Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არმია სირიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირის პოზიციებს უტევს


ქალაქი მანბიჯი
ქალაქი მანბიჯი

აშშ-ის სამხედრო უწყებამ 29 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც „დაუშვებელი“ უწოდა შეტაკებას თურქეთის არმიასა და აშშ-ის მომხრე სირიელ ქურთებს შორის. ბრძოლები, რომელთა ინტენსივობა სულ უფრო მატულობს ჩრდილოეთ სირიაში, პენტაგონის თანახმად, მხოლოდ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წისქვილზე ასხამს წყალს და შესაძლებლობას აძლევს ექსტრემისტებს, თავშესაფარი პოვონ და დაგეგმონ თავდასხმები თურქეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

სირიის „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის“ სახალხო ლაშქრის ყველა მებრძოლი უნდა გადავიდეს ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე, რაც, პენტაგონის თანახმად, „დიდწილად მომხდარი ამბავია“. პენტაგონის ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კორესპონდენტებმა 29 აგვისტოს გაავრცელეს ცნობა, რომ თურქეთის სამხედრო ძალებმა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელ მეამბოხეთა ჯგუფმა, რომელიც სულთან მურადის სახელს ატარებს, ქალაქ მანბიჯთან „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის“ სახალხო ლაშქარს შეუტიეს.

ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი მანბიჯი აგვისტოს დასაწყისში გაათავისუფლა სირიელ ქურთთა ლაშქარმა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის სამხედრო ავიაცია. სულთან მურადის სახელობის სამხედრო ჯგუფის მეთაურმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი მეომრები მიზნად ისახავენ მანბიჯის გაწმენდას ქურთი მებრძოლებისგან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 29 აგვისტოს მოუწოდა „ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ სირიელ ქურთთა სახალხო ლაშქრის მეომრებს, რომ სასწრაფოდ გადავიდნენ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე, თუ არა, სირიის საზღვარზე გადასული თურქეთის არმია მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ სამხედრო იერიშს მიიტანს.

„როგორც აშშ-მა განაცხადა, „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის“ სახალხო ლაშქარმა უნდა დაიცვას პირობა და დაუყოვნებლივ გადავიდეს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ის თურქეთის არმიის სამიზნე გახდება. მეორე მხრივ, ქალაქ მანბიჯში მყოფი თუ მთელ რეგიონში მცხოვრები არაბები არ არიან ჩვენი შეტევის სამიზნე. ჩვენი მთავარი მიზანი ამ არეალის დაეშისაგან („ისლამური სახელმწიფოსაგან“) გაწმენდაა,“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 29 აგვისტოს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე და სირიელი ქურთები ქალაქ ჯარაბულასში არაბების ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა.

ანკარა სირიელ ქურთთა ლაშქარს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და სურს, რომ „ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის“ სახალხო ლაშქარი გაეცალოს თურქეთის საზღვარზე მდებარე სირიის დასახლებულ პუნქტებს. იმავდროულად, 29 აგვისტოს სირიის ოპოზიციურმა ჯგუფებმა გაავრცელეს ცნობა, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა მეამბოხეებმა ხელთ იგდეს ჩრდილოეთ სირიაში მდებარე რამდენიმე ქალაქი და სოფელი და საბრძოლო პოზიციები დაიკავეს ქალაქ მანბიჯთან, რომელიც ორი კვირის წინ გაათავისუფლეს „ისლამისტური სახელმწიფოს“ კონტროლისგან აშშ-ის სამხედრო ავიაციის დახმარებით მებრძოლმა სირიელ ქურთთა საბრძოლო რაზმებმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმია, რომელმაც 23 აგვისტოს ჩრდილოეთ სირიის საზღვარი გადალახა, ისეთივე მონდომებით შეებრძოლება ამ არეალში მყოფ ქურთების სახალხო ლაშქარს, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG