Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს ტურიზმის განვითარებას სამცხე-ჯავახეთში


რაბათის ციხე
რაბათის ციხე
ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. საინფორმაციო ცენტრების მონაცემებით, ტურისტების რიცხვმა ახალციხის ციხეში აქტიურად ივნისის თვიდან იმატა. რეგიონში ვიზიტორების ნაკადი წელს თითქმის მთელი მსოფლიოდან მიიღეს. ტურისტული ინფრასტრუქტურა სამცხე-ჯავახეთში. რა მდგომარეობაშია ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზები და რამდენად კმაყოფილი რჩება რეგიონში ჩამოსული დამთვალიერებელი არსებული პირობებით?
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო არაერთი კულტურული და ისტორიული ძეგლი ტურისტთა ყურადღების მიღმა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში ახალციხეში ჩამოსულ დამთვალიერებელთა რაოდენობა გაიზარდა, მათ უმრავლესობას რეგიონის ღირსშესანიშნაობათა ნაწილი არ უნახავს. ახალციხიდან დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარე საფარის სამონასტრო კომპლექსს უცხოელები არცთუ ხშირად სტუმრობენ. ამის მიზეზად სავალი გზის მოუწესრიგებლობა სახელდება. აღნიშნული პრობლემის გამო მონასტერში ასვლაზე უარს ამბობენ ტაქსის მძღოლები. იმ შემთხვევაში კი, თუ ტაქსის მძღოლი ასვლაზე მაინც დათანხმდა, საფარის მონახულების მსურველმა თითქმის 3-ჯერ მეტი უნდა გადაიხადოს.

ტურიზმის განვითარებისთვის რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურას რომ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ამაზე სამცხე-ჯავახეთში ტურისტულ სფეროში მომუშავე სააგენტოებიც საუბრობენ. იმისთვის, რომ დამთვალიერებელი რეგიონში კვლავ ჩამოვიდეს, მას კარგი პირობები უნდა დახვდეს. ტურისტული სააგენტო ,,ტურბაზის“ დამფუძნებელი გოდერძი ნაროზაული ამბობს, რომ მესხეთში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზაა. საფარის, ჭულეს, ზარზმისა და სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი ძეგლები ტურისტთა ყურადღების მიღმა სწორედ გზის პრობლემის გამო რჩება.

საოჯახო სასტუმრო ,,ედემის“ მეპატრონე მარინა ნარიაშვილი განმარტავს, რომ სამცხე-ჯავახეთში ჩამოსულ დამთვალიერებელთა უმრავლესობას აქ არსებული ისტორიული ძეგლებიდან ინფორმაცია მხოლოდ ვარძიის შესახებ აქვთ. გარდა ამისა, მათ არა მხოლოდ კულტურული და ისტორიული ძეგლები, არამედ რეგიონში არსებული ეკოლოგიური ზონაც აინტერესებთ, არასახარბიელო სავალი გზის გამო კი მსგავსი ადგილების მონახულება შეუძლებელია. გარდა ამისა, ჩამოსულ დამსვენებლებს პრობლემას ქალაქში სველი წერტილების უქონლობაც უქმნის. ოჯახური სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ვიზიტორთა დაინტერესებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სამცხე-ჯავახეთში ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ სავალი გზის მოწესრიგება საკმარისი არ არის, – ამბობს ეკონომისტი ნუგზარ თათეშვილი. მისი თქმით, გზებზე სასმელი წყლისა და საპირფარეშოების არარსებობა, სავაჭრო ცენტრებში კი არასახარბიელო მომსახურება ვიზიტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რის გამოც იგი რეგიონში მეორედ, სავარაუდოდ, აღარ ჩამოვა. ნუგზარ თათეშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე ლაპარაკობს. საგზაო ნიშნულების უქონლობას არაერთი უცხოელი თუ ქართველი დამსვენებელი უჩივის. ნუგზარ თათეშვილის აზრით, აუცილებელია მინიშნებული იყოს კონკრეტულ ადგილამდე როგორ უნდა მივიდეს ტურისტი სხვების დაუხმარებლად.

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობად ვიზიტორთა ინფორმირებულობის გაზრდა სახელდება. ტურისტულ კომპანიებში ფიქრობენ, რომ როცა დამსვენებლებს აქ არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ სრული ინფორმაცია ექნებათ, მათი ყოფნა რეგიონში გახანგრძლივდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტთა უმრავლესობა ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება სახელმწიფომ დროულად უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG