Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმი ციფრულ სამყაროში


ავტორები: საბა ჩიხლაძე და სალომე აფხაზიშვილი

რატომ იზრდება საქართველოსადმი ინტერესი ვირტუალურ სამყაროში და როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი იმისათვის, რომ საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს? - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც Touch-ის, ციფრული მარკეტინგის, საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლები პასუხობდნენ. ღონისძიება 19 ნოემბერს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა. მან ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო და სახელმწიფო სექტორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები გააერთიანა. შეხვედრის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახლდათ. კონფერენციას ჩვენი კოლეგები, საბა ჩიხლაძე და სალომე აფხაზიშვილი სტუმრობდნენ და ისინი გვიამბობენ, თუ როგორ ჩაიარა ამ ღონისძიებამ.

ტურიზმი ციფრულ სამყაროში
please wait

No media source currently available

0:00 0:09:15 0:00
გადმოწერა

საქართველოში ინტერნეტს სულ უფრო ხშირად იყენებენ ბიზნესინტერესებისთვის. დაინტერესება გაიზარდა სახელმწიფო სექტორშიც და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენციაც სწორედ ამის მაგალითია. ამას ადასტურებს არაერთი სტატია თუ ვიდეორეპორტაჟი საქართველოს შესახებ, რომელთაც ხშირად ვხვდებით ინტერნეტში. უცხოენოვანი გამოცემებისთვის მომზადებული მასალების მიხედვით, - მაგალითად: BBC Travel, National Geographic, ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ბოლო სტატია კალიფორნიელების კახეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით და სხვ.,- საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ტურისტებისთვის

დიმიტრი შილიუკი
დიმიტრი შილიუკი

ციფრული მარკეტინგის კონფერენცია 3 საათს გაგრძელდა და საშუალება გვქონდა 6 მომხსენებლისთვის მოგვესმინა. მათ შორის იყვნენ: გუგლის ინდუსტრიული მენეჯერი დიმიტრი შილიუკი, National Geographic-ის ფოტოგრაფი ვიქტორ ლაგუშკინი, სოციალური მედიის მენეჯერი ანა სამპაიო-ბაროში, ფრანგი ფოტოგრაფი და მოგზაური აურელიან ბატინი და Impact Hub Vienna-ს წარმომადგენელი კაი ვიჩმენი. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა. მან წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორ იზრდება საქართველოს პოპულარობა ინტერნეტში და, ზოგადად, როგორი გამოხმაურება აქვს ტურიზმის ადმინისტრაციის აქტივობებს ინტერნეტში.

აი, რა გვითხრა გიორგი ჩოგოვაძემ კონფერენციის მიზნების თაობაზე:

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და წარმატებული გამოცდილება, თუ როგორ „გავყიდოთ“ საქართველო (უხეშად თუ ვიტყვით) ციფრული მარკეტინგისა თუ ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს სხვადსხვა კუთხეში. მაგალითად, ოცდაათწამიან კლიპში გვიჭირს ყველა გზავნილის ჩადება, ასევე, გარე რეკლამის კუთხით, ბილბორდზე წარმოუდგენელია საქართველოს ყველა კუთხის და ყველა მიმართულების ჩვენება. ციფრული მარკეტინგი კი საშუალებას გვაძლევს, რომ სხვადასხვა ჯგუფებს მივაწოდოთ სხვადსხვა ტიპის გზავნილები, რომლებიც მათთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ჯგუფებში ვგულისხმობ როგორც ასაკობრივ, ისე გენდერულ ჯგუფებს...“

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ისეთ დიდ საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმასთან, როგორიცაა Trip Advisor. მალე უნდა ველოდოთ National Geographic Traveller-ის სპეციალურ ნომერს საქართველოზე, რომელიც სწორედ ახლა მზადდება.

გასაკვირი არ არის, რომ რამდენიმე მომხსენებელს განსაკუთრებით ველოდებოდით და ერთ-ერთი იყო National Geographic-ის ფოტოგრაფი ვიქტორ ლაგუშკინი, რომელსაც, ამ ჟურნალთან ერთად, არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ერთ-ერთი პოპულარული პროექტია წყალქვეშა ფოტოები. მან საქართველოშიც იმოგზაურა, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთში. თავის გამოსვლაში ვიქტორ ლაგუშკინმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლითაც ფოტოები National Geographic-ის გვერდებზე ხვდება:

ვიქტორ ლაგუშკინი
ვიქტორ ლაგუშკინი

„თითოეული ფოტო, რომელიც ჟურნალ National Geographic-ის გვერდებზე ხვდება, სამ ძირითად პირობას უნდა პასუხობდეს: ის უნდა გვაჩვენებდეს იმას, რაც ჯერ არავის უნახავს, გადაღებული უნდა იყოს იქ, სადაც მანამდე არავინ ყოფილა, და გადაღებული უნდა იყოს ისე, როგორც არასდროს არავის გაუკეთებია. თუკი ყველა ეს პირობა ერთდროულად სრულდება, მაშინ ეს ნამდვილად National Geographic-ის ფოტოა. მაგალითად, თუ თქვენ გადაიღებთ თქვენს კატას და შემდეგ ამ ფოტოთი National Geographic-ის რედაქციას მიაკითხავთ, ცხადია, ამას არავინ გამოგიქვეყნებთ, რადგან კატა მანამდეც ბევრს გადაუღია. მაგრამ თუ თქვენ სახლში რაკეტას ააწყობთ, შემდეგ ამით სატურნზე გაფრინდებით, იქ ფოტოებს გადაიღებთ და უკან დაბრუნდებით, მაშინ თქვენ უნიკალური ფოტოების ავტორი ხდებით. ზოგადად, ეს პრინციპები იმ პირამიდას შეადგენს, რომელიც მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის ფოტოგრაფიას მიესადაგება“.

ვიქტორ ლაგუშკინი საქართველოში კიდევ აგრძელებს მუშაობას წყალქვეშა გადაღებებზე და იმედი გამოთქვა რომ ძალიან არ დაიგვიანებს მისი ფოტოები.

„მეოთხე თვეა, რაც პროექტზე ვმუშაობთ. ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება... საქართველოშიც ყველაფერი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს... ჩამოვედით საქართველოში, ცოტა დავლიეთ, ჩამოვსხედით, ვინერვიულეთ, მერე ისევ ღვინის სმას დავუბრუნდით....თეთრ ზღვაში გაცილებით სწრაფად დავასრულეთ მუშაობა, ალბათ, იმიტომ რომ იქ ციოდა...“

პრეზენტაციის შემდეგ National Geographic-ის ფოტოგრაფს საქართველოში მიღებულ პროფესიულ გამოცდილებაზეც ვკითხეთ:

„მაკვირვებს ერთი რამ...რამდენად მცირეა ფოტოების რაოდენობა საქართველოდან. მე არ ვგულისხმობ ტურისტების მიერ გადაღებულ ფოტოებს... საუბარი მაქვს ფოტოებზე, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს უთანაბრდება. ფოტოგრაფები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ფოტოებს ძირითადად სოციალურ თემებზე იღებენ, ბუნებრივ ლანდშაფტებს კი - ნაკლებად... ეს კი ტურისტული ინდუსტრიის დიდი თავის ტკივილია, რადგან სწორედ ფოტოებით შეიძლება ტურისტების მოზიდვა. როგორმე ეს პრობლემა საქართველოშიც უნდა მოგვარდეს. ამ სფეროს წარმომადგენლებმა უნდა მოიწვიონ მოგზაურობის, ველური ბუნების სფეროში მომუშავე ფოტოგრაფები... ამის გარეშე წარმოუდგენელია... მართალია, ფოტოზე მუშაობის პროცესი იწელება ხოლმე, მაგრამ მოგვიანებით მისი გავლენა საუკუნეების განმავლობაში რჩება...“

ანა სამპაიო-ბაროში
ანა სამპაიო-ბაროში

კონფერენციაზე კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი იყო ანა სამპაიო-ბაროში, რომელიც ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია. მას 350 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მან ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ინსტაგრამის ეფექტურად გამოყენება ტურიზმის ინდუსტრიაში. ანა სამპაიო-ბაროშმა გვითხრა, რომ მისი გეგმები საქართველოსაც უკავშირდება:

