Accessibility links

logo-print

ერდოანმა მთავრობის განახლებით უპასუხა მზარდ კორუფციულ სკანდალს


რეჯეპ ტაიპ ერდოანი

რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მთავრობის განახლებით უპასუხა კორუფციულ სკანდალს, რომელშიც მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ გახვეულნი. პრეზიდენტ აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ათი მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, კორუფციულ სკანდალს კი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული „შეთქმულება“ უწოდა.

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული, თურქეთში საკუთარი ნებით შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები გადადგნენ მას შემდეგ, რაც სამივე მათგანის შვილები დააკავეს მასობრივი კორუფციული დანაშაულის გამოძიების პროცესში. ხუთშაბათს, დახურულ კარს მიღმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ათი მინისტრი გაათავისუფლა, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის მინისტრი, რომელიც აგრეთვე ჩართული იყო სკანდალში.

თავად თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა კორუფციას არ დაუშვებს:

კორუფციული დანაშაულის გამოძიების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს თურქეთის ხალხისა და თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ შეტევასთან...
„მიზეზი, რის გამოც ჩვენი პარტია წარმატებულია, მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვიპყრია საჭე და ვმართავთ ქვეყანას 11 წლის განმავლობაში, ჩვენს გულწრფელობაში, ქვეყნისადმი ჩვენს ერთგულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ჩვენს დაუნდობელ ბრძოლაში მდგომარეობს. სამართლიანობისა და განვითარების პარტია არც წაუყრუებს და არც შეეგუება კორუფციას. ასე რომ მოქცეულიყო, პარტია შეარყევდა თავისი არსებობის მიზანს“.

ერდოანი უფრო შორს წავიდა და კორუფციაში მისი მთავრობის დადანაშაულებას „უცხო ძალების“ მიერ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილი უწოდა:

„კორუფციული დანაშაულის გამოძიების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს თურქეთის ხალხისა და თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ შეტევასთან. ყველასათვის ცხადია, რომ ეს კორუფციული დანაშაულის გამოძიება კი არაა, არამედ ესაა შეთქმულება თურქეთის პოლიტიკისა და ხალხის წინააღმდეგ“.

თურქეთის ქალაქებში - ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში -მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა, რომლის მონაწილეებიც კორუფციული სკანდალის გამო პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. რეჯეპ ტაიპ ერდოანის იმიჯი მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მისი ბრძანებით პოლიცია მკაცრად გაუსწორდა ივნისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ავტორიტარიზმსა და სეკულარული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრის მცდელობაში დადანაშაულების მიუხედავად, ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 11 წელია იმყოფება და ესაა პერიოდი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობით ხასიათდება.
XS
SM
MD
LG