Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის ზრდა და სახელმწიფო პროგრამები


უცხოელი ტურისტები ძველ თბილისში
უცხოელი ტურისტები ძველ თბილისში

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ხელშემწყობი ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა. „უმასპინძლე საქართველოში“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში სასტუმროების ინფრასტრუქტურის განვითარებას. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თებერვლის თვეში ტურისტების რაოდენობა 19 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა სხვადასხვა აქტივობებს მიმართავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოსაყენებლად: უცხოურ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია, გაიხსნა ახალი კურორტები და იწყება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება-გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციაზე, რომელიც პირველ მარტს გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „უმასპინძლე საქართველოში“ პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან:

„ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას“.

ნუ გგონიათ, რომ ტურისტების განუსაზღვრელი რაოდენობა ქვეყნისთვის სასარგებლოა. რაღაცა დონე არსებობს, იმის იქით საზიანოა და დამანგრეველი...
ნოდარ ჯავახიშვილი

პროგრამის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას მთავრობის სხვა წევრებთან ერთად უსმენდა ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. მან 4 წლის წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ტურიზმის მზარდი დინამიკა ასე შეაფასა:

„ნუ გგონიათ, რომ ტურისტების განუსაზღვრელი რაოდენობა ქვეყნისთვის სასარგებლოა. რაღაცა დონე არსებობს, იმის იქით საზიანოა და დამანგრეველი".

ნოდარ ჯავახიშვილის მსგავსად, ტურიზმს არც “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები სწყალობდნენ, მაგრამ ბოლო დროს დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემაკავებელ თითქმის ერთადერთ ბერკეტად იქცა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები თავს იწონებენ ტურიზმის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების წამოწყებით და გაფაციცებით ითვლიან უცხოელ ვიზიტორებს თუ ტურისტებს, მიმდინარე წლის დასაწყისის მზარდი სტატისტიკა კი მინისტრებს ოპტიმისტური განცხადებების საშუალებას აძლევს. მათ შორის არის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე ქუმსიშვილმა განაცხადა:

დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი

„თებერვლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 24 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათ შორის, გაიზარდა იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში. ეს მონაცემი 19 %-ით არის გაზრდილი, წინა წლის თებერვალთან შედარებით. ორი თვის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+ 29 %), საფრანგეთი (+ 29 %), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+ 12 %) და გერმანია (+ 7 %)“.

ვინაიდან განვითარებადი ქვეყანა ვართ, მინიმუმ გვჭირდება ორნიშნულიანი მაჩვენებელი, რათა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მაინც მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ტურიზმის განვითარების დონეს...
ვატო ასათაშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს სტატისტიკა შედეგია ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობისა უცხოეთის მიზნობრივ ბაზრებზე.

მთავრობის წარმომადგენელთა ამ განცხადებების მიუხედავად, ტურიზმის სფეროს სპეციალისტები კრიტიკულად აფასებენ საქართველოს ტურისტულ სტრატეგიას. ტურისტული კომპანია „გუდაური ჰელისკინგის“ დამფუძნებელი და ამ სფეროს ექსპერტი ვატო ასათაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის პოლიტიკა თვითდინებით მიდის:

„ვინაიდან განვითარებადი ქვეყანა ვართ, მინიმუმ გვჭირდება ორნიშნულიანი მაჩვენებელი, რათა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მაინც მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ტურიზმის განვითარების დონეს. ანუ ერთნიშნულიანი მაჩვენებლებით ჩვენ კონკურენტუნარიანი ქვეყანა რეგიონშიც კი ვერ გავხდებით, არათუ აღმოსავლეთ ევროპაში ანდა მთლიანად ევროპის დონეზე“.

ვატო ასათაშვილის აზრით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავრობა ტურიზმის სფეროში ჯერ პრობლემებს ქმნის, ხოლო შემდეგ მათ გადაჭრაზე მუშაობს და ამას მიღწევად აცხადებს. ასე მოხდა, მაგალითად, როდესაც ირანელი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდა და სტატისტიკამ იკლო, ახლა კი სტატისტიკა გაიზარდა, რადგან ირანთან სავიზო რეჟიმი გაუქმებულად გამოცხადდა. უკანასკნელი ინფორმაციით, ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 80 პროცენტითაა გაზრდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG