Accessibility links

logo-print

კაბადოკიის კომპლექსი შესაძლოა მსოფლიოში უდიდესი იყოს


კაბადოკია - საჰაერო ბუშტიდან გადაღებული ფოტო

კაბადოკია - საჰაერო ბუშტიდან გადაღებული ფოტო

„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს ცენტრალურ თურქეთში, კაბადოკიაში მდებარე ერთ-ერთი მიწისქვეშა კომპლექსის შესახებ გავრცელებულ ახალ ინფორმაციაზე მოგითხრობთ.

წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ერთ-ერთ პროვინციულ ცენტრში, ნევსეჰირში მდებარე მიწისქვეშა ქალაქი მსოფლიოში უდიდესია. ის დაახლოებით 5 ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს. ქალაქი პირველად 2013 წელს მთის წვერზე მდებარე ბიზანტიური ხანის სასახლის ქვეშ აღმოაჩინეს, როცა მიმდებარე ღარიბი საცხოვრებელი სახლების აღება დაიწყეს. ნგრევის მომენტში კლდეში ნაკვეთ ნაგებობებს მიაგნეს, რომელიც სავსე იყო ხელოვნების ნიმუშებით - სულ ცოტა, ბიზანტიური ხანის ხელსაწყოებით, ქვის ჯვრებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

მიწისქვეშა კომპლექსი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ნევსეჰირის უნივერსიტეტის მეცნიერთა უახლესი მონაცემებით, ის ზომით კაბადოკიის ყველაზე დიდ მიწისქვეშა კომპლექსს ერთი მესამედით აღემატება. გეორადიაციული სკანირების შედეგად გამოვლინდა, რომ გვირაბებით დაკავშირებული მრავალსართულიანი ნაგებობების რადიუსი 460 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. დერეფნების ლაბირინთები მიწაში 113 მეტრის სიღრმეზე ჩადის. არქეოლოგებმა და გეოფიზიკოსებმა სეისმური ტომოგრაფიის მეთოდით ნევსეჰირში დაახლოებით 4-კილომეტრის რადიუსის მქონე ტერიტორია შეისწავლეს.

როგორც ირკვევა, ქალაქი კაბადოკიაშივე ნაპოვნი ანალოგების მსგავსად, ავტონომიური რესურსებით ფუნქციონირებდა და სავენტილაციო, საკანალიზაციო სისტემებით, თუ წყლის არხებით საკმაოდ კარგად იყო უზრუნველყოფილი. შენობებში საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულოები, კიბეები და მარნებია განლაგებული. ცალკეა გამოყოფილი ადგილი მაღაზიების, აფთიაქების, სასწავლებლების და სამლოცველოებისთვის. კომპლექსი სავარაუდოდ დამყრობლებისგან თავის დასაცავად აშენდა და ათეულ ათასობით ადამიანისთვის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა.

ამ ეტაპზე მეცნიერთა გუნდი ჯერ კიდევ გვირაბებიდან ნარჩენების გატანითაა დაკავებული და მიწის სიღრმეში საკმაოდ რისკიან სამუშაოებს ეწევა. ნიადაგი ზოგან ფხვიერია და ჩამოშლა გამორიცხული არ არის. თურქი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ კომპლექსის სრული გასუფთავების შემდეგ ქალაქი მთელი კაბადოკიის სახეს დრამატულად შეცვლის.

XS
SM
MD
LG