Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი გამორიცხავს სირიაში ცალმხრივი სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას


კობანი, 2014 წლის 8 ოქტომბერი
კობანი, 2014 წლის 8 ოქტომბერი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ ჩაერთვება ცალმხრივ სახმელეთო ოპერაციაში სირიის ჩრდილოეთში გამაგრებული „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ, რადგან ამგვარი ნაბიჯი არ იქნება „რეალისტური მიდგომა“.

ჩავუშოღლუ ამ განცხადებით გამოვიდა 9 ოქტომბერს ანკარაში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატო და აშშ თურქეთს მოუწოდებენ უფრო მეტად ჩაერთოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მეზობელ სირიასა და ერაყში.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი მხარს უჭერს აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ. ისლამისტი ექსტრემისტები უტევენ სირიის ჩრდილოეთში მდებარე, ძირითადად ქურთებით დასახლებულ, ქალაქ კობანის.

თუმცა ჩავუშოღლუმ იქვე ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ საჰაერო კამპანია ექსტრემისტებს ვერ დაამარცხებს და განაცხადა, ყველა საშუალება - მათ შორის, სახმელეთო ოპერაცია - უნდა დაექვემდებაროს განხილვასო, მიუხედავად თურქეთის ყოყმანისა დამოუკიდებლად განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია.

ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა მხარს უჭერს სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვართან, „უსაფრთხო ზონის შემოღებას და ფრენის აკრძალვას“.

თუმცა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს მოგვიანებით უთხრა, რომ ფრენის აკრძალვა ან სირიაში უსაფრთხო ზონის შემოღება ამ ეტაპზე „ნატოს დისკუსიებზე არ განიხილება“.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„თურქეთი ძალიან ძლიერი მოკავშირეა, მას ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს. რასაკვირველია, ნატო, როგორც ალიანსი, ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მოკავშირეს თავდაცვის საქმეში. სწორედ ამიტომ, როგორც ვთქვი, განვათავსეთ „პეტრიოტის“ ტიპის სისტემები თურქეთში, რათა გაძლიერდეს ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობა. მაგრამ თურქეთი თავადაც ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ჯარით, და მას თავადაც აქვს დიდი შესაძლებლობები“.

სტოლტენბერგმა 9 ოქტომბერს შეხვედრები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუსთან, თავდაცვის მინისტრ ისმეტ ილმაზთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ 8 ოქტომბერს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ რვა საჰაერო დარტყმა განახორციელა კობანიში და მის გარშემო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ყველა მონაცემებით, კობანის კვლავაც ქურთთა ძალები აკონტროლებენ.

კობანის დაპყრობის შემთხვევაში ექსტრემისტები მნიშვნელოვნად გააძლიერებენ თურქეთთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის კონტროლს.

მაგრამ თურქეთი, რომელიც სამ ათწლეულზე მეტია სამხრეთ- აღმოსავლეთში ქურთ სეპარატისტებს ებრძვის, თავს იკავებს ბრძოლაში ჩართვისგან.

ამის ნაცვლად, თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს და ქურთ პარტიზანებს საშუალება მისცა ერთმანეთთან ეომათ კობანიზე კონტროლის მოსაპოვებლად.

კობანის დასაცავად ჯარის გაგზავნაზე თურქეთის ხელისუფლების უარმა საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია ქვეყნის სამხრეთ- აღმოსავლეთში, ისევე როგორც სტამბოლსა და ანკარაში.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს მიერ 8 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებით, ამ საკითხების გამო გამართულ ძალადობრივ აქციებზე დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი, დაიჭრა 145, ხოლო დაპატიმრებულ იქნა 368 პირი.

დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთის ქურთ სეპარატისტებთან ანკარის მიერ წარმოებული სამშვიდობო პროცესი არ დაზარალდება „ძალადობრივი პროტესტით, რომელიც ვანდალიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულში“ გადაიზარდა.

XS
SM
MD
LG