს, აქ არც ერთმა არ ისურვა გაჩერება“, - გვითხრა თორნიკე ბუბუტეიშვილმა.

„როგორ შემოვა აქ ტურისტი, ისეთი შმორის სუნი და ანტისანიტარიაა. ხელად იმას წუნობენ, უი რა სუნიაო, და გარბიან“, - ამბობს ლალი ქვარცხავა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც ანაკლიაში სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებისას დაზიანებული წყლის კოლექტორის შეკეთებას და სანიაღვრე არხების მოწყობას გულისხმობს.

ანაკლია
ანაკლია

„ჩვენ იქ ერთჯერადი კომპენსაციები გავეცით. თავისთავად ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ და ის გამოყოფს მარტო პროექტისთვის 50 ათას ლარს. მარტო დაპროექტებას სჭირდება ეს თანხა და, ჩვენი გაანგარიშებით, სამუშაოების ჩატარება ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება. აქ არ არის საუბარი რამდენიმე ოჯახზე. ეს ეხება მთლიანად იმ უბანს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ.

წვიმის შედეგად დატბორილი ტერიტორიის მოპირდაპირედ მცხოვრებ მიტო შელიას ეს პრობლემა არ აწუხებს. შესაბამისად, მან უკვე მიიღო დამსვენებლები, თუმცა ამბობს, რომ, გასულ წელთან შედარებით, მათი რაოდენობა დიდად არ გაზრდილა:

”ამ მომენტში ტურისტები არის ნაკლები. რომ მოვლენ, იმაზე არ არის საუბარი. რაც შეეხება ფასებს, 20 დოლარიდან იწყება, 50 დოლარიც არის, გააჩნია პირობებს. აი, ფესტივალი რომ ტარდება, მაგის გამო მოიმატა ფასებმა“.

სამწუხაროდ, ტურისტების იმ დიდ ნაკადს მთლიანად ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან სასტუმრო იმ პერიოდში მთლიანად დაჯავშნილია...
ანა გვარამია

მიტოს და იმ ადამიანებს, ვინც ფესტივალში საფრთხეს ხედავს თუნდაც იმ მხრივ, რომ, შესაძლოა, ნარკოტიკების გავრცელდეს, ამშვიდებს ე.წ. რესპუბლიკა „კაზანტიპის“ პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფესტივალის ორგანიზატორები ანაკლიაში არ დაუშვებენ ისეთ რამეს, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

სწორედ მუსიკალური ფესტივალის გამოა ანაკლიაში განთავსებული სამივე სასტუმრო აგვისტოსთვის მთლიანად დაჯავშნილი. როგორც სასტუმროების ხელმძღვანელები აცხადებენ, დამსვენებლებს შორის ჭარბობენ უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთისა და ლიტვის მოქალაქეები.

„სამწუხაროდ, ტურისტების იმ დიდ ნაკადს მთლიანად ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან სასტუმრო იმ პერიოდში მთლიანად დაჯავშნილია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სასტუმრო „ოქროს საწმისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა გვარამიამ.

ანაკლიიის სასტუმროებში აცხადებენ, რომ ერთი ღამის განმავლობაში ერთ პერსონაზე ფასები 100 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, პირობების მიხედვით.

„კაზანტიპის“ მუსიკალურ ფესტივალს წელს ახალი სახელი - „რეალობის ალტერნატიული რეალობა“ ერქმევა. ანაკლიაში ის 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ორგანიზატორები წელს ანაკლიაში 35 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.

XS
SM
MD
LG