Accessibility links

"ჰიუმან რაიტს უოჩი": თურქეთი ავტორიტარიზმისკენ იხრება


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თვლის, რომ თურქეთში კანონის უზენაესობის პრინციპი მაშინ შეირყა, როცა ერდოანმა იერიში მიიტანა განსხვავებულ აზრზე და მედიის თავისუფლებაზე.

ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში თურქეთის შესახებ. 38-გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის და მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპს ასუსტებს. ანგარიში მიუთითებს, რომ ბოლო დროს ხელისუფლება აძლიერებს მედიისა თუ ინტერნეტის კონტროლს. ამასთან მთავრობა უხეშად ავიწროებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და საპროტესტო აქციების მონაწილეებს.

ანგარიშის ავტორი ემა სინკლერ ვები „ჰიუმან რაიტს უოჩის“ უფროსი მკვლევარი და თურქეთის სპეციალისტია. მისი თქმით, თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალზე შემაშფოთებელია. „პრინციპში, ბოლო წლის მანძილზე მოწმე გავხდით, თუ როგორ უკიდურესად მძიმე ხელით პასუხობდა თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპოზიციას. ის მზად არის კანონის უზენაესობის პრინციპი დათმოს, რათა სასამართლო დამოუკიდებლობა შეავიწროვოს და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ყოველგვარ კანონიერ მიდგომაზე უარი თქვას“ - აღნიშნავს ემა სინკლერ ვები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ თურქეთში მდგომარეობის გაუარესება გასულ წელს განსაკუთრებით სწრაფად ხდებოდა. ამ ფაქტის თვალსაჩინო მაგალითად მთავრობის და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები სახელდება. აგვისტოში ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად აირჩიეს. ის ცდილობს დაასაბუთოს, რომ ანტისამთავრობო გამოსვლებს დემოკრატიულ პრინციპებთან საერთო არაფერი ჰქონდა და რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში გადატრიალების მოხდენის მცდელობა იყო.

ემა სინკლერ ვების აზრით, თურქეთში მომხდარი არეულობის შემდეგ ხელისუფლებამ იერიში თავისუფალ მედიაზე მიიტანა და ფართოდ გავრცელებულ დაპატიმრებებთან ერთად ინტერნეტზე კონტროლის დაწესების მიზნით მასზე დრაკონული რეგულაციები დააწესა.

„დემონსტრაციების ზოგიერთი მონაწილის მიმართ ისეთი სერიოზული სადამსჯელო ღონისძიება განხორციელდა, რომელიც გადატრიალების მცდელობის ბრალდებისთვისაც კი მკაცრ ზომად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ადამიანებს უვადო პატიმრობა ელით. მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ შედეგად მივიღეთ ის, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნა და პოლიციის მასობრივი ძალადობის მსხვერპლის მიმართ უსამართლობა ისევ გრძელდება“ - აღნიშნავს „ჰიუმან რაიტს უოჩის“ უფროსი მკვლევარი.

კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევის მაგალითებს შორის ანგარიშში ასევე სახელდება გასული წლის დეკემბერში მინისტრების, უშუალოდ სასამართლოს მაღალჩინოსნების და მათი ოჯახების წინააღმდეგ მიმართული პროცესები, რომელიც ანტიკორუფციულ ღონისძიებად მოინათლა. ხელისუფლებამ აქაც იგივე არგუმენტი გამოიყენა, განაცხადა რა, რომ მომავალში მთავრობის ჩამოგდების მცდელობის განმეორების აღსაკვეთად საკანონმდებლო ცვლილებების გატარება იყო აუცილებელი. მთავრობის ზეწოლის შედეგად პარლამენტში საგანგებო კანონები დაამტკიცეს, რომელიც სასამართლოზე მეტ კონტროლს უზრუნველყოფს. შემდეგ ამ კანონმდებლობის დიდი ნაწილის მიღებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა.

ანგარიშის ავტორი შიშობს, რომ თურქეთის მთავრობა სასამართლოს ძალაუფლების შესუსტებას და მის აბსოლუტურ გაკონტროლებას კიდევ შეეცდება.

„მათ სურთ სამართლებრივ სისტემაში კადრების შერჩევა სრულად აკონტროლონ. უკვე ყველა ნიშანია იმის, რომ თითოეული მოსამართლის და პროკურორის დანიშნვა მთავრობის ინტერესებიდან და მათ მიმართ ლოიალურობის პრინციპით უნდათ. როგორც კი ისინი ამას შეძლებენ, სასამართლო დამოუკიდებლობას მთლიანად დაკარგავს და საქმე კანონის უზენაესობის პრინციპის ფუნდამენტურ დარღვევასთან გვექნება“ - ამბობს ემა სინკლერ ვები.

თურქეთის მთავრობა განსაკუთრებული უფლებამოსილებების საჭიროებას იმით ასაბუთებს, რომ დემოკრატია ქვეყანაში უპრეცედენტო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ერდოღანის თქმით, პრეზიდენტის ყოფილი მოკავშირე, სასულიერო პირი და ყოფილი იმამი -ფეტულა გულენი- თავის მრავალმილიონიან მიმდევრებთან ერთად მის ჩამოგდებას ცდილობს. გულენი, რომელიც საკუთარი სურვილით საცხოვრებლად ქვეყნისგან შორს, შეერთებულ შტატებში გადავიდა, ამ ბრალდებებს უარყოფს.

ანგარიში მხოლოდ კრიტიკულ შენიშვნებს არ შეიცავს. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თურქეთის ხელისუფლებას უწონებს ქურთ მეამბოხეთა ჯგუფ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ სამი ათწლეულის მანძილზე გაჭიანურებული კონფლიქტის დარეგულირების მცდელობებს და მაღალ შეფასებას აძლევს ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებს, რომელიც ქურთ უმცირესობას მეტ უფლებებს ანიჭებს. თუმცა, ანარიში იმასაც აღნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესები ამჟამად სტაგნაციას განიცდის. თურქეთის ხელისუფლებას იმ ქურთი პოლიტიკური აქტივისტების მრავალწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებას ურჩევენ, ვინც ძალადობით არ გამოირჩეოდა და დანაშაული ჩადენილი არ აქვს.

XS
SM
MD
LG