Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ნუგზარ თათეშვილი: ,,ტურიზმის განვითარება თანდათან უნდა მოხდეს“


აბასთუმანი
აბასთუმანი
ტურიზმის განვითარების საწინდარი დამსვენებლისათვის შექმნილი ფართო არჩევანია. ადგილობრივი კულინარია, მცირე ზომის სუვენირები და ხარისხიანი სერვისის საოჯახო სასტუმროები, ასევე სამოგზაურო ბილიკები, სწორი რეკლამირების გეგმა და ინფრასტრუქტურის განვითარება – ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანაში წარმატებული ტურიზმისათვის არის საჭირო, – მიაჩნია საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარეს ნუგზარ თათეშვილს.

,,აბასთუმანი თავის დროზე გერმანელმა არქიტექტორმა დააპროექტა და ეს სტილი მაქსიმალურად შენარჩუნდება. წელს კულტურული ძეგლების აღრიცხვა დაიწყება და სამ წელიწადში იგი ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა“, – ეს პირობა საქართველოს პრეზიდენტმა მაისში აბასთუმნელებს მისცა. 2015 წელს აბასთუმანი დასრულებული სახით წარდგება დამსვენებლის წინაშე. კურორტი იმ სახეს მიიღებს, როგორიც მას მე-19 საუკუნეში, რომანოვების დროს ჰქონდა, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი.

სამცხე–ჯავახეთში ფიქრობენ, რომ, აბასთუმნისგან განსხვავებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტად არის განვითარებული ბორჯომში. კურორტზე ჩასული ქართველი დამსვენებლები ადგილობრივებთან ერთად ფიქრობენ, რომ მძიმე სამუშაო პერიოდის შემდეგ ბორჯომი განსატვირთად საუკეთესო ადგილია.

უცხოელი დამსვენებლების დიდი ნაწილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დათვალიერებას ითხოვს. ასეთები ჩამოსული ვიზიტორების 80%-ს შეადგენენ. ტურისტული პიკი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, არსებული მდგომარეობით, შარშანდელ მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს, – აცხადებს ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი არტურ სტეფანიანი.

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, ჩრდილოეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მეტი დამსვენებელი რუსეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ფიქსირდება. ვიზიტორებს საქართველოში ყველაზე მეტად ბუნება და კულტურული ძეგლები ხიბლავთ.

ტურისტული სეზონი ბორჯომში აგვისტოს ბოლოს სრულდება.
XS
SM
MD
LG