„როდესაც მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში მოვდიოდი, ძალიან შეშურდათ. მითხრეს, რომ ინსტაგრამის გზით საქართველოდან გავრცელებული პოსტების რაოდენობა არც ისე დიდია, ამიტომ მე უნიკალური შესაძლებლობა მომეცემოდა, საინტერესო შინაარსის პოსტები გამევრცელებინა ამ ქვეყნიდან. დავრწმუნდი, რომ ამის შესაძლებლობები აქ ნამდვილად არის. სიამოვნებით მექნებოდა გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით. გავაკეთებდი პროექტს, რომელიც მნახველებს დაეხმარებოდა საქართველოს აღმოჩენაში. ჯერ მხოლოდ თბილისი ვნახე, მაგრამ მითხრეს, რომ შესანიშნავი ლანდშაფტი გაქვთ, ამიტომ დიდი სიამოვნებით ვეტყოდი მთელ მსოფლიოს, რა შესანიშნავი ქვეყანა გაქვთ“.

კონფერენციის ბოლო მომხსენებელი იყო გუგლის ინდუსტრიული მენეჯერი დიმიტრი შილიუკი. მას საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა, რომლის ძირითადი ნაწილი დაეთმო გუგლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პლატფორმის განხილვას, პლატფორმისა, რომელიც ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. მან ასეთი ცნება ახსენა - „მიკრომომენტი“, რომელსაც ეყრდნობა გუგლის ტურისტული სტრატეგია. აი, როგორ ხსნის ის ამ სტრატეგიის არსს:

„ადამიანები სულ უფრო აქტიურად ურთიერთობენ ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. როდესაც ისინი ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ძიებას იწყებენ, ამას ემატება სპონტანურობაც, რაც ასახვას მობილურ მოწყობილობებში პოვებს. ამას გულისხმობს მიკრომომენტის იდეაც. ის ოთხი ძირითადი საფეხურისგან შედგება. პირველი, ეს არის შთაგონება, თუ სად წახვიდე, მეორე ეტაპზე უკვე დაგეგმვას იწყებ, როდესაც მეტ-ნაკლებად უკვე იცი, სად გინდა წასვლა, მესამე ნაბიჯი დაჯავშნის პროცესია და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია საუბარი მოგზაურობის დროს მიღებულ გამოცდილებაზე, რასაც ის ადამიანებიც იყენებენ, რომლებიც ინტერნეტით ხშირად არ სარგებლობენ. ინტერნეტპლატფორმებისა და სოციალური ქსელების წყალობით, ადამიანები უფრო მეტს იგებენ სამოგზაურო გამოცდილების შესახებ“.

კაი ვიჩმენი
კაი ვიჩმენი

კონფერენციას სტუმრობდა ასევე Impact Hub-ის წარმომადგენელი ვენიდან, კაი ვიჩმენი. Impact Hub-ი, ეს არის ურთიერთთანამშრომლობის იდეით შექმნილი სივრცე ბიზნესის და ინოვაციური პროექტების დაგეგმვისა და განვითარებისთვის. თბილისში მისი ფილიალი წელს გაიხსნა. გვინდა გაგაცნოთ, ასევე, ფრანგი მოგზაური და ფოტოგრაფი აურელიან ბატინი, რომლის გამოსვლა უფრო მეტად პერსონალურ გამოცდილებას ეყრდნობოდა ფოტოგრაფიაში. ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რომელიც მან მოგზაურ ფოტოგრაფებს მისცა, შემდეგი იყო: „ნუ გადაიღებთ სტანდარტულ ფოტოებს, იზრუნეთ განწყობის შექმნაზე“.

კონფერენციას ესწრებოდა საბა ასლამაზაშვილი, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან:

„რა მიმართულებითაც ვმუშაობთ, დაახლოებით ანალოგიური ინფორმაცია მივიღე, ანუ როგორ გავხადოთ ჩვენი დაცული ტერიტორიები და ბუნება უფრო იოლად ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლებისთვის. კარგი კონფერენცია იყო...მოვისმინე ისეთი სიახლეებიც, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ ჩვენც შეგვიძლია...სოციალური ქსელებიდან ამ ეტაპზე ვიყენებთ ფეისბუკს, ტვიტერს, ინსტაგრამს, იუტუბს და პინტერესტს“.

ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურია და ის მომავალ წელსაც გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის თქმით, 2017 წელს მას უფრო მეტი მომხსენებელი ეყოლება, კარი კი უფრო მეტი სტუმრისთვის გაიღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG