Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმუქრება, რომ გახსნის საზღვარს არალეგალური მიგრანტებისათვის, რომლებსაც გეზი ევროპისაკენ უჭირავთ. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას. 24 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელიც სამართლებრივად სავალდებულო არ არის, მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, შემოიღონ „დროებითი მორატორიუმი“ ანკარასთან მოლაპარაკებებზე, ვიდრე თურქეთი არ გააუქმებს „არაპროპორციულ ზომებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“.

კენჭისყრის წინ, 23 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც „არ შეასრულეს პირობა“ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ. ამ გადაწყვეტილებამ განარისხა ერდოანი. „ჩვენ ის ქვეყანა ვართ, ვინც 3-3,5 მილიონ დევნილს ასაზრდოებს. თქვენ უღალატეთ მოცემულ პირობას. და თუ შემდგომშიც ასე გააგრძელებთ, მაშინ საზღვრებს გავხსნით“, - მუქარანარევი ტონით განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 25 ნოემბერს სტამბოლში სიტყვით გამოსვლის დროს.

„როდესაც 50 000 მიგრანტი მოგროვდა [თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე], კაპიკულეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, მაშინ თქვენ შიშმა აგიტანათ, მაშინ თქვენ კითხულობდით, რას იზამდით, თუ თურქეთი თავის საზღვრებს გახსნიდა. კარგად მოისმინეთ, რასაც გეტყვით: თუ შემდგომშიც ასე გააგრძელებთ, ეს საზღვარი გაიხსნება“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

ამ განცხადებების ფონია თურქეთის სამხედრო ინტერვენცია სირიაში, რაც, ანკარის ჩანაფიქრით, მიზნად ისახავს „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას სირიის შიგნით, რათა თურქეთმა თავიდან აიცილოს დევნილების ახალი ტალღა სირიიდან. 25 ნოემბერს კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ჩრდილოეთ სირიაში, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაში. ამის შესახებ თურქეთის არმია იუწყება. ერთი დღით ადრე იმავე არეალში სამი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10 დაიჭრა, ოფიციალური ცნობით, სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. თუმცა სირიელი აქტივისტები და თურქეთის მედია ვარაუდობენ, რომ წინა შემთხვევაშიც თურქი სამხედრო მოსამსახურეები ექსტრემისტებთან შეტაკების დროს დაიხოცნენ. თურქეთმა სამხედრო ქვედანაყოფი და ტექნიკა ჩრდილოეთ სირიაში აგვისტოში შეიყვანა სირიელი მეამბოხეების დასახმარებლად ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში. თურქეთის სამხედრო დანაყოფები და სირიელი მეამბოხეები ცდილობენ განდევნონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქ ალ-ბაბიდან, რომელიც ექსტრემისტების მეორე უძლიერესი სიმაგრესა სირიის ტერიტორიაზე.

დამასკი ეწინააღმდეგება თურქეთის სამხედრო ძალების მოქმედებას სირიის ტერიტორიაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG