Accessibility links

logo-print

ვინ უჭერს მხარს ერდოანს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი უცხოეთში რამდენიმედღიანი ვიზიტების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, სადაც საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დემონსტრანტების მოთხოვნებს შორის ერდოანის გადადგომაც ისმის. როგორ გაუმკლავდება კრიზისს პრემიერ-მინისტრი? ვისი მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს? ამის გასარკვევად რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გლენ კეიტსი ეწვია სტამბოლის უბანს, რომელშიც რეჯეპ ტაიპ ერდოანი გაიზარდა.

სტამბოლის ცენტრალური ტაქსიმის მოედნიდან ორიოდე კილომეტრში სიჩუმეს საუბრის, ტრანსპორტისა და კამათლის ხმაური არღვევს. კასიმფაშა ეწოდება უბანს, რომელშიც რეჯეპ ტაიპ ერდოანი გაიზარდა და რომელშიც ამბობენ, რომ, რამდენიმე ქუჩის იქით მასშტაბური დემონსტრაციების მიუხედავად, ბოლო დღეებში არაფერი შეცვლილა.

სტამბოლელები, რომლებსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გამოელაპარაკა, გარეთ ისხდნენ, ჩაის შეექცეოდნენ და კამათელს აგორებდნენ. მათი თქმით, რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრემიერ-მინისტრობის ათწლიან პერიოდში ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

სწორედ ამის გამოა ერდოანი ასეთი ქედმაღალი. არ ვიცი, მოახდენს თუ არა ეს დემონსტრაციები გავლენას მომდევნო არჩევნებზე, რადგან ცხადია, პირადად ჩემთვის ნათელია, რომ მას ელექტორატის დიდი ნაწილი ემხრობა...
კასიმფაშასავით პროლეტარულ უბნებში ცხოვრობს ხალხი, რომლის მხარდაჭერასაც ეფუძნება ერდოანის პოლიტიკური წარმატებები. და ახლაც პრემიერ-მინისტრი ამ ხალხის მხარდაჭერას ეყრდნობა მისი მმართველობით უკმაყოფილო თანამემამულეებთან დაპირისპირებაში.

„სწორედ ამის გამოა ერდოანი ასეთი ქედმაღალი. არ ვიცი, მოახდენს თუ არა ეს დემონსტრაციები გავლენას მომდევნო არჩევნებზე, რადგან ცხადია, პირადად ჩემთვის ნათელია, რომ მას ელექტორატის დიდი ნაწილი ემხრობა, მაშინ როცა იმ 50 პროცენტში, რომელმაც ხმა არ მისცა ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“, ამომრჩევლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული პოზიციები აქვთ“, - ამბობს გაზეთ „ჰურიეთ დეილი ნიუსის“ რედაქტორი, ბარჩინ ინანჩი.

კასიმფაშაში ჩვენი კორესპონდენტიც დარწმუნდა, რომ დიდია ერდოანის მიმართ მხარდაჭერა. თუმცა სტამბოლის ამ უბანშიც აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრს, უწუნებენ ზოგ ბოლოდროინდელ ნაბიჯს. მაგალითად, ბილო ფიქრობს, რომ ნაჩქარევად გადაიდგა ნაბიჯები თურქეთის სეკულარული პოლიტიკური ტრადიციის შესაცვლელად.

„როცა რელიგიებზე ლაპარაკობ - კი, სწორია, ჩვენ მუსლიმები ვართ. მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს“, ამბობს ბილო. ხოლო მისი მეგობარი ბადამი, რომელიც ერდოანის პარტიის ერთგული ამომრჩეველია, ფიქრობს, რომ მთავრობა მეტი გაგებით უნდა მოეკიდოს „ახალგაზრდა თაობას“.

კასიმფაშაში სხვებიც იმედოვნებენ, რომ ერდოანი რიტორიკას შეარბილებს... ჩრდილოეთ აფრიკაში ოთხდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე, მან დემონსტრანტები „მძარცველებად“ და „უსაქმურებად“ მოიხსენია. ხუთშაბათს მან ტუნისში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ძალადობაში გადაზრდილი დემონსტრაციების ზოგი მონაწილე „ტერორისტია“.

პრემიერ-მინისტრისაგან უფრო ზომიერ შეფასებებს მოელის 60 წლის იბრაჰიმ ბოდური, მღებავი: „არ ვემხრობი, რომ ვინმეს „ხულიგანი“ უწოდო - ეს გამართლებული არ არის“.

თუმცა კასიმფაშაში გაცილებით უფრო მკაცრი კრიტიკა ისმის დემონსტრანტების მისამართით. რემზი ქიბარმა, ხუთი შვილის დედამ, ჩვენს კორესპონდენტს გაუზიარა უკმაყოფილება არეულობით, რომელიც ბოლო დღეებში მოედო თურქეთის ქალაქებს: „გაჯავრებული ვართ დემონსტრანტებზე - ფანჯრებს ამსხვრევენ, ყველაფერს აფუჭებენ და, უბრალოდ, გაჯავრებული ვარ. თუ რამის თქმა გინდა, ხომ შეიძლება, დაჯდე და შენი აზრი გამოთქვა!“

აქციები თურქეთში, უმეტესწილად, მშვიდობიანია, მაგრამ მართლაც იყო შენობების დაზიანების შემთხვევები, ხოლო ტაქსიმის მოედანი, მიმდებარე ქუჩებთან ერთად, ანტისამთავრობო ლოზუნგებით აჭრელდა.

ასეთ ფონზე ბრუნდება თურქეთში პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ინტერესი დიდია - რა ნაბიჯებს გადადგამს და შეარბილებს თუ არა რიტორიკას, რომელიც კონტრასტს ქმნის პრეზიდენტ აბდულა გიულისა და ვიცე-პრემიერ ბულენტ არინჩის შემრიგებლურ განცხადებებთან. ვიცე-პრემიერმა ბოდიში მოიხადა დემონტსრანტების მიმართ პოლიციის ძალადობისათვის.
XS
SM
MD
LG