Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ევროკავშირის მინისტრი იმედით არ უყურებს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას


თურქეთის ევროკავშირის მინისტრი აცხადებს, რომ არ არის იმედიანად განწყობილი ევროკავშირთან იმ შეთანხმების მიღწევის თაობაზე, რომელმაც თურქეთის მოქალაქეებს ბლოკში უვიზო მოგზაურობის უფლება უნდა მისცეს.

„ამ ეტაპზე არ ვიტყოდი, რომ ძალიან იმედიანად ვართ“, უთხრა ევროკავშირის საკითხების მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა ჟურნალისტებს 13 მაისს, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის გაფართოების კომისართან, იოჰანეს ჰანთან.

ბოზკირის თქმით, მოლაპარაკება ჩიხშია შესული და ევროკომისიამ „ახალი ფორმულა“ უნდა იპოვოს პრობლემის გადასაჭრელად.

ევროკავშირი აცხადებს, რომ თურქეთმა რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, თავისი ფართო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეკვეცის ჩათვლით.

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ამაზე უარს აცხადებს და ევროკავშირს ახალი წინაღობების დაწესებაში სდებს ბრალს.

ერდოანი 6 მაისს გამოვიდა განცხადებით, რომ თურქეთი არ შეცვლის თავის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას ევროპასთან უვიზო რეჟიმის მიღების სანაცვლოდ. ერდოანის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტთან უთანხმოების გამო პოსტიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ, რომელიც მონაწილეობდა ამ საკითხებზე მოლაპარაკებებში. ევროპის ქვეყნებისადმი მიმართვაში ერდოანმა თქვა, „ჩვენ ჩვენი გზით ვივლით, თქვენ კი თქვენით იარეთო“.

თუმცა რამდენიმე დღეში, 9 მაისს, ერდოანმა თურქეთის სტრატეგიული მიზანი უწოდა ევროკავშირში გაწევრიანებას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან შეთანხმება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დააჩქარებს თურქეთის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს.

ევროკავშირი თურქეთს სთხოვს გადასინჯოს ტერორიზმის კანონები, ეს წარმოადგენს პირობას საიმისოდ, რომ თურქეთის მოქალაქეებმა მოკლევადიანი ვიზიტების დროს უვიზოდ შეძლონ მოგზაურობა ევროპაში. ერდოანი მოითხოვს „ტერორიზმის“ განსაზღვრება უფრო ფართო იყოს.

ევროკავშირი და უფლებადამცველი ჯგუფები ანკარას ადანაშაულებენ ფართო ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამოყენებაში ჟურნალისტებზე ზეწოლის მოხდენისა და კრიტიკის ჩახშობის მიზნით.

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა, 12 მაისს ბერლინში, გამოფენის გახსნაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, თურქეთთან არ განვიხილავთ უვიზო მიმოსვლის საკითხს მანამ, სანამ ქვეყანა 72-ივე მოთხოვნილ კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებსო: „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ შეთანხმებისა, რომელიც ევროკავშირმა გააფორმა თურქეთთან, ლტოლვილთა პრობლემასთან უკეთ გამკლავების მიზნით. როგორც ევროპის პარლამენტი, კვლავაც ვუჭერთ მხარს შეთანხმებას, რომელსაც, სხვათა შორის, მივაღწიეთ თურქეთის მთავრობასთან და არა [პრემიერის პოსტიდან წასულ] ბატონ დავუთოღლუსთან, როგორც კერძო პირთან. მოველით, რომ თურქეთის მთავრობა უერთგულებს თავის დაპირებებს და ამის შემდეგ ჩვენ ნამდვილად დავიწყებთ პროცედურას ევროპის პარლამენტში და მის დადებითად დასრულებასაც შევძლებთ“.

უვიზო მოგზაურობის საკითხი ნაწილია თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმებისა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მიგრაციის კრიზისის განმუხტვას. ანკარამ უნდა შეაჩეროს ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ტალღა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG