Accessibility links

logo-print

თურქეთმა გაააქტიურა ბრძოლა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ. ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, 10-11 აგვისტოს 17 საჰაერო დარტყმა მიაყენეს ქურთი ექსტრემისტების პოზიციებს ჰაკარის პროვინციაში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს.

ჰაკარის პროვინციაში განხორციელებული ეს საჰაერო იერიშები მიმართული იყო აკრძალულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“, ანუ PKK-ს, მებრძოლების წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია სამი ათწლეულია იბრძვის ქურთების ავტონომიისათვის.

ანკარამ წელს ივლისში გამოაცხადა, რომ იწყებს „სინქრონიზებულ ომს ტერორის წინააღმდეგ“ - ომს, რომელშიც უპირისპირდება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ქურთ მეამბოხეებს. საყურადღებოა, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს ებრძვის. მაგრამ, ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთის ჯარები გაცილებით მეტ იერიშს ახორციელებენ ქურთი მეამბოხეების, PKK-ს, წინააღმდეგ საკუთრივ თურქეთსა თუ ჩრდილოეთ ერაყში, ვიდრე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირებაში. ამას გარდა, თურქეთის ტერიტორიაზე დააკავეს ასობით სავარაუდო ქურთი ექსტრემისტი.

PKK-ს ლიდერი ჯემილ ბაიკი ანკარას უყენებს ბრალდებას, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ეხმარება, როცა თავს ესხმის ქურთ მეამბოხეებს. ბაიკმა 10 აგვისტოს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, სურს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქურთები დაამარცხოს ჩრდილოეთ სირიაში, რათა ქურთებმა არ გაიძლიერონ პოზიცია თურქეთის საზღვრის მახლობლად.

„თურქები ირწმუნებიან, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან. სინამდვილეში, ისინი იბრძვიან PKK-ს წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ შეზღუდონ PKK-სბრძოლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“. თურქეთი იცავს „ისლამურ სახელმწიფოს“! ერდოანი დგას ხოცვა-ჟლეტის მიღმა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ სჩადის. მისი მიზანია ქურთების წინსვლის შეჩერება და ამით ის ემსახურება თავის მიზანს - „თურქეთში თურქულობის“ გაძლიერებას“, - უთხრა BBC-ს ჯემილ ბაიკმა.

თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, უარყოფს ასეთ ბრალდებას და აცხადებს, რომ მალე გაააქტიურებს ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთანაც.

მეორე მხრივ, ქურთების წინააღმდეგ თურქეთის ბოლო საჰაერო იერიშების ფონია ქურთი ექსტრემისტების გააქტიურება თურქეთის უშიშროების ძალებთან ბრძოლაში. 10 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